სექსუალური შევიწროება / ქალზე ძალადობა

კაირო ქალებისთვის მსოფლიოში ყველაზე საშიში მეგაპოლისია

საქველმოქმედო ორგანიზაციამ Thomson Reuters Foundation, მსოფლიოს იმ უმსხვილესი ქალაქების სია შეადგინა, სადაც ქალებისთვის ყველაზე მეტი საფრთხე არსებობს. ამ ანტირეიტინგის შედგენაში ექსპერტებმა ამა თუ იმ მეგაპოლისში სექსუალური ძალადობის დონე, ქალებისთვის სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობის ხარისხი, ასევე ქალთა უფლებებზე კულტურული ტრადიციების გავლენები გაითვალისწინეს; როგორც სიის შემდგენელი ორგანიზაციის ვებგვერდზეა ნათქვამი, ზოგიერთ ქვეყანაში, გოგონების ნების წინააღმდეგ გათხოვების და/ან გენიტალიების დასახიჩრების პრაქტიკა დღემდე მოქმედებს.

ქალებისთვის ყველაზე უსაფრთხო მეგაპოლისებია პარიზი, ტოკიო და ლონდონი, ხოლო ყველაზე საშიშ მეგაპოლისად ეგვიპტის დედაქალაქი კაირო დასახელდა. რეიტინგში მეორე ადგილს პაკისტანის დედაქალაქი ყარაჩი და კონგოს დედაქალაქი კინშასა იყოფენ.

უფრო ზუსტად, რეიტინგი ასე გამოიყურება:

  1. კაირო, ეგვიპტე
  2. ყარაჩი, პაკისტანი
  3. კინშასა, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა
  4. დელი, ინდოეთი
  5. პერუ, ლიმა
  6. მეხიკო, მექსიკა
  7. დაკა, ბანგლადეში
  8. ლაგოსი, ნიგერია
  9. ჯაკარტა, ინდონეზია
  10. სტამბოლი, თურქეთი
  11. სან-პაულუ, ბრაზილია
  12. ბუენოს-აირესი, არგენტინა
  13. ნიუ-იორკი, აშშ
  14. მანილა, ფილიპინები
  15. შანხაი, ჩინეთი
  16. მოსკოვი, რუსეთი
  17. პარიზი, საფრანგეთი
  18. ტოკიო, იაპონია
  19. ლონდონი, დიდი ბრიტანეთი

ეგვიპტის დედაქალაქი, რომლის მოსახლეობის რაოდენობაც 19 მილიონია, რეიტინგის სათავეში ქალთა მიმართ სექსუალური შევიწროებისა და ძალადობის, ასევე იძულებითი ქორწინების მაღალი მაჩვენებლის წყალობით მოექცა.

ყოველ 19 მეგაპოლისში, Thomson Reuters Foundation-მა ქალთა პრობლემებზე მომუშავე 20 ექსპერტს მიმართა: მეცნიერებს, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ჯანდაცვის სფეროების თანამშრომლებს, პოლიტიკოსებსა და ბლოგერებს.

სია ქალთა უფლებების ექსპერტთა თავად ფონდში არსებული ბაზისა და ყოველი ქალაქის საკვანძო ჯგუფის ბაზისგან შეადგინეს. ამ სიაში გათვალისწინებულია ინტერნეტში საძიებო სისტემებში არსებული ყველაზე ცნობილი ქალთა უფლებადამცველების სახელებიც.

სულ გამოკითხულია 380 ექსპერტი. გამოკითხვა წარმოებდა ტელეფონისა და ელექტრონული ფოსტის მეშვეობით, 2017 წლის 1 ივნისიდან 28 ივლისის ჩათვლით.

წყარო: poll2017.trust.org