ასოციაცია „ღირსეული სიბერე“ 2009 წელს დაარსდა. ორგანიზაცია ქობულეთში ფუნქციონირებს და ხანდაზმულთა ინტერესების ხელშეწყობას, მათი ფსიქოსოციალურ მხარდაჭერას, ეკონომიკურ გაძლიერებას, საზოგადოებრივ საქმიანობაში აქტიურ ჩართულობას ემსახურება. ახლახან, სოციალურ ქსელში პეტიცია გამოჩნდა, რომელიც ორგანიზაციის ბენეფიციარებისთვის მუნიციპალური ტრანსპორტით უფასოდ მგზავრობის მხარდამჭერებს აერთიანებს. ასოციაციის ბენეფიციართა პრობლემების შესახებ მისი ერთ-ერთი დამფუძნებელი ნანა კალანდაძე გვესაუბრება.
ნანა კალანდაძე: 2010 წლიდან, ასოციაცია „ღირსეული სიბერე“ პროექტებს მუდმივად ახორციელებს ღია საზოგადოება საქართველოს, ქალთა ფონდის მხარდაჭერით. ამჟამად, უკვე მესამედ, ევროკავშირთან თანამშრომლობით, მიმდინარეობს პროექტი „ხანდაზმულთა უფლებების დაცვის, ხელშეწყობისა და სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერების კამპანია აჭარის რეგიონში“. ჩვენ ხანდაზმულ ადამიანებზე ძალადობის საკითხებზეც ვმუშაობთ: შექმნილი გვაქვს მობილური ჯგუფები, მუშაობს ცხელი ხაზი, ძალადობის შემთხვევების გამოსავლენად მონიტორინგს ვახორციელებთ. ქობულეთში არის ადგილები, სადაც სოციალურად დაუცველი ადამიანები კომპაქტურად ცხოვრობენ. აქაც მუდმივად ვმუშაობთ. ასევე, ბენეფიციარებს უფასო ადვოკატირებას, იურიდიულ მომსახურებას ვუწევთ. სხვათა შორის, ჩვენს კამპანიას შესამჩნევი შედეგები აქვს, ადამიანები ხშირად მოგვმართავენ.
– ვინ არიან თქვენი ბენეფიციარები და რა მომსახურებას უწევთ მათ კონკრეტულად?
– საკმაოდ ბევრი ბენეფიციარი გვყავს, დაახლოებით 500-მდე. ჩვენი ორგანიზაციისგან ისინი სხვადასხვა სერვისებს იღებენ: ზოგი იურიდიულ დახმარებას, ზოგი ქველმოქმედების პროცესშია ჩართული, ზოგს სხვა ადამიანებთან კომუნიკაცია აინტერესებს. ჩვეთან ბენეფიციარებს თავიანთი საჭიროებებისა და პრობლემების ერთმანეთში გაზიარების საშუალება აქვთ.
ჩვენი ორგანიზაცია ბენეფიციართა ეკონომიკური გაძლიერების კუთხითაც მუშაობს. ქვეგრანტების კონკურსის მეშვეობით, ასე 30-მდე ბენეფიციარი მცირე გრანტებით, სხვადასხვა საქმიანობაზე დავაფინანსეთ. ძალიან სასიამოვნოა, როდესაც ხანდაზმულ ადამიანებს ბიზნესის წამოწყებაში ვეხმარებით.
ეს პროექტი, რომელსაც ახლა ვახორციელებთ, კოალიციურია. ჩვენ პარტნიორები გვყავს ბათუმში, ქედასა და ოზურგეთში. ოზურგეთში ხანდაზმულთა თავშესაფარიც ფუნქციონირებს, ძალადობის მსხვერპლთათვის. დიდი დაფინანსება არ გვაქვს, შესაძლებლობების ფარგლებში ვმუშაობთ. ერთი წლის განმავლობაში, თავშესაფარმა 11-მდე ბენეფიციარი მიიღო.
– თქვენი ბენეფიციარები ძირითადად ქალები არიან?
– დიახ, ასეა. რატომღაც, ყველას ჰგონია, რომ ქალზე ძალადობა რეპროდუქციულ ასაკამდე ხდება. მაგრამ, როდესაც ქალი მთელი ცხოვრების მანძილზე გენდერული ძალადობის მსხვერპლია, ასაკში შესვლისას მას მდგომარეობა უფრო უმძიმდება და ხანდაზმულობის გამო ჩაგვრა ემატება. ამ საკითხზე ჩვენთან ცოტა ვინმე თუ მუშაობს. ჩვენი ბენეფიციარები ძალზე აქტიური, საინტერესო ხალხია. ჩემი აზრით, ხანდაზმულ ქალთა კლუბები ძალიან საჭიროა; ამით, ადამიანებს ერთმანეთთან ინტერაქციის საშუალება აქვთ. ვფიქრობ, რომ ამგვარი კლუბების არსებობა ქვეყნის ყველა რეგიონშია საჭირო.
– რა ფაქტორებმა განაპირობა პეტიციის გავრცელება?
– მოგეხსენებათ, ქობულეთი საკმაოდ დიდ ფართობზეა გაშლილი. გზის სიდიდის გამო, ბენეფიციარებს გადაადგილება უჭირთ. ხშირად, მათ ტრანსპორტის ფულიც არ გააჩნიათ. ამიტომ, ჩვენმა ორგანიზაციამ იდეა გააჟღერა, რომ სოციალურად დაუცველი ადამიანებისთვის მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობა უფასო ყოფილიყო. მუნიციპალიტეტს მივწერეთ, მაგრამ მათგან პასუხი არ მიგვიღია. ავტობუსი საათში ერთხელ დადის და ადამიანებს მისით სარგებლობის საფასურის გადახდის საშუალებაც არ აქვთ. ჩვენი ბენეფიციარების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გასაჭირი ესაა. ჩვენი რეგიონული ორგანიზაციისთვის მხარდაჭერას ძალზე დიდი მნიშვნელობა აქვს. დიდი მადლობა ყველას, ვინც პეტიციის მეშვეობით ჩვენი მხარდაჭერის სურვილი გამოთქვა.
ასოციაცია „ღირსეული სიბერის“ უმწეო ბენეფიციარებისთვის მუნიციპალური ტრანსპორტით უფასოდ მგზავრობის მხარდამჭერი პეტიციის ბმული შეგიძლიათ იხილოთ აქ.