ქალზე ძალადობა

ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი – შსს-ში დეპარტამენტი იქმნება, რომელიც ქალთა მიმართ ძალადობაზე იმუშავებს

საქართველოში გენდერულ ძალადობასთან დაკავშირებული ერთ-ერთი ყველაზე მწვავე პრობლემა ძალადობის შემთხვევებზე სამართალდამცავთა მხრიდან არასწორი რეაგირებაა, რაც, ხშირად, მსხვერპლისთვის საბედისწერო შედეგით სრულდება. რამდენიმე ასეთი ტრაგიკული შემთხვევის საქმე უკვე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოშია გადაგზავნილი, იმის გამო, რომ სახელმწიფომ ვერ შეძლო მსხვერპლის სიცოცხლის უფლების დაცვა.

პოლიციის ყველაზე გავრცელებული რეაქცია გენდერულ ძალადობაზე მოძალადის ზეპირი გაფრთხილებაა, რასაც არანაირი სამართლებრივი ძალა არ გააჩნია. ამ შემთხვევაში, ძალა აქვს მხოლოდ შემაკავებელ ორდერს.

განსაკუთრებით მძიმე ვითარებაა მაშინ, როდესაც მოძალადეები ძალოვანი უწყებების წარმომადგენლები არიან. მათი მსხვერპლები განსაკუთრებით დაუცველნი არიან, რადგან ისინი თავიანთ სამსახურეობრივ უპირატესობას მსხვერპლზე ძალადობაში დაუსჯელობის მიზნით იყენებენ. მსგავსი მიმდინარე საქმეები „საფარს“ მრავლად აქვს (სუს-ის, შსს-ს თანამშრომლების საქმეები), ასევე, ამის დადასტურებაა მოკლული სალომე ჯორბენაძის გახმაურებული საქმე.

გენდერულ ძალადობასთან დაკავშირებით მსხვერპლის პოლიციაში მიმართვიანობის პრობლემური მხარეა პოლიციის მხრიდან დანაშაულის ნიშნების იგნორირების საკითხი. ხშირად, პოლიცია მტკიცებულების ოქმებს ისე ადგენს, რომ სპეციალურად არის ამოღებული დანაშაულის მაკვალიფიცირებელი გარემოებები. ამ დროს, ოქმში ფაქტები ისეა შეცვლილი, რომ დანაშაულის ნიშნები არ იკვეთება, ეს კი დამატებითი სტიმულია მოძალადისთვის. დაუსჯელად დატოვებული მოძალადე მზადაა, განაგრძოს მსხვერპლზე ძალადობა, რასაც ხშირად ასევე გამოუსწორებელ შედეგებამდე მივყავართ.

გარდა ამისა, ქალის მიმართ ძალადობის, როგორც დისკრიმინაციის ერთ-ერთი სახის, დადგენა და დისკრიმინაციული მოტივის დანახვა ოჯახში ძალადობის შემთხვევებში, საკმაოდ უჭირს სპეციალური ცოდნის არმქონე პოლიციელს. ფემიციდის შემთხვევებში, ამ დისკრიმინაციულ მოტივს პოლიციელები საერთოდ არ იძიებენ. შსს-ს ბევრი თანამშრომელი ჰყავს და ამ საკითხებში უკეთ გაცნობიერების მიზნით, ყველას დატრეინინგება შეუძლებელია.

შარშან, 25 ნოემბერს,  ქალთა მიმართ ძალადობის აღკვეთის საერთაშორისო დღეს, “ქალთა მოძრაობის” ინიციატივით, თბილისში, გაიმართა მსვლელობა, დევიზით “ქალზე ძალადობა დანაშაულია, შეაჩერე!”. აქციის მონაწილეებმა მსვლელობის სიმბოლოდ დროშად აღმართული კაბა აირჩიეს, რომელიც ფემიციდის მსხვერპლი ქალების ტრაგიკულ ხვედრს ასახავდა. აქციის მთავარი მოთხოვნაც შსს-ში სპეციალური დანაყოფის შექმნა იყო, რომელიც ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ეფექტურ ბრძოლას უზრუნველყოფდა. მას შემდეგ, შსს-ში საგანგებო ქვედანაყოფის შექმნის აუცილებლობის საკითხი როგორც ქალთა მოძრაობის, ასევე ქალთა საკითხებზე მომუშავე ბევრი არასამთავრობო ორგანიზაციის, დღის წესრიგში მუდმივად ფიგურირებს.

დღეს, შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ შსს-ში ახალი დეპარტამენტის შექმნაა დაგეგმილი, რომელიც საგანგებოდ იზრუნებს ქალთა მიმართ ძალადობის, არასრულწლოვნების დანაშაულისა და სხვა სპეციფიკური საკითხების მოსაგვარებლად.

საქართველოს კანონში „ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ ვკითხულობთ:

მუხლი 16. პოლიციის მოვალეობანი 

  1. პოლიცია ვალდებულია ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ფაქტის შესახებ ინფორმაციის მიღების შემთხვევაში დაუყოვნებლივ მოახდინოს რეაგირება და განახორციელოს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები.
  2. ძალადობის ფაქტის შესახებ შეტყობინების მიღების შემთხვევაში პოლიცია ვალდებულია დაუყოვნებლივ გამოცხადდეს შემთხვევის ადგილზე, მიუხედავად იმისა, პოლიციის ორგანოებს მიმართა დაზარალებულმა, ძალადობის მოწმემ თუ ამ კანონის მე-11 მუხლით გათვალისწინებულმა პირმა.
  3. ძალადობის ფაქტის არსებობის შემთხვევაში პოლიცია ვალდებულია:

ა) ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ფაქტის აღსაკვეთად მიიღოს კანონით გათვალისწინებული ზომები;

ბ) განცალკევებულად გამოკითხოს სავარაუდო მსხვერპლი, მოწმე, მოძალადე, მათ შორის, არასრულწლოვანი, რაც წერილობით უნდა დაფიქსირდეს;

გ) მსხვერპლს მიაწოდოს ინფორმაცია მისი უფლებების შესახებ;

დ) მსხვერპლის მოთხოვნით ან გადაუდებელ შემთხვევაში უზრუნველყოს მისი გადაყვანა სამედიცინო დაწესებულებაში;

ე) მსხვერპლის მოთხოვნით ან გადაუდებელ შემთხვევაში უზრუნველყოს მისი ან/და არასრულწლოვნის გადაყვანა თავშესაფარში;

ვ) მსხვერპლის სხვა ადგილზე გადაყვანის შემთხვევაში უზრუნველყოს მისი საცხოვრებელი ადგილიდან პირველადი საჭიროების ნივთებისა და საიდენტიფიკაციო დოკუმენტების წამოღება;

ვ ​1) საჭიროების შემთხვევაში, ამ კანონის საფუძველზე მოძალადე გაარიდოს მსხვერპლის საცხოვრებელი ადგილიდან და უზრუნველყოს მსხვერპლის უსაფრთხოება;

ზ) უზრუნველყოს იმ პირის უსაფრთხოება, რომელმაც განაცხადა ძალადობის ფაქტის შესახებ;

თ) ამ კანონით დადგენილი წესითა და პირობებით გასცეს შემაკავებელი ორდერი;

ი) სოციალური მუშაკის მიერ არასრულწლოვნის განცალკევების შესახებ მიღებული გადაწყვეტილებისადმი დაუმორჩილებლობის შემთხვევაში გამოსცეს იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვის ორდერი.

3 ​1. იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვის ორდერით, რომელიც 1 თვის ვადით გამოიცემა, განისაზღვრება „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შეზღუდვები. იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვის ორდერის ფორმას ამტკიცებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი. 

  1. პოლიცია ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ფაქტისა და მიღებული ზომების შესახებ ადგენს ოქმს, რომელსაც წარუდგენს ზედამხედველ პროკურორს.
  2. პოლიცია ვალდებულია თავის ანგარიშში ცალკე გამოყოს მონაცემები ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ფაქტების, მიღებული ზომების, მსხვერპლის რაოდენობის, მოძალადის მიმართ განხორციელებული ქმედებების შესახებ, აგრეთვე მოძალადის თაობაზე სხვა მონაცემების შესახებ.
  3. პოლიცია ზედამხედველობს გამოცემული დამცავი, შემაკავებელი და იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვის ორდერებით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და პირობების შესრულებას.