სტატიები

დიანა ჯიშიაშვილი – პარასპორტსმენი ამორძალის შეუპოვარი ცხოვრება

დიანა ჯიშიაშვილს 18 წელი უსრულდებოდა, როდესაც დასავლეთ საქართველოში დასასვენებლად წასულმა მდინარეში ჩახტომისას  უმძიმესი ტრავმა მიიღო, კისრის მალები დაემსხვრა, სხეული მთლიანად გათიშა, რის შედეგადაც, მოძრაობა საერთოდ აღარ შეეძლო. სრული პარალიზის პირობებში, რამდენიმე ურთულესი ოპერაცია გაკეთდა, რამდენიმე თვის მანძილზე ხელოვნურ სუნთქვაზე იყო, მისი გადარჩერნის შანსი კი თითქმის ნულს უტოლდებოდა. თუმცა, ძლიერი ნებისყოფის წყალობით, ამ უმძიმეს მდგომარეობას დიანამ  თავი წარმატებით გაართვა. დღეს 12 წლის წინ მიღებულ ტრავმაზე მსუბუქად საუბრობს, რადგან ამ პერიოდში წარმოქმნილი სირთულეების დაძლევა წარმატებით მოახერხა. პროფესიით კომპიუტერული ქსელის და პროგრამების ტექნიკოსი და ვებდიზაინერი, ამჟამად ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პარასპორტსმენია.

დიანა ჯიშიაშვილი: ახლა მსოფლიო ჩემპიონატისთვის ვემზადები. 9 ნოემბერს რომში მივფრინავ. ორ წელიწადში ერთხელ იმართება მსოფლიო ჩემპიონატი პარაფარიკაობაში. წინა მსოფლიოზე ორი ბრინჯაოს მედალი ავიღე – რაპირითა და დაშნით ფარიკაობაში. ახლა უკვე შედეგის გაუმჯობესებაზე ვმუშაობ.

უკვე თითქმის წელიწადია, რაც მხოლოდ სპორტით ვარ დაკავებული. რთული დაზიანებიდან გამომდინარე, მე გაცილებით მეტი შრომა და ვარჯიში მჭირდება, ვიდრე სხვა სპორტსმენებს.

ამ ეტაპზე არ ვმუშაობ, იმიტომ, რომ ამ არაადაპტირებულ გარემოში, ჩემს კორპუსს ლიფტიც არ აქვს და მეუღლეს ჩემი ხელით აყვანა-ჩაყვანა უწევს. ამ ყველაფერს ძალიან ბევრი დრო მიაქვს.

აიტი სპეციალისტად ვმუშაობდი ჩვენს დარბაზში, პარალელურად სხვადასხვა პროექტებში ვარ ხოლმე ჩაბმული, მაგრამ ამჟამად ჩემი მუშაობა და სპორტული ცხოვრება ერთმანეთთან შეუთავსებელია.

არაადაპტირებული გარემოს გამო?

რა თქმა უნდა. ქმარი მუშაობს და ჩემს გარეთ გაყვანას ყოველთვის ვერ მოახერხებს – ამდენი დრო ფიზიკურად არ აქვს. დამხმარე რომ ავიყვანო, – ამის ფუფუნების საშუალებაც არ არის.

გარეთ გასვლისთვის ნახევარ საათზე მეტია საჭირო: ჯერ ეტლიდან უნდა გადავჯდე, შემდეგ ეტლი ჩაიყვანოს, შემდეგ მე უნდა ჩამიყვანოს და დამსვას. სადარბაზოდან გამოსვლაც მიჭირს, რადგან იქაც ბარიერი მხვდება, რამდენიმე მეტრში ისევ ბარიერია და ასე დაუსრულებლად. ჩვენ მაინც ყოველდღიურად გამოვდივართ და საქმეს ვაკეთებთ, მაგრამ ეს ძალიან დიდი ფსიქოლოგიური დაძაბულობის ხარჯზეა შესაძლებელი. მუდმივად ფიქრობ იმაზე, რომ იქ უნდა გადახვიდე, იქ ვიღაც უნდა დაგეხმაროს, იქ დამხმარეა მოსაძებნი, რომ კიბეებზე ორმა ადამიანმა ეტლი ასწიოს… ეს ძალიან რთულია… როდესაც სადმე ღონისძიებაზე გპატიჟებენ, რა თქმა უნდა, ვერ ითვალისწინებენ, რომ ყველგან დამოუკიდებლად გადაადგილება არ შემიძლია. იმდენი ბარიერი იქმნება, რომ რეალურად, შშმ ადამიანებს ხელოვნურად გვიწევს ჩაკეტილ სივრცეში ყოფნა.

არაადაპტირებული გარემოს შესაცვლელად ბევრი შშმ აქტივისტი მუშაობს. ამ მხრივ ქვეყანაში როგორი სურათია?

ჩვენი აქტიურობა ძალიან მნიშვნელოვანია. მე შეძენილი ტრავმა მაქვს. თავიდან ძალიან მძიმედ ვიყავი, ადაპტირებულ გარემოზე არც კი მიფიქრია, რადგან გარეთ ვერ გამოვდიოდი.

როდესაც გავაქტიურდი პრობლემას პირადად შევეხე, მივხვდი, რომ ამ საქმეზე ზრუნვა ძალიან მნიშვნელოვანია. ადრე პანდუსი რა იყო, არავინ იცოდა, ახლა ქალაქის სხვადასხვა ადგილებში უკვე კეთდება პანდუსები, თუმცა, სამწუხაროდ, ისე დაუდევრად, რომ ხშირად იგი ჩვენთვის სრულიად გამოუყენებელია. ამ კუთხით, ჩვენი აქტიურობა და ჩართულობა ძალიან საჭიროა, თუნდაც ამ საკითხში საზოგადოების ცნობიერების ამაღლების კუთხით. დროა, საზოგადოება შშმ პირთა ჩართულობას და აქტიურობას მიეჩვიოს.

რაც შეეხება სახელმწიფოს როლს ამ საკითხში, – პირველ რიგში, ის, რაც კეთდება, უნდა გაკეთდეს ხარისხიანად. თუ სახელმწიფო სახსრებს გამოყოფს შშმ ადაპტირებული გარემოს შესაქმნელად, ყველაფერი ხარისხიანად და წესების დაცვით უნდა გაკეთდეს და არა – ფორმალურად. ასევე, შშმ პირებისთვის აუცილებელია, განათლებაზე, დასაქმებაზე ხელმისაწვდომობა, რომ თავის დამოუკიდებლად რჩენა შევძლოთ, ოჯახები გვყავდეს და ა. შ.

შშმ ადაპტირებული გარემოს მხრივ, განსაკუთრებით კატასტროფული მდგომარეობა რეგიონებშია. აი აქ უკვე არ ვიცი, როდის რას დაადგება საშველი, რომ შშმ ადამიანებს გადაადგილების ელემენტარული პირობები შეექმნათ…

პარაფარიკაობით როდის დაინტერესდით?

ჩემი მთავარი მწვრთნელი შემთხვევით გავიცანი. პარასპორტში დაზიანებების კატეგორიები არსებობს: A, B და C. C კატეგორია ყველაზე სუსტია. მას ასეთი გოგონა სპორტსმენი გუნდში არ ჰყავდა. ხშირ შემთხვევაში, ჩემი დაზიანების მქონე სპორტსმენები უფრო პასიურები არიან, რადგან მათთვის ძალიან ბევრი ვარჯიშია საჭირო. საამისოდ, ზოგს ნებისყოფა არ ჰყოფნის, ზოგს – ხელშეწყობა. იმ დროისთვის, ერთ-ერთ კლინიკაში რეაბილიტაციის კურსს გავდიოდი. ვიფიქრე, რატომაც არ უნდა ვივარჯიშო-მეთქი?

ფარიკაობა ძალიან მომეწონა. მუშაობა განვაგრძე და შედეგიც სახეზეა – ჩემი დაზიანების მიუხედავად, ბევრად კარგად გამოვიყურები. ისიც კი არ მეტყობა, რომ დაზიანება კისრიდან მაქვს და არა – წელს ქვემოთ. სპორტში ჩართულობამ ჩემი ორგანიზმი მნიშვნელოვნად მოაძლიერა.

რა სიტუაციაა დღეს ქართულ პარასპორტში?

ნორმალური, თუმცა ინვენტარი ძალიან ძვირია და ეს დიდი პრობლემაა. დარბაზში კარგი პირობებია, ასე თუ ისე, განვითარებასაც ვახერხებთ.

ჩვენს გუნდში, ახლა გოგონები მეტია, ვიდრე ბიჭები. ქალები კარგ შედეგებს ვაჩვენებთ, კაცები ცოტა დაგვეჩაგრნენ (იცინის, შ. გ.). ბოლო დროს, A კატეგორიაში ორი ძალიან აქტიური გოგონა დაგვემატა. იმედია, მომავალ ასპარეზობებზე კიდევ მეტ წარმატებას მივაღწევთ. გუნდში კაცები აღარ გვყავს, მხოლოდ ამორძალები დავრჩით.

თქვენი ტრავმა საკმაოდ მძიმე იყო. როგორ განვითარდა დიანა ჯიშიაშვილის ცხოვრება ტრავმის  მიღების შემდეგ დღევანდელობამდე?

რა თქმა უნდა, ამ ამბის გაცნობიერება ძალზე რთული იყო. წარსულში რომ ვიხედები, ისეთი ჯოჯოხეთური ტკივილები მქონდა, რომ ვფიქრობდი, ასეთი ტანჯვის გაძლება რად მიღირს-მეთქი… ყველაფერი შავ-თეთრად მეჩვენებოდა, მთელი დღის განმავლობაში ერთ წერტილს გაუნძრევლად ვუყურებდი. ამ ყველაფრის დაძლევაში ალბათ ის დამეხმარა, რომ საშინლად მებრძოლი ხასიათი მაქვს, რომელიც განსაკუთრებით რაიმე პრობლემის გამწვავების დროს მეხმარება. პრობლემებს, წინაღობებს, თავს არ ვაჩაგვრინებ. შინაგან ჰარმონიას ვიქმნი და ვცდილობ, ბედნიერი ვიყო. ფარ-ხმალი არასოდეს დამიყრია, მუდმივად ვიბრძოდი. ჩემის თავის მეც მიკვირს. როდესაც ტრავმა მივიღე, სრულიად პარალიზებული ვიყავი, ერთადერთი, რაც შემეძლო, თვალებს ვახამხამებდი. როგორ უნდა გამეგრძელებინა ცხოვრება? შინაგანი „მე“ მეუბნებოდა, რომ დიდი ტკივილის გავლის შემდეგ, ეს მაინც შესაძლებელი იყო. ექიმები საიმედოს არაფერს ამბობდნენ, მაგრამ მე მაინც ზუსტად ვიცოდი, რომ ვიცოცხლებდი. ტკივილის დამარცხების ძალებსაც ეს რწმენა მანიჭებდა.

თუმცა, თავად ტრავმის ფაქტზე მეტად, ტრავმის შემდგომი პერიოდის გადატანა გამიჭირდა. ეს ურთულესი პერიოდი იყო: ახალ მდგომარეობასთან შეგუება, ეტლთან ადაპტაცია, უამრავი წამალი…  უმოძრაოდ ყოფნა ჩემთვის დიდი დისკომფორტი იყო. მრავალგზისი მცდელობის შედეგად, ეტლში ჯდომა შევძელი. შემდეგ მუდმივად  ვვარჯიშობდი, სასურველ პროფესიასაც დავეუფლე.

ახლა მიხარია, რომ გვერდით ისეთი ადამიანი მყავს, როგორიც ჩემი მეუღლეა. იგი იმდენად კარგად მეხმარება, რომ ასე მგონია, რაც ტრავმა მაქვს, სულ ჩემთანაა.

ესაუბრა შორენა გაბუნია