დღეს, მსოფლიოში 1,1 მილიარდი გოგონა ცხოვრობს. ყველა მათგანს ჩვენი მომავლის უკეთესობის შეცვლის დიდი პოტენციალი გააჩნია, თუმცა, მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში, ისინი დისკრიმინაციისა და შევიწროების მსხვერპლნი ხდებიან. ამიტომაც, აუცილებელია მოზარდი გოგონების შესაძლებლობების განვითარებაში ჩადებული სოციალური, ეკონომიკური და პოლიტიკური ინვესტიციები, რათა მომავალში მათ შეძლონ თავიანთი წვლილის შეტანა დღესდღეობით ჩვენი პლანეტის წინაშე მდგარი პრობლემების გადაჭრაში. მართლაც, მათ ბევრი ისეთი გლობალური საკითხის გადაჭრა შეუძლიათ, როგორებიცაა კლიმატის ცვლილებებისა და პოლიტიკური კონფლიქტების მოგვარება, დაავადებათა პროფილაქტიკა, ასევე მდგრადი განვითარების წახალისება და ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფა.
უკანასკნელი 15 წლის მანძილზე, მსოფლიო საზოგადოებამ ადრეული ასაკის გოგონების ცხოვრების გაუმჯობესებას მიაღწია. მაგრამ, ძალზე ბევრია გადაუჭრელი პრობლემა, რომელსაც გოგონები თავიანთი ცხოვრების მეორე ათწლეულში შებიჯებისას აწყდებიან. საქმე ეხება ხარისხიანი საშუალო და უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობის, ადრეულ ასაკში ქორწინების თავიდან აცილების, სქესობრივ მომწიფებასა და რეპროდუქციულ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ ინფორმაციასა და მომსახურებაზე წვდომის, არასასურველი ორსულობის, ვენერიული დაავადებებისა და სქესის ნიშნით ძალადობისგან თავის არიდების შესაძლებლობებს.
ზემოთხსენებული ინვესტიციები იმ მანკიერი წრის ერთხელ და სამუდამოდ გასარღვევადაა საჭირო, რომელში ჩაბმული ერთი თაობიდან მეორეზე სიღარიბე, ძალადობაში ცხოვრება, სოციალური იზოლაცია და დისკრიმინაცია გადადის. აუცილებელია, გოგოების განვითარებაში სამართლიანი და მყარი შედეგები მივიღოთ.
ამიტომაც, ყოველი წლის 11 ოქტომბერი (International Day of the Girl Child), გაეროს მიერ ამ პრობლემებზე მუშაობის შემაჯამებელ დღედაა დაწესებული. პირველად, ეს დღე 2012 წელს აღინიშნა და იგი მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში აქტუალურ პრობლემას – ადრეულ ქორწინებას მიეძღვნა, რაც ადამიანის ძირითადი უფლებების დარღვევას წარმოადგენს და გოგონების ცხოვრების ყველა ასპექტზე ნეგატიურად ზემოქმედებს, მათ ბავშვობასა და ჯანმრთელობას ართმევს.
2013 წელს, 11 ოქტომბერი მიეძღვნა თემას „გოგონების განათლებისადმი ნოვატორული მიდგომა“, რაც ასევე მეტად აქტუალურია თანამედროვე საზოგადოებაში. ბოლო წლებში გოგონებისთვის განათლებაზე წვდომის მხრივ მნიშვნელოვანი პროგრესი შეინიშნება, მაგრამ, ბევრი მათგანი ამ ძირითად უფლებას რიგი მიზეზების (ოჯახის ფინანსური პრობლემები, ზოგიერთ ქვეყანაში არსებული განათლების დაბალი დონე, საშინაო საქმის გაკეთების იძულება და ა. შ.) გამო, კვლავინდებურად მოკლებულია.
2014 წელს, მოზარდი გოგონების შესაძლებლობების გაფართოებისა და მათ მიმართ გამოყენებული ძალადობის სხვადასხვა ფორმის ლიკვიდაციის მიზნით, დღის თემად შეირჩა „მოზარდი გოგონების შესაძლებლობების გაფართოება: ძალადობის ციკლის აღკვეთა“.
2015 წლის 11 ოქტომბრის დღის თემად გაერომ „ინვესტირება დღეს, რათა წვლილი შევიტანოთ ჩვენი ხვალინდელი მსოფლიოს განვითარებაში“ დაასახელა, რითიც ერთგვარად განაგრძო წინა წლის თემა მოზარდი გოგონების უფლებათა და შესაძლებლობათა გაფართოებაში ინვესტირებასთან დაკავშირებით.
2016 წლის 11 ოქტომბერს, გაერომ ახალი თემა შემოგვთავაზა: „გოგონათა მდგომარეობის გაუმჯობესება მიზნის მიღწევაში პროგრესს ნიშნავს: რა არის მნიშვნელოვანი გოგონებისთვის“. მთელი მსოფლიოს მასშტაბით გოგონების მდგომარეობის გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია ინფორმაციის შეგროვება. ეს მსოფლიოს გოგონათა წინაშე მდგარ პრობლემათა გადაჭრაში დაგვეხმარება. ასევე, ინფორმაცია საჭიროა შესაბამისი სტრატეგიებისა და პროგრამების შემუშავების თვალსაზრისით.
წელს, გოგონათა დღე იმ მრავალწლიანი სამუშაოს დასაბამად იქცევა, რომელიც კრიზისებამდე, კრიზისების დროს და კრიზისების შემდგომ გოგონათა წინაშე მდგარი პრობლემების დასაძლევადაა გადადგმული. დღეს, გოგონათა საერთაშორისო დღეს, ყველა სახელმწიფოსთვის რეკომენდებულია თემატური ღონისძიებების ჩატარება, რომელიც გოგონათა პრობლემების გადაჭრის გზების განხილვას მიეძღვნება.
საქართველოში, განსაკუთრებით ქვეყნის რეგიონებში, დღემდე მწვავედ დგას ადრეული ქორწინების, გოგონებისთვის განათლებაზე ხელმისაწვდომობის, საშინაო საქმის იძულების, რეპროდუქციული ჯანმრთელობის პრობლემები. ამიტომაც, ჩვენი ქვეყნისთვის გოგონათა საერთაშორისო დღისთვის გაჟღერებულ პრობლემებს განსაკუთრებული დატვირთვა გააჩნია. საქართველოს სახალხო დამცველის განცხადება დღევანდელ დღესთან დაკავშირებით იხილეთ აქ.