ქალზე ძალადობა

ეგვიპტის ხელისუფლება ქალის გენიტალიების დასახიჩრებაზე სასჯელს ამკაცრებს

ეგვიპტის ხელისუფლებამ გადაწყვიტა, ქალის გენიტალიების დასახიჩრებაზე სასჯელი მნიშვნელოვნად გაამკაცროს. ამ დამასახიჩრებელ ოპერაციაზე თავისუფლების აღკვეთის მინიმალური ვადა ხუთი წელია, მაქსიმალური კი – შვიდი. მსგავსი პროცედურის ჩატარებაზე სასჯელი ამჟამად სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ეგვიპტეში ეს სასტიკი რიტუალი კანონით 2008 წლიდან იკრძალება. თუმცა, მიუხედავად ამისა, იგი ქვეყანაში კვლავინდებურად ფართოდ გამოიყენება. უხეში გათვლებით, ეგვიპტელ ქალთა დაახლოებით 90% წინადაცვეთილია.

გაეროს ბავშვთა ფონდის მონაცემებით, გენიტალიების დასახიჩრების პროცედურას ყოველწლიურად 200 მილიონი ქალი და გოგონა ექვემდებარება, 15-დან 49 წლამდე ასაკში. ეს ძირითადად აფრიკისა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში ხდება. სომალისა და სუდანში იგი სავალდებულოა, ასე რომ, ოპერაცია გოგონების 98%-ს აქვს გაკეთებული.

წინადაცვეთის დროს, გოგონას გარე სასქესო ორგანოებს კვეთენ, რათა მან სექსუალური სიამოვნება ვერ მიიღოს და ქმრის „ერთგული“ დარჩეს.

იფრა სალაჰ აბდული (Ifrah Salad Abdulle) 17 წლისაა. იგი სომალელია და ქალების წინადაცვეთის მსხვერპლთათვის განკუთვნილ ლტოლვილთა ბანაკში ცხოვრობს.

„8 წლის ვიყავი, როდესაც წინადაცვეთა გამიკეთეს. ეს აუტანლად მტკივნეული იყო. ოპერაციის შემდეგ საწოლზე მიმაბეს, ფეხები კი ცალკე შემიკრეს, რომ ნაკერები არ გამხსნოდა. საპირფარეშოში ნორმალურად სიარულიც არ შემეძლო, მუდმივად გვერდზე ვიწექი. ეს ჯოჯოხეთური ტკივილი რამდენიმე თვეს გაგრძელდა. საბოლოო ჯამში, ნაოპერაციევ ადგილას ინფექცია შემეჭრა. როდესაც 14 წლისას მენსტრუაცია დამეწყო, გაუსაძლისი ტკივილი კვლავ განმიახლდა“, – გვიამბობს გოგონა.

სომალის სამხრეთით, ქალაქ მოგადიშოს ერთ-ერთ საავადმყოფოში, გენიტალიებდასახიჩრებული ქალებისა და გოგონებისთვის დახმარების ცენტრი არსებობს. იქ სასქესო ორგანოების აღდგენის ოპერაციებს აკეთებენ და მშობიარეებს ეხმარებიან.

დოქტორი მარიამ ომარ სალადი (Maryam Omar Salad) ამბობს, რომ გენიტალიების დასახიჩრება მშობიარობის დროს შესაძლოა დედისა და ბავშვის სიცოცხლეებს დაემუქროს: „როდესაც ბავშვი იბადება, მას გარეთ გამოღწევა აღარ შეუძლია. შესაძლოა იგი ასფიქსიით მოკვდეს, ან ხანგრძლივი რეანიმაციის შემდეგ ცერებრალური დამბლა განუვითარდეს. ამის გამო, ჩვენ ქალებისთვის საკეისრო კვეთის გაკეთება გვიწევს“.

2012 წელს გაერომ ქალის წინადაცვეთის ამკრძალავი რეზოლუცია მიიღო. ეს პრაქტიკა ქალთა და გოგონათა უფლებების დარღვევად და მათი დისკრიმინაციის უკიდურეს ფორმად იქნა აღიარებული.