სტატიები

გიორგი ტატანაშვილი: ჩემი მუზა სტერეოტიპებისგან თავისუფალი ქალია

21 წლის გიორგი ტატანაშვილი  ქართული მოდის სამყაროში ორი წლის წინ გამოჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ სამხატვრო აკადემია არ დაუმთავრებია და ამ კუთხით სპეციფიკური განათლება არ გააჩნია, თვითნასწავლმა დიზაინერმა აუდიტორიის ყურადღება მალევე მიიპყრო. გიორგის ნამუშევრები თავდაჯერებული, ძლიერი და მიზანსწრაფული ქალებისთვის იქმნება. თუ როგორ აღიქვამს თანამედროვე ქართველი ქალს გიორგი საკუთარ ნამუშევრებში, ამის შესახებ თავად დიზაინერი გვესაუბრება.

tatana1გიორგი ტატანაშვილი: ძირითადად კაცის ტანსაცმელზე ვმუშაობ. ქალის ჩემ მიერ შექმნილი სამოსი თამამი და ძლიერი ხასიათის მფლობელისთვისაა განკუთვნილი. ახლახან ჩავლილ თბილისის მოდის კვირეულზე სწორედ ამ კონტექსტით დატვირთული კოლექცია წარმოვადგინე.

გენდერული როლების სიმყიფე და ამავდროულად ყველაზე მეტი სიმტკიცე ოდითგანვე მოდაში აისახებოდა. თანამედროვე მოდა ამ მხრივ უსაზღვრო ექსპერიმენტირების შესაძლებლობას იძლევა. თქვენთვის, როგორც დიზაინერისთვის, რა დატვირთვა აქვს სამოსში გენდერული დიფერენციაციის ასახვას?

როგორც უკვე აღვნიშნე, ძირითადად კაცის და უნისექს სამოსზე ვმუშაობ. თანამედროვე ქართველი ქალის იმიჯის ჩემეული ხედვა გენდერული როლების მკვეთრი გამიჯვნით სულაც არ ხასიათდება. ქალის სამოსზე მუშაობა იმ ფაქტმა გადამაწყვეტინა, რომ საქართველოში ქალების 95%-ის ჩაცმულობა არ მომწონს, რადგან მასში ინდივიდუალიზმს ვერ ვხედავ. სამწუხაროდ, ყველას ერთნაირად აცვია. აქედან გამომდინარე, გადავწყვიტე, ჩემს ნამუშევრებში ძლიერი, თავდაჯერებული და დამოუკიდებელი ქალის იმიჯი შემექმნა. გამეხარდება, თუ ქართველი ქალები ჩემს ამგვარ შემოთავაზებას მოიწონებენ და გაითავისებენ. ეს ჩემთვის ბევრად უფრო საინტერესო იქნება, ვიდრე ნაზი, პასიური, საკუთარ თავში დაეჭვებული და ცარიელი „პრინცესების“ იმიჯს თავშეფარება.

პოლიტიკოს ქალებთან მუშაობის სურვილი თუ გაგჩენიათ?

პოლიტიკა ნაკლებად მაინტერესებს. აქ ქალებისთვის სტანდარტული დრესკოდი არსებობს. აქედან გამომდინარე, მათთან ვერ ვმუშაობ, რადგან კლასიკური სამოსი ჩემი ინტერესის სფეროში არ შედის. კლასიკური სამოსიც ძირითადად ორნაირია: პირობითად რომ ვთქვათ, უხეში და შედარებით ნაზი. რამდენადაც დავკვირებივარ, საქართველოში პოლიტიკოს ქალებს ძირითადად ნაზი სამოსი აცვიათ. რა თქმა უნდა, ეს არ მომწონს, რადგან პოლიტიკოსი ხარ, აუცილებელი არაა, ნაზად გეცვას. შეიძლება, ცოტა მოუხეშავად ჩაიცვა, ან ჩაცმულობაში რაიმე მცირე უხეში დეტალი შეიტანო.

tatana2როგორ გაიაზრებს თქვენს ნამუშევრებს აუდიტორია?

კლიენტები ხშირად მეუბნებიან, რომ ჩემ მიერ შექმნილ სამოსში „რაღაც“ არ მოსწონთ. ძირითადად, ეს „რაღაც“ ისევ კლასიკური სტილიდან გადახვევაა, ისინი ისევ კლასიკური სტილის სამოსისკენ „მიბიძგებენ“. ნაზი სილუეტები და ფარფატა იმიჯი ჩემი სტილი არაა. ამას წინათ, ჩემთან ერთი გოგონა მოვიდა, რომელსაც სტანდარტული საბანკეტო კაბა უნდოდა, თავისი თვლებით და სხვა ატრიბუტებით. მე მაინც ჩემი გავიტანე და მოუხეშავი სტილის, ძლიერი ქალის სამოსი შევუქმენი, მეტალის სამკაულებით. ქალებს მართლა ასე ვხედავ და არ მინდა, უსუსურები და სხვებზე დამოკიდებულები იყვნენ. ეს გოგონები ნაზ, ფრიალა კაბებს ყოველდღიურად არ იყენებენ. ჩვენში ქალები კაცებზე გაცილებით ბევრს მუშაობენ და ეს მოცემულობა მათ სამოსზე აუცილებლად აისახება. ქალების უდიდესი უმრავლესობა მუდმივად გადარბენებზეა და ამ სიტუაციაში სიფრიფანა კაბები სრულიად უადგილოა. ოფისში მომუშავე ქალიც ძირითადად ყოველდღიურ სამოსს ატარებს, ვიდრე კლასიკურ კაბებს…

როგორია გიორგი ტატანაშვილის თვალით დანახული ქართველი ქალი?

ჩემს ინსპირაციასა და ფიქრებში ძირითადად ქალების ორი კატეგორია არსებობს: ძალიან მოკრძალებული და ძალიან თამამი. ქართველი ქალები ძირითადად არც ერთ კატეგორიაში არ ჯდებიან. თითქოს გახსნა კი უნდათ, მაგრამ ვიღაცის ან რაღაცის ეშინიათ. ძალიან გამეხარდება, თუ საკუთარ ჩაცმულობაში სითამამეს და სილაღეს შეიტანენ. აუცილებელი არაა, ეს ღია სამოსის ტარებაში გამოიხატებოდეს, მაგრამ არის გარკვეული სტილი, რომლის მორგებაც წარმატებით შეუძლიათ. მომწონს სტერეოტიპებისგან თავისუფალი ქართველი ქალი, თუმცა, ძირითადად, ჩვენი ქალები არსებულ კულტურულ ნორმებს მაინც ანგარიშს უწევენ.

კულტურული ნორმები მხოლოდ ქალებს ბოჭავს?

რა თქმა უნდა, არა. ქართველი კაცებიც მნიშვნელოვანწილად არიან ამით შებოჭილნი, არადა რეალურად ასეთები სულაც არ არიან. მათზე სოციუმი, დედა, მამა, ბებია – ყველა და ყველაფერი ახდენს გავლენას. არის მომენტები, როდესაც რაღაცის გაკეთება გულით სურთ, მაგრამ რცხვენიათ. ეს ჩაკეტილი მდგომარეობა თაობიდან თაობას გადაეცემა…

ქართველი ქალების ჩაცმულობაში გაკულტებულია შავი ფერი. თქვენს შემოქმედებაში როგორ აისახება ეს?

ბოლო კოლექციამდე, ჩემი თითქმის ყველა კოლექცია მუქ ფერებში იყო გადაწყვეტილი (შავი, მუქი ლურჯი, მუქი ნაცრისფერი და ა.შ.). შავი ისეთი ფერია, რომელიც თითქმის ყველანაირ ფერს, ტონს უხდება და ქართველ ქალებსაც ამიტომ უყვართ. როდესაც გარდერობს გამოაღებენ, სამოსის ალბათ 95% შავი აქვთ. გარდა ამისა, ხშირად აღნიშნავენ, რომ შავი ფერი „ახდუნებს“. თუმცა, ამ კონტექსტის მიუხედავად, ჩემთვის იგი ნამდვილად არ შეიცავს არანაირ ნეგატივს. მთავარია, ადამიანის შინაგანი სამყარო და მისი ჩაცმულობა ერთმანეთთან იყოს თანხვედრაში.

ესაუბრა შორენა გაბუნია