ადრეული ქორწინება

ადრეული ქორწინება აშშ-ში: კანონმდებლობა, რომელიც ცვლილებებს საჭიროებს

აშშ-ის ფედერალურ კანონმდებლობებში არსებული საგამონაკლისო ჩანაწერებით, გარკვეული პირობების დაცვის შემთხვევაში, 18 წლამდე ადამიანებს დაქორწინების უფლება ენიჭებათ.

ტრევისია უილიამსი (Trevicia Williams) ამბობს, რომ 14 წლის ასაკში, დედამ 26 წლის კაცზე გათხოვება აიძულა. საკუთარი გამოცდილების შესახებ მან ტეხასის შტატის სენატს მისწერა, ადრეული ქორწინების საფრთხეების შესახებ ინფორმაციის გავრცელების მიზნით. ეს 1983 წელს მოხდა, როდესაც ტეხასში ქორწინების შესახებ კანონი 14 წელს მიღწეულ არასრულწლოვანს მშობლების თანხმობით დაქორწინების საშუალებას აძლევდა. ტრევისიას დედამ მისი მომავალი ქმარი ორმოცდაათიანელთა ეკლესიაში გაიცნო. მოგვიანებით, აღმოჩნდა, რომ ამ უკანასკნელის ბიოგრაფია სექსუალურ ნიადაგზე ჩადენილი არაერთი დანაშაულით იყო დამძიმებული.

ერთ დღესაც, სკოლაში ჩინებული აკადემიური მოსწრებების მქონე ტრევისია დედამ სკოლიდან გამოიყვანა და იმის ნაცვლად, რომ შინ წაეყვანა, საკუთარ ჯვრისწერაში ამოაყოფინა თავი. „ცოცხლად მახსოვს, როგორ გამოვედი სკოლის შენობიდან, ხელში სახელმძღვანელოები მეჭირა. იმის ნაცვლად, რომ ავტობუსით შინ წავსულიყავი, დედამ ეკლესიაში წამიყვანა, სადაც ეკლესიის მეთაური გველოდა. ასე დამაქორწინეს“.

დღეს, აშშ-ში ადრეული ქორწინება ყველა შტატში ფორმდება, და ეს სრულებით კანონიერია. ქორწინების შესახებ კანონში საგამონაკლისო ჩანაწერები არასრულწლოვან ადამიანებს გარკვეული პირობების დაცვით დაქორწინების უფლებას აძლევს, მაგალითად, მშობლის თანხმობით. ადრეული ქორწინება შეიძლება ნაძალადევადაც გაფორმდეს, თუ მშობლები რელიგიურები არიან და ქორწინებას მორალურ ვალდებულებად მიიჩნევენ. ზოგიერთი გოგონას მშობელი, შვილის არასასურველი ორსულობისას ქორწინებას გამოსავლად აღიქვამს. არის შემთხვევები, როდესაც ქორწინება გაუპატიურების შესანიღბად ფორმდება.

თუმცა, ადრეული ქორწინების ყველა შემთხვევა არ არის იძულებითი, და არც ყველა მათგანი უკავშირდება მშობლებს. ზოგიერთი არასრულწლოვანი დაქორწინებას მშობლებისგან თავის დასაღწევად, მართლა სიყვარულის გამო ან სხვადასხვა მიზეზით მიმართავს. ადრეული ქორწინების თითოეული შემთხვევა უნიკალურია. 2000-დან 2015 წლის ჩათვლით, აშშ-ში ადრეული ქორწინების 207 468 შემთხვევა დაფიქსირდა. მიზეზის მიუხედავად, ამ ქორწინებების დიდი პროცენტი მოზარდ გოგონებზე მოდის.

ტეხასის შტატში, სადაც ტრევისია ძალით დააქორწინეს, ადრეული ქორწინების შესახებ არსებული კანონი ათწლეულების მანძილზე არ შეცვლილა. იგი მხოლოდ ახლახან განახლდა, არასრულწლოვანთა ქორწინებების რიცხვის შეზღუდვის მიზნით.

ამა წლის 15 ივნისს, ტეხასის შტატის გუბერნატორმა გრეგ ებოტმა (Greg Abbott) ახალ კანონს მოაწერა ხელი, რომელიც 16 წლამდე ასაკის ადამიანების ქორწინებას ნებისმიერი სახით კრძალავს. ტეხასისთვის, ეს უზარმაზარი მიღწევაა, რადგან აქ, 2000-2010 წლებს შორის შუალედში, 34 793 ქორწინება აქ არასრულწლოვანის მონაწილეობით გაფორმდა. ეს კანონი ტრევისიას დროს რომ ყოფილიყო, მისი ცხოვრება სხვაგვარი იქნებოდა.

47 წლის ტრევისია იხსენებს, რომ ოფიციალური ქორწინების პირველსავე თვეს, ქმარი მასზე ძალადობდა. მან დედას მიმართა და ჰკითხა, შეეძლო თუ არა შინ დაბრუნება, რაზეც უარყოფითი პასუხი მიიღო. „ქმრისგან გაქცევა ვერ გავბედე და იძულებული გავხდი, გაყრის კანონიერ გზას დავლოდებოდი, ამას კი 3 წელი დასჭირდა“, – ამბობს ქალი.

ამ ქორწინებაში ტრევისიას გოგონა გაუჩნდა. განქორწინების პროცესში დასახმარებლად, მან ტეხასის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების კომისიას მიმართა, სადაც იმ ორგანიზაციების სია მიაწოდეს, რომელსაც მისი დახმარება შეეძლო. ტრევისისთვის გაცილებით ადვილი იყო განქორწინების მოგვარება, ვიდრე სხვა მისი მსგავსი პრობლემების მქონე ქალებისთვის: იგი 17 წლისა იყო, ქმარი ციხეში ჰყავდა – ამჯერად სხვა ქალზე სექსუალური თავდასხმის გამო. მცირეწლოვანი ბავშვით დარჩენილმა მარტოხელა დედამ გადაწყვიტა, ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში ემუშავა.

ტრევისიამ ინტერდისციპლინურ კვლევებში დაიწყო მუშაობა, ფსიქოლოგიისა და ბიჰევიორისტული მეცნიერებების სფეროში მაგისტრის ხარისხიც მიიღო. დღეს იგი გოგონებსა და დედებს ტრეინინგებს უტარებს და იმედოვნებს, რომ ამ გოგონებს მაინც არ გასწირავენ დედები ისე, როგორც ეს თავად დაემართა. ტრევისიამ ახლახან გამოაქვეყნა წიგნი „მე შენ მიყვარხარ, მაგრამ ახლა ვერ გაგიგებ“ (I Love You, BUT, I Can’t UnderSTAND You Right Now), რომელიც მშობლებს დაძაბული ურთიერთობების პრობლემის იძულებითი ქორწინების გზით მოგვარების მთელ სიმძიმეს უჩვენებს.

ტრევისია ახლა აქტივიზმშია ჩაბმული. მას დიდი წვლილი მიუძღვის ადგილობრივი კანონმდებლებს იმაში დარწმუნებაში, რომ მშობლებს კანონმდებლობა არასრულწლოვანთა დაქორწინების უფლებას მაქსიმალურად უნდა უზღუდავდეს. როგორც კი ტეხასში დასახელებული კანონპროექტი მიიღეს, მან გუბერნატორ ებოტს წერილი გაუგზავნა, მისი ხელმოწერის თხოვნით. მართალია, მას მიაჩნია, რომ ადამიანის დაქორწინების მინიმალური ასაკი 18 წელი უნდა იყოს, მაგრამ, ამ კანონში მიღწეულ ნებისმიერ პროგრესს მაინც გამარჯვებად აღიქვამს. მან შესანიშნავად იცის, რომ ადრეული ქორწინების დამღუპველი ზემოქმედების თვალსაზრისით, მარტო სულაც არაა.

ამჟამად, ტრევისია ორგანიზაცია Tahirih Justice Center-ში მუშაობს, რომელიც  სხვადასხვა შტატებში ახალი საკანონმდებლო ინიციატივების შეტანის საშუალებით, ადრეული ქორწინების წინააღმდეგ იბრძვის. 2016 წლიდან, სულ ცოტა 10-მა შტატმა შემოიღო 18 წლამდე ასაკის ადამიანების ქორწინების გამაუქმებელი ან შემზღუდავი კანონმდებლობა. სამმა მათგანმა: კონეკტიკუტმა, ტეხასმა და ნიუ-იორკმა, საბოლოოდ მიიღო შესაბამისი კანონმდებლობა. სავარაუდოდ, დანარჩენი შტატებიც შეიტანს ცვლილებებს შესაბამის კანონში. ეს ყველაფერი კი ვირჯინიის შტატის მიერ შექმნილი პრეცედენტის შედეგად გახდა შესაძლებელი, სადაც 2016 წლამდე გოგონას 13 წლის ან უფრო დაბალ ასაკში შეეძლო გათხოვება, თუ ორსულად იყო და მშობლებიც თანახმანი იყვნენ. ეს კანონიც Tahirih Justice Center-ის ინიციატივით შეიცვალა.

ადრეულ ქორწინებაში მყოფი მოზარდის ჯანმრთელობისა და სოციალური რისკები ძალზე მაღალია. 2011 წელს ჟურნალი Pediatrics-ის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, დაქორწინებულ არასრულწლოვნებში გაცილებით მაღალია ფსიქიკური აშლილობების რისკი, ვიდრე დაქორწინებულ ზრდასრულებში. ასევე, ახალგაზრდა გოგონები ქმრების მხრიდან ძალადობის მსხვერპლნი ხშირად ხდებიან. 19 წლამდე ქალების 50% სკოლაზე უარს ამბობს, ხოლო, 2010 წლის კვლევის თანახმად, სიღარიბეში მათი ცხოვრების შანსი 31%-ით მეტია.

„ეს დამანგრეველია, ისინი თითქოს ხაფანგში არიან გაბმულნი. დაბეჯითებით ვიტყვი, რომ როგორც ჩანს, კანონმდებლებს ეს სრულიად არ ესმით“, – ამბობს ფრეიდი რეისი (Fraidy Reiss), ორგანიზაცია Unchained at Last-ის აღმასრულებელი დირექტორი.

არასრულწლოვან ასაკში დაქორწინებული რეიჩელ ჰოლბრუკი (Rachel Holbrook) ამბობს, რომ ადრე დაქორწინებას ძალიან ნანობს: „17 წლისა დავქორწინდი. ვფიქრობ, რომ ეს თითქმის ყველა შემთხვევაში ძალიან ცუდი გადაწყვეტილებაა“.

ამა წლის 20 ივნისს, ნიუ-იორკის შტატის გუბერნატორმა ენდრიუ კუომომ (Andrew Cuomo) ხელი მოაწერა კანონს, რომლის თანახმადაც, მშობლის თანხმობით დაქორწინების მინიმალური ასაკი, 14-ის ნაცვლად, 17 წლით განისაზღვრა. 1929 წლის შემდეგ, დასახელებულ კანონში ეს პირველი ცვლილება იყო. უფლებადამცველები მიიჩნევენ, რომ არასრულწლოვანებს ეს კანონიც საფრთხის ქვეშ აყენებს.

ტრევისია ამბობს, რომ მის მიერ მიღწეულ წარმატებამ ტეხასის შტატში არსებული კანონის ცვლილებაში ცვლილებებისკენ მისი სწრაფვა კიდევ უფრო გააძლიერა. მისი პოზიცია მყარი და მკაფიოა: „ადრეული ქორწინებისთვის, არანაირი სერიოზული საფუძველი არ არსებობს!“, – ამბობს ის.

წყარო: teenvogue.com