თანასწორობის პოლიტიკა

ირანში ქალთა უფლებადამცველების დევნა გამწვავდა

Amnesty International-ის უფლებადამცველების ცნობით, ირანში ქალთა უფლებებისთვის მებრძოლი აქტივისტების მიმართ, 2016 წელს ქვეყნის ხელისუფლებამ დევნა გააძლიერა და ამგვარი ქმედება სისხლის სამართლით დასჯადი გახადა.

ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, 2016 წლის იანვრიდან მოყოლებული, თეირანში დაკითხვაზე ქალთა უფლებებისთვის მებრძოლი ათზე მეტი აქტივისტი ქალია გამოძახებული. რევოლუციის მცველთა საბჭოს თანამშრომლები მათ უხეშად ექცეოდნენ. დაკითხვებზე ქალებს შპიონაჟსა და “საზღვარგარეთ მოქმედ ძალებთან თანამშრომლობაში” სდებდნენ ბრალს, რომლის მიზანიც “ისლამური რევოლუციური წყობის დამხობაა”, მათ გენდერული ნიშნით შეურაცხყოფდნენ და ეროვნული უსაფრთხოების შელახვის ბრალდებით ციხეში გამომწყვდევით ემუქრებოდნენ.

Amnesty International-ის მონაცემებით, ქალების დაკითხვა ორი ადგილობრივი ინიციატივის გამო მოხდა: ვებგვერდ “ფემინისტური სკოლის” გამო, სადაც ფემინიზმის თეორია-პრაქტიკასთან დაკავშირებული და ირანში ქალების ყოფის ამსახველი სტატიები იყო განთავსებული, აგრეთვე “პარლამენტში კაცების შემადგენლობის ცვლილებასთან დაკავშირებული კამპანიის” გამო, რომელმაც სტარტი ირანის საპარლამენტი არჩევნების წინ, 2016 წლის თებერვალში აიღო და რომლის მიზანიც პარლამენტში ქალთა უფლებებისთვის მებრძოლი კანდიდატების რიცხვის გაფართოება იყო.

“უბრალოდ სირცხვილია, რომ ირანის ხელიფუფლება გადაწყვეტილების მიმღებ სტრუქტურებში ქალთა თანასწორი მონაწილეობისთვის მებრძოლ მშვიდობიან აქტივისტებს სახელმწიფოს მტრებს უწოდებს. ქალთა მონაწილეობისთვის ხმის ამაღლება დანაშაული არაა. ჩვენ ირანს მოვუწოდებთ, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს აქტივისტი ქალების სასტიკი დევნა-დაშინება, რაც ირანში ქალთა უფლებებისთვის ახალი დარტყმა იქნება”, – კომენტარს აკეთებს კვლევაში Amnesty International-ის ახლო აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთ აფრიკის პროგრამების დირექტორის მოვალეობის დროებითი შემსრულებელი მაგდალენა მუღრაბი (Magdalena Mughrabi).

უფლებადამცველთა მონაცემებით, ირანში ქალები ხშირად ექვემდებარებიან დისკრიმინაციას კანონმდებლობასა და სხვადასხვა სფეროებში: ქორწინების, გაყრის, ბავშვებზე მეურვეობის, გადაადგილების თავისუფლების, დასაქმებისა და სახელმწიფო სტრუქტურებში თანამდებობის დაკავების საკითხებში. ირანელი ქალები და გოგონები დაუცველნი არიან ოჯახში და სხვა სახის ძალადობისგან, მათ შორის ადრეული იძულებითი ქორწინებისა და ქორწინებაში გაუპატიურებისგან.