სექსუალური ძალადობა

გამოძიების ფედერალურმა ბიურომ ჯეფრი ეპშტეინის საქმეზე გისლეინ მაქსველი დააკავა

გისლეინ მაქსველი (Ghislaine Maxwell), ბრიტანული ბომონდის წარმომადგენელი და სექსუალურ ძალადობაში მრავალგზის დადანაშაულებული ამერიკელი ფინანსისტის ჯეფრი ეპშტეინის (Jeffrey Epstein) ყოფილი მეგობარი ქალი, ნიუ-ჰემპშირის შტატში დააკავეს და მალე ფედერალური სასამართლოს წინაშე წარსდგება.

66 წლის ეპშტეინი აშშ-ში 2019 წლის ივლისში დააკავეს. მას ბრალი არასრულწლოვანი გოგონების გარყვნასა და პროსტიტუციაში ჩართვაში დადეს, რომელთა შორისაც ზოგიერთი 14 წლისა იყო. 10 აგვისტოს, იგი კამერაში მკვდარი იპოვეს. გამოძიება მივიდა დასკვნამდე, რომ ეს თვითმკვლელობა იყო.

რაც შეეხება გისლეინ მაქსველს, მას ექვსი ბრალდება აქვს წაყენებული:

  • არასრულწლოვანთა მოტყუებით ჩამოყვანა სხვა ქვეყნებიდან და მათთვის უცხო ადამიანებთან სექსის იძულება;
  • არასრულწლოვანთათვის სხვა ქვეყნებიდან ჩამოყვანის დაძალება, მათთვის უცხო ადამიანებთან სექსის იძულების მიზნით;
  • არასრულწლოვანთა ტრეფიკი, მათთვის უცხოებთან სექსის მიზნით;
  • არასრულწლოვანთა ტრეფიკის ორგანიზება, კანონსაწინააღმდეგო სექსში მათი ჩაბმის მიზნით;
  • ცრუმოწმეობის ორი შემთხვევა.

მაქსველი, სავარაუდოდ, მეგობრულ ურთიერთობებს ამყარებდა არასრულწლოვან გოგონებთან, პატიჟებდა მათ კინოში ან მაღაზიებში საშოპინგოდ, ეკითხებოდა მათი ცხოვრების და ოჯახების შესახებ, და მათი ნდობის მოპოვების შემდეგ, „ცდილობდა, ნორმად გაეხადა სექსუალური ძალადობა არასრულწლოვანი მსხვერპლის მიმართ, განიხილავდა რა მათი თანდასწრებით სექსუალურ თემებს, იხდიდა მსხვერპლების წინაშე, ესწრებოდა მათ გაშიშვლებას, და/ან ესწრებოდა ეპშტეინთან არასრულწლოვანთა სქესობრივ აქტებს“.

მაქსველი ყველაფერს უარყოფს.

პედოფილი ეპშტეინის ზოგიერთი სავარაუდო მსხვერპლი ამტკიცებდა, რომ სწორედ გისლეინ მაქსველმა გააცნო ისინი მილიარდერს.

ერთ-ერთი მათგანი, ვირჯინია ჯუფრე (Virginia Giuffre), აცხადებს, რომ 15 წლის ასაკში მაქსველმა იგი ეპშტეინის მასაჟისტად დაიქირავა. სარა რენსომმა, მეორე მსხვერპლმა, განაცხადა, რომ მაქსველი გოგონებს ისე აკონტროლებდა, როგორც „მადამი“ (ცნობილი ევფემიზმი, რომელიც ბორდელის ზედამხედველ ქალს აღნიშნავს).

გისლეინ მაქსველი ერთ-ერთია ბრიტანელი მედიამაგნატის რობერტ მაქსველის 9 შვილიდან, რომელიც სსრკ-ის მეგობრად მიიჩნეოდა და დასავლეთში ბრეჟნევის, სუსლოვის, გრომიკოსა და აღმოსავლეთ ბლოკის რიგი ლიდერების სიტყვებს გამოსცემდა.

გისლეინი ცნობილია თავისი უფართოესი კავშირებით ატლანტის ოკეანის ორივე მხარეს. მაგალითად, არსებული მონაცემებით, სწორედ მან გააცნო ეპშტეინს ბილ კლინტონი და ელისაბედ II-ის მეორე ვაჟი, პრინცი ენდრიუ, იორკის ჰერცოგი.

2016 წლიდან, იგი საზოგადოებაში ნაკლებად ჩნდება.

ვირჯინია ჯუფრემ განაცხადა, რომ 2001 წელს, 17 წლის ასაკში, იორკის ჰერცოგთან სექსი ჰქონდა მაშინ, როდესაც ეს უკანასკნელი სტუმრად იყო ეპშტეინთან. ამას პრინცი ენდრიუ კატეგორიულად უარყოფს.

აშშ-ში ეპშტეინის საქმეზე პრინცი ენდრიუს დაკითხვა სურთ.

შარშან ნოემბერში, ენდრიუმ განაცხადა, რომ მის ირგვლივ ატეხილი სკანდალის გამო, უახლოეს მომავალში იგი აღარ აპირებს ოფიციალური სამეფო მოვალეობების შესრულებას.

წყარო: bbc.com

ფოტოზე: დონალდ ტრამპი, მელანია ტრამპი, ჯეფრი ეპშტეინი, გისლეინ მაქსველი