სექსუალური ძალადობა

დაკავებულია მსოფლიოში არასრულწლოვანთა სექსუალური ექსპლუატაციის ერთ-ერთი უმსხვილესი ქსელის აქტორი

პარიზში სამოდელო სააგენტო MC2 Model Management-ის მფლობელი, ჟან-ლუკ ბრიუნელი, დააკავეს. მას ბრალი ედება არასრულწლოვანთა გაუპატიურებაში, სექსუალურ ძალადობასა და სექსუალური ექსპლუატაციის მიზნით ადამიანებით ვაჭრობაში. პოლიცია მას ბიზნესმენ ჯეფრი ეპშტეინთან საქმიანი ურთიერთობის გამოძიების ფარგლებში კითხავს: ბრიუნელი სწორედ ეპშტეინის ქსელში არასრულწლოვანი გოგონების ჩართვაშია ეჭვმიტანილი.

Bloomberg-ის თანახმად, ბრიუნელი და ეპშტეინი, სულ ცოტა, 2002 წლიდან იცნობდნენ ერთმანეთს. ბრიუნელი ეპშტეინთან ერთად კერძო თვითმფრინავით ბაჰამის კუნძულებზე დაფრინავდა, ასევე, ბიზნესმენს ციხეში სტუმრობდა, როდესაც ეს უკანასკნელი სექს ბიზნესში არასრულწლოვანი გოგონას ჩაბმის გამო იხდიდა სასჯელს. გარდა ამისა, სააგენტოს ყოფილი ფინანსური მენეჯერის ჩვენების თანახმად, ბრიუნელი ეპშტეინის მანჰეტენის ბინას მოდელებითაც “ამარაგებდა”.

ბრიუნელს მიეწერება სამოდელო სამყაროში ისეთი ვარსკვლავების აღმოჩენა, როგორებიცაა კრისტი ტარლინგტონი, შერონ სტოუნი და მილა იოვოვიჩი. 1980-იან წლებში, მან გისლეინ მაქსველი გაიცნო, გისლეინმა კი იგი ეპშტეინს დააკავშირა. მაქსველი ახლა სასამართლოს გადაწყვეტილებას ელის სხვადასხვა ბრალდებებზე, რომელთა შორისაა არასრულწლოვანთა ტრეფიკინგი, დანაშაულებრივი სექსუალური საქმიანობის მიზნით.

bloomberg.com