გუშინ, 2 ოქტომბერს, „საფარის“ წარმოებაში არსებული კიდევ ერთი გახმაურებული საქმე დასრულდა.
შეგახსენებთ, რომ ორგანიზაციის ბენეფიციარს, დაზარალებულ მარიამ ჯუღელს, 2019 წლის 19 ივნისს, სრულიად შემთხვევით გარემოებაში (შესვენებაზე სამსახურიდან გამოსული ოჯახში ძალადობის სცენას შეესწრო და მსხვერპლს გამოექომაგა), მოძალადე თავს დაესხა და სახის არეში ფიზიკური დაზიანებები მიაყენა.
მოძალადემ, რომელმაც უმოწყალოდ სცემა მარიამს მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ ძალადობის მსხვერპლს გამოესარჩლა, გამოძიების პირველივე დღიდან აღიარა დანაშაული. აღსანიშნავია, რომ 2 ოქტომბრის სასამართლო პროცესზე, იგი ემოციებს ვერ მალავდა და ხშირად აღნიშნავდა, რომ ჩადენილს ძალიან ნანობს.
ელისო რუხაძე, საფარის ადვოკატი: „გუშინდელი პროცესი იმით იყო გამორჩეული, რომ ძალიან ემოციურ ფონზე მიმდინარეობდა და ბევრი რამ გვაჩვენა… ეს იყო სანიმუშო პროცესი, სადაც მოძალადემ გულწრფელად მოიხადა ბოდიში როგორც მარიამის, ასევე საზოგადოების წინაშე… თუმცა, აღსანიშნავია ისიც, რომ ძირითადი ძალადობის (ცოლზე განხორციელებული ძალადობის) ნაწილში, ბრალდებულმა განაცხადა, რომ მას არასოდეს ჩაუდენია ძალადობა და ეს „მისი ძალადობრივი ქმედების პირველი შემთხვევა იყო“. ესაა ამ საქმის ყველაზე ბნელი მხარე, ვინაიდან ცოლი, ვისზე ფიზიკურ ძალადობასაც მარიამი უშუალოდ შეესწრო, დუმილს ამჯობინებს, რაც რეალურად ძალადობის გაგრძელებაა“.
დამნაშავეს 6 თვით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა, რაც საბოლოოდ მოსამართლემ ერთი წლით გამოსაცდელი ვადით პირობითი მსჯავრით შეუცვალა. ბრალდებული და მისი ადვოკატი აპელირებდნენ ბრალდებულის მცირეწლოვან ბავშვებზე და ოჯახზე, რაც სასამართლომ შემამსუბუქებელ გარემოებად მიიჩნია.