ოთხი თვის წინ გაეროს ქალთა უფლებების კომიტეტმა ხანუმ ჯეირანოვას საქმეზე გადაწყვეტილება მიიღო. კომიტეტმა დაადგინა, რომ საქართველომ ვერ უზრუნველყო გამოძიება და სამართლებრივი დევნა ქალის მიმართ გენდერული ნიშნით და ღირსების სახელით ჩადენილ ძალადობასთან დაკავშირებით, რომელიც სასტიკად სცემეს ოჯახის წევრებმა მცირეწლოვანი შვილების თვალწინ, რამაც მისი სიკვდილი გამოიწვია.
კომიტეტის გადაწყვეტილება სრულად, ქართულ ენაზე შეგიძლიათ იხილოთ თანდართულ დოკუმენტში.
გაეროს ქალთა უფლებების კომიტეტს “საფარმა” და ადამიანის უფლებათა ცენტრმა, ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ ცენტრთან (EHRAC) თანამშრომლობით 2018 წელს მიმართა.
შეგახსენებთ, რომ ხანუმ ჯეირანოვა არის ქალი, რომელიც 2014 წელს, მას შემდეგ გარდაიცვალა, რაც საგარეჯოს რაიონის სოფელ ლამბალოში, თანასოფლელებმა როგორხც ფიზიკურად, ისე ფსიქოლოგიურად სასტიკად გაუსწორდნენ. ქალი 30 წლის იყო. გამოძიების ვერსიით, ჯეირანოვამ თავი მოიკლა, მაგრამ სამართალდამცველები არ დაინტერესებულან, ადგილი ხომ არ ჰქონია თვითმკვლელობის ინსცენირებას, არ გამოკვეთილა არც გენდერული დისკრიმინაციის მოტივი, რომელიც რეალურად საფუძვლად ედო ქალის მიმართ გამოყენებულ ძალადობას. მიუხედავად მასმედიით გავრცელებული არაერთი ინფორმაციისა, რომელიც ცხადად ადასტურებდა ჯეირანოვას მიმართ ჩადენილ ძალადობრივ ქმედებებს, საქმის სრულყოფილად გამოძიება და დამნაშავეთა დასჯა საქართველოს ხელისუფლებამ არ და ვერ უზრუნველყო.