შაბათს, სტამბოლში, საპროტესტო აქცია გაიმართა იმ კანონპროექტის წინააღმდეგ, რომლის თანახმადაც, არასრულწლოვან გოგონებთან სექსის გამო კაცებს სასჯელი აღარ დაემუქრებათ იმ შემთხვევაში, თუ მათზე დაქორწინდებიან.
ფრანს პრესის თანახმად, საპროტესტო აქციაში მონაწილეობის მისაღებად სულ ცოტა 3 ათასი ადამიანი გავიდა.
აქციის მონაწილეები ერთ ლოზუნგს სკანდირებდნენ: „ჩვენ არ დავდუმდებით, ჩვენ არ დავმორჩილდებით!“. ისინი ამ კანონის მიღებისგან თავის შეკავებას ითხოვენ. კანონპროექტის მოწინააღმდეგეები ვარაუდობენ, რომ იგი ფაქტიურად არასრულწლოვანთა გაუპატიურების ლეგალიზაციას გაუხსნის გზას. ამიტომ, კანონის მიღებას წინ აღუდგნენ ოპოზიციონერი პოლიტიკოსები და თურქეთის ცნობილი ადამიანები. „სექსუალური ძალადობა დანაშაულია, და ეს ხელისუფლებას არ ესმის, – ამბობს ოზგურ ოზელი (Ozgur Ozel) ოპოზიციური რესპუბლიკური სახალხო პარტიის დეპუტატი.
აქციები თურქეთის სხვა ქალაქებშიც გაიმართა.
მიტინგზე მთავრობის საწინააღმდეგო ლოზუნგებმაც გაიჟღერა. მაგალითად, აქ აღმართეს ბანერები, სადაც მმართველი სამართლიანობის პარტიის მიმართ „გოგონების სხეულისგან ხელის აღების“ მოწოდებამ გაიჟღერა.
კანონის ინიციატივა ქვეყნის პრეზიდენტის რეჯებ ტაიპ ერდოღანისგან მოდის. მთავრობის ღრმა რწმენით, ეს კანონი იმ პრობლემების გადაწყვეტის გასაღებია, რომლებიც თურქეთში აგრერიგად გავრცელებულ არასრულწლოვან გოგონებთან ქორწინების ტრადიციას უკავშირდება. როგორც კანონპროექტის ავტორები ამბობენ, მიღებული კანონი საზოგადოებაში იმ კაცების რეაბილიტაციას შეუწყობს ხელს, რომლებმაც შესაძლოა არც იცოდნენ, რომ არასრულწლოვანთან სექსუალური ურთიერთობა აკრძალულია. ასევე, მათი აზრით, კანონი საზოგადოების გარიყვისგან „გადაარჩენს“ იმ არასრულწლოვან გოგონებს, რომლებსაც სექსუალური კავშირი 18 წლამდე ასაკში ჰქონიათ.
პარასკევს, კანონი პარლამენტმა პირველივე მოსმენით მოიწონა. სამშაბათს მისი მეორე მოსმენა შედგება. თუ მას მიიღებენ, ციხიდან ყველა ის კაცი გამოვა, რომელიც სასჯელს არასრულწლოვნებთან სექსუალური კავშირის გამო იხდის.
უკანასკნელი ათწლეულის მანძილზე, თურქეთში ქალთა მიმართ სექსუალური ან ფიზიკური ძალადობის მაჩვენებელი 40%-ითაა გაზრდილი. სტატისტიკური მონაცემები აგრეთვე გვიჩვენებს, რომ 2003-2010 წლებს შორის შუალედში, ქალთა მკვლელობების რიცხვმა 1,400%-ით მოიმატა.
ხელისუფლებას იმედი აქვს, რომ ამ წამოწყებაში მას პროვინციებში ხელმოკლედ მცხოვრები მოსახლეობა აუბამს მხარს, სადაც გოგონებს ადრეულ ასაკში ათხოვებენ და სადაც სექსუალური ძალადობის მაჩვენებელი მაღალია.
ქორწინების თანხმობის ასაკი თურქეთში 18 წელია, თუმცა ქვეყანაში, განსაკუთრებით მის პროვინციებში, ადრეული ქორწინება ძალზე გავრცელებულია.