რა უნდა იცოდე ძალადობაზე / სექსუალური ძალადობა / ქალზე ძალადობა

გაუპატიურების კულტურასთან შეწინააღმდეგების გზები

„კაცია, აბა რა უნდა ექნა“,

„ქალი მთვრალი ყოფილა“,

„ქალი როცა არას ამბობს, კი-ს გულისხმობს“ –

ეს მოარული გამოთქმებიც კი საკმარისია იმის დასასურათებლად, თუ რა ფართოდაა გავრცელებული გაუპატიურების კულტურა. ეს ყველაფერზე აისახება – თუ როგორ ვფიქრობთ, ვსაუბრობთ და ვმოძრაობთ ამ სამყაროში. შესაძლოა, კონტექსტები განსხვავდებოდეს, მაგრამ გაუპატიურების კულტურა ყოველთვის პატრიარქალურ რაკურსზე, ძალაუფლებასა და კონტროლზეა დაფუძნებული.

გაუპატიურების კულტურა არის ის სოციალური გარემო, რომელიც სექსუალური ძალადობის ნორმალიზებისა და გამართლების საშუალებას იძლევა. ამას ხელს უწყობს გენდერული უთანასწორობა და სექსისა და სექსუალობის მიმართ დამოკიდებულებები.

ყოველ ცისმარე დღეს, ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, შევამოწმოთ ჩვენი ქცევა და შეხედულებები იმ წინასწარგანწყობებთან მიმართებაში, რომლებიც გაუპატიურების კულტურაში ირეკლება. ეს ჩანს ყველაფერში – გენდერული იდენტობის მიმართ ჩვენი დამოკიდებულებიდან დაწყებული, დამთავრებული იმ პოლიტიკით, რომელსაც ჩვენს საურთიერთო წრეებში ვიყენებთ. თუმცა, ამ პირობებშიც კი, ჩვენ მაინც შეგვიძლია, შევეწინააღმდეგოთ გაუპატიურების კულტურას.

აი, ამის მისაღწევი ხერხებიც:

  1. თანხმობის კულტურის შექმნა

სექსუალურ აქტზე თანხმობის დაფიქსირება ყოველ ჯერზე საჭიროა. მანამ, სანამ „არას“ მოვისმენთ, უნდა დავრწმუნდეთ, რომ პარტნიორი თანახმაა. თანხმობის პირობა გაითავისე და ცხოვრების ნაწილად აქციე.

2. ძირეული მიზეზების წინააღმდეგ ბრძოლა

გაუპატიურების კულტურა შესაძლოა, გაგრძელდეს, თუ ჩვენ გვჯერა მასკულინობის იდეისა, რომელიც ძალადობასა და დომინაციას განიხილავს, როგორც „სიძლიერეს“, „კაცურობას“, და როცა ამ პრიზმაში, ქალი და გოგო ნაკლებ ფასეულია.

ეს, ასევე, მსხვერპლის დადანაშაულებით მყარდება – თავდასხმაზე პასუხისმგებელი ამ დროს მსხვერპლია, და არა – დამნაშავე.

სექსუალური ძალადობის შემთხვევების განხილვისას, მსხვერპლის სიფხიზლეს, სამოსს და სექსუალობას საერთოდ არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. ამის ნაცვლად, უნდა შევეწინააღმდეგოთ იდეას, რომ კაცებმა და ბიჭებმა თავიანთი ძალაუფლება ძალადობის საშუალებით უნდა მიიღონ, და უარვყოთ იდეა იმის შესახებ, რომ მამრობით სქესს „მეტი“ უფლებები აქვს.

3. მასკულინობის ხელახალი გააზრება

კრიტიკულად შეხედე იმას, თუ რას ნიშნავს შენთვის მასკულინობა და როგორ იაზრებ მას. თვითრეფლექსია, საურთიერთო წრეში საუბრები და მხატვრული თვითგამოხატვა მხოლოდ ნაწილია კაცების და ბიჭებისთვის (ასევე ქალების და გოგონებისთვის) ხელმისაწვდომი ინსტრუმენტებისა, მასკულინობის შესასწავლად და გადასალახად.

4. მსხვერპლის დადანაშაულების შეწყვეტა

რამდენადაც ენა ღრმადაა ფესვგადგმული კულტურაში, ჩვენ შესაძლოა, დავივიწყოთ, რომ ის სიტყვები და ფრაზები, რომლებსაც ყოველდღე ვიყენებთ, ჩვენს რეალობას ქმნიან.

გაუპატიურების წამქეზებელი და გამამართლებელი ფრაზები ჩვენს ენაში მყარადაა დამკვიდრებული: „მას ბოზივით ეცვა და ამას მოითხოვდა ჩემგან“.

აი ფრაზა პოპულარული სიმღერიდან: „მე ვიცი, რომ შენ ეს გინდა“.

ეს ყველაფერი ნორმალიზებულია, ქალები – ობიექტივიზებულნი. შენ შეგიძლია, უკან მოიტოვო ეს ძალადობრივი ენა და სიმღერების ტექსტები, რომლებიც მსხვერპლებს ადანაშაულებენ, ქალების ობიექტივიზაციას ეწევიან და სექსუალურ შევიწროებას ამართლებენ. ის, თუ როგორი ჩაცმულია ქალი, თუ რამდენი უნდა დაელია და სად იმყოფებოდა გარკვეული დროის მონაკვეთში, არ არის გაუპატიურებაზე მიპატიჟება.

5. საერთოდ ნუ მოითმენ ნურაფერს!

იმ ადგილებში, სადაც შენ ცხოვრობ, მუშაობ ან თამაშობ, შემოიღე ნულოვანი ტოლერანტობა სექსუალური შევიწროებისა და ძალადობის მიმართ. ლიდერებს განსაკუთრებით მკაფიოდ უნდა ესმოდეთ, რომ ისინი ატარებენ აბსოლუტური შეურიგებლობის პოლიტიკას და რომ ეს უნდა აისახებოდეს ყოველდღიურობაში.

ათვლის წერტილად, შეგვიძლია ავიღოთ გარემოება, თუ რისი გაკეთება შეგვიძლია დასაქმების ადგილას შევიწროების წინააღმდეგ.

6. გააფართოე გაუპატიურების კულტურის შენეული გაგება

გაუპატიურების კულტურა დროსა და კონტექსტებში სხვადასხვა ფორმებს იღებს. მნიშვნელოვანია, ვაღიაროთ, რომ იგი სცდება ვიწრო წარმოდგენებს იმის შესახებ, რომ კაცი თავს ესხმის ქალს, როდესაც ეს უკანასკნელი ღამით მარტო სეირნობს.

მაგალითად, გაუპატიურების კულტურა მოიცავს მავნე პრაქტიკების ფართო სპექტრს, რომლებიც ქალებსა და გოგონებს მათ ისეთ ავტონომიასა და უფლებებს ართმევს, როგორიცაა, მაგალითად, ბავშვთა ქორწინება და გენიტალიების დამასახიჩრებელი ოპერაციები.

ასევე, უნდა ვიცოდეთ გაუპატიურების კულტურის საფუძვლად არსებული ფაქტორებისა და იმ მითების შესახებ, რომლებიც მას თან ახლავს.

მიუხედავად იმისა, რომ გაუპატიურება გაუმართლებელი ქმედებაა, სიტყვების, მოქმედებების ან უმოქმედობის მეშვეობით, იგი ნორმალიზდება და მარტივდება, რასაც გაუპატიურების ციცაბო უფსკრულამდე მივყავართ.

7. გამოიყენე ინტერსექციური მიდგომა

გაუპატიურების კულტურა ყველა ჩვენგანს ეხება, მიუხედავად სქესისა, სექსუალობისა, ეკონომიკური მდგომარეობისა, რასისა, რელიგიისა ან ასაკისა. ამის ამოძირკვა სქესისა და სექსუალობის შეზღუდული გაგების უკან მოტოვებას ნიშნავს, რაც ადამიანს თვითგამოხატვასა და თვითაღქმაში უშლის ხელს.

გარკვეული მახასიათებლები, ისეთი, როგორიცაა სექსუალური ორიენტაცია, შშმ სტატუსი ან ეთნიკური წარმომავლობა, ასევე ზოგიერთი კონტექსტური ფაქტორი, ზრდის ქალების მოწყვლადობას ძალადობის მიმართ. ლგბტ+ ადამიანები, შესაძლოა, დაექვემდებარონ ე. წ. „მაკორექტირებელ გაუპატიურებას“, როდესაც მოძალადე მსხვერპლს აიძულებს, შეესაბამებოდეს სექსუალურ და გენდერულ სტერეოტიპებს. ჰუმანიტარული კრიზისის დროს, ქალთა და გოგონათა მიმართ  გავრცელებული დისკრიმინაცია სექსუალურ ძალადობას ახალისებს.

გულზადა სერჟანი ყაზახური ფემინისტური ინიციატივა Feminita-ს წევრია, რომელიც ლგბტქი ადამიანების უფლებებს იცავს. ერთხელ, მას ნაცნობმა კაცმა გაუპატიურება დაუპირა. როდესაც ქალმა მოძალადეს უთხრა, რომ ლესბოსელი იყო, კაცის მხრიდან შევიწროების ხარისხმა მოიმატა.

„მას სჯეროდა, რომ ჩემი „გამოსწორება“ შეეძლო, – იგი ამბობდა, რომ ძლიერი კაცი მჭირდებოდა… ყაზახეთში საზოგადოება იღებს და აფასებს ისეთ ადამიანებს, რომლებიც ველურები და სასტიკები არიან. ეს ბუნებრივად მიიჩნევა, და ისიც, როცა კაცები ქალებს თავს სექსუალური ზრახვებით ესხმიან“ – ამბობს სერჟანი.

8. გაუპატიურების კულტურის ისტორიის ცოდნა

მთელი ისტორიის მანძილზე, გაუპატიურება ომის და დამცირების იარაღად ითვლებოდა. იგი გამოიყენებოდა ქალების და ადამიანების ჯგუფების დასამცირებლად, ასევე ეთნიკური წმენდისა და გენოციდის დროს.

ამ საკითხის შესწავლისას, შეგიძლია, დაიწყო სექსუალური ძალადობის გამოყენების ფაქტების შესწავლით, კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში, გვატემალას სამოქალაქო ომის ან კოსოვოს კონფლიქტის დროს.

9. ჩადე ინვესტიციები ქალებში

შემოწირულობა გაიღე იმ ორგანიზაციებისთვის, რომლებიც ქალთა უფლებებისა და შესაძლებლობების გაფართოებაზე მუშაობენ, მხარს უჭერენ გადარჩენილებს და ხელს უწყობენ ყველანაირი გენდერული იდენტობისა და სექსუალობის ქალების მიმღებლობას.

10. მოუსმინე გადარჩენილებს

#MeToo-ს, #TimesUp-ის, #NiUnaMenos-ისა და #BalanceTonPorc-ის და სხვა ონლაინ მოძრაობების ეპოქაში, ძალადობაგამოვლილი ქალები გაცილებით ხშირად საუბრობენ მომხდარზე, ვიდრე – ადრე.

მოუსმინე მათ გამოცდილებას, წაიკითხე გადარჩენილების და აქტივისტების ისტორიები მთელი მსოფლიოდან, სოციალურ ქსელებში თვალი ადევნე #OrangeTheWorld-სა და #GenerationEquality-ს.

ნუ იტყვი: „რატომ არ წავიდა ეს ქალი, თუ მას ძალადობა ემუქრებოდა?“.

თქვი: „ჩვენ შენი გვესმის, გხედავთ, გვჯერა“.

11. არასოდეს დასცინო გაუპატიურებულს

სექსუალური ძალადობის მსხვერპლი არასოდესაა სასაცილო. ხუმრობები გაუპატიურების შესახებ სექსუალური ძალადობის ცნებას აუბრალოებს, მსხვერპლებს კი ამაზე საუბარი კიდევ უფრო უძნელდებათ. იუმორი, რომელიც ნორმალიზებას უკეთებს და ამართლებს სექსუალურ ძალადობას, დაუშვებელია. ნუ იზამ ამას.

12. ჩაერთე

გაუპატიურების კულტურა დამყარებულია ქალთა მიმართ ძალადობის კანონის არარსებობაზე ან შეუსრულებლობაზე, ასევე იმ დისკრიმინაციულ კანონებზე, რომლებიც ქონების განკარგვას, ქორწინებას, განქორწინებასა და ბავშვებზე მეურვეობას ეხება.

გადახედე ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ მონაცემების გლობალურ ბაზას, რათა გაიგო, თუ რას აკეთებს შენი ქვეყანა ქალებისა და გოგონების დასაცავად.

13. დაუსჯელობის დასასრული

გაუპატიურების კულტურის დასასრულებლად, დამნაშავეებს პასუხი უნდა ვაგებინოთ. სექსუალური ძალადობის ჩამდენების პასუხისგებაში მიცემით, ჩვენ დანაშაულის ამ აქტებს ვაღიარებთ და მათ ნულოვანი ტოლერანტობის მყარ სიგნალს ვაძლევთ. ყველგან, სადაც ხედავ იურიდიული სასჯელისთვის თავის არიდების შემთხვევებს, იბრძოლე სამართლიანობისა და პასუხისმგებლობისთვის.

14. იყავი აქტიური მოწმე

მსოფლიოში ყოველი მესამე ქალი ძალადობის მსხვერპლია. ქალთა მიმართ ძალადობა შოკში ჩამგდები მოვლენაა და ჩვენ შეუთანხმებელ, ძალადობრივ ქმედებასთან გვაქვს საქმე. აქტიური მოწმის რანგში ჩარევა მოძალადისთვის არის სიგნალი, რომ მისი ქმედება დაუშვებელია და დაუსჯელი არ დარჩება, რაც, თავის მხრივ, ვიღაცას დაეხმარება უსაფრთხოდ ცხოვრებაში.

უპირველესად, შეაფასე სიტუაცია, ამ შემთხვევაში რა სახის დახმარება იქნებოდა საჭირო. შეგიძლია, მსხვერპლი გაამხნევო, ჰკითხო, სჭირდება თუ არა დახმარება. დააზუსტე, როგორ შეიძლება იყო საქმეში აქტიური მოწმე.

15. აღზარდე მომავალი თაობა

ჩვენს ხელთაა სამყაროს მომავალი ფემინისტების აღზრდა. შეებრძოლე იმ გენდერულ სტერეოტიპებსა და ძალადობრივ იდეალებს, რომლებსაც ბავშვები აწყდებიან მედიაში, ქუჩებსა და სკოლებში. დაე, შენმა ბავშვებმა იცოდნენ, რომ თქვენი ოჯახი უსაფრთხო ადგილია თვითგამოხატვისთვის. თავიდანვე ასწავლე ბავშვს თანხმობის მნიშვნელობა ურთიერთობებში.

16. დაიწყე ან შეუერთდი საუბარს

დაელაპარაკე ოჯახს ან მეგობრებს იმის შესახებ, რომ ერთად მუშაობა შეგიძლიათ, რათა შენს ირგვლივ სოციუმში გაუპატიურების კულტურა დასრულდეს. ყველანი უნდა გავერთიანდეთ გაუპატიურების კულტურის წინააღმდეგ.

ამ დისკუსიაში ჩართვა ახლავე შეგეძლება, თუ შეუერთდები ჰეშთეგებს #Orangetheworld და #GenerationEquality.

medium.com