სექსუალური შევიწროება

კატრინ დენევი ბოდიშს იხდის, მხოლოდ „სექსუალური ძალადობის მსხვერპლთა წინაშე“

კატრინ დენევს სექსუალური ძალადობის მსხვერპლთა წინაშე ბოდიშის მოხდამ მოუწია მას შემდეგ, რაც მან სექსუალური შევიწროების წინააღმდეგ არსებული კამპანია ჯგუფური წერილის მეშვეობით გაკიცხა.

ზემოთხსენებულმა წერილმა ადამიანის უფლებათა აქტივისტებში დიდი უკმაყოფილება გამოიწვია. ზოგიერთმა მათგანმა ისიც კი განაცხადა, რომ ეს წერილი ზოგადად სექსუალური ძალადობის ნიველირების მცდელობაა.

„პატივისცემას გამოვხატავ ამაზრზენი ქმედებების ყველა იმ მსხვერპლის მიმართ, რომლებმაც Le Monde-ში გამოქვეყნებული წერილის გამო, თავი შეურაცხყოფილად იგრძნეს. მათ და მხოლოდ მათ ვუხდი ბოდიშს“, – განაცხადა მსახიობმა გამოცემა Liberation-ის ვებგვერდზე. მან იქვე დასძინა, რომ დასახელებულ წერილში ისეთი არაფერი იყო, რაც სექსუალურ შევიწროებას გაამართლებდა. „ასე რომ ყოფილიყო, მე მას ხელს არ მოვაწერდი“, – განმარტა მან.

შეგახსენებთ, რომ წერილის ხელმომწერებმა „პურიტანიზმად“ მონათლეს ბოლო პერიოდში, დიდი სკანდალების ფონზე, შევიწროების წინააღმდეგ აგორებული კამპანია. მათ ასევე გაკიცხეს ჰარვი ვაინშტაინის სკანდალის შემდეგ სხვადასხვა ცნობილ კაცზე გავრცელებული ინფორმაციები, სექსუალური შევიწროების ფაქტებთან დაკავშირებით.

„როგორც ქალებს, ჩვენ არ გვსურს, ვიყოთ ისეთი ფემინიზმის ნაწილი, რომელიც ძალაუფლების ბოროტად გამოყენების დაგმობის ნაცვლად, კაცებისა და სექსუალობის მიმართ მტრობას აღვივებს“, – ნათქვამია წერილში.

აღსანიშნავია, რომ დენევი მის ხელმომწერებში ყველაზე სახელოვანია. დანარჩენ 99 ხელმომწერს შორის არიან მსახიობი კრისტინ ბუასონი, კონსერვატული ჟურნალისტი ელიზაბეტ ლევი, 1970-იანების პორნოვარსკვლავი და ამჟამად თოქ-შოუს წამყვანი ბრიჟიტ ლიაე და მწერალი კატრინ მილე.

როგორც უკვე აღინიშნა, წერილმა საფრანგეთში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია. დაახლოებით 30-მა ფემინისტმა დენევი და სხვა ხელისმომწერები ვაინშტაინის საქმის შემდეგ აგორებული სკანდალების ჩაცხრომის ხელშეწყობასა და სექსუალური ძალადობის მსხვერპლთა სრულ დაიგნორებაში დაადანაშაულა.

გარდა ამისა, სოციალურ ქსელებში ბევრმა ადამიანმა გამოთქვა წუხილი წერილთან დაკავშირებით. დისკუსიაში, უფროსმა თაობამ მოძრაობა #MeToo და მსგავსი კამპანიები 1960-იანებში მოპოვებული სექსუალური თავისუფლებისთვის შექმნილ საფრთხედ აღიქვა, ხოლო უფრო ახალგაზრდები სექსუალური შევიწროების წინააღმდეგ აგორებულ კამპანიას ქალთა უფლებებისთვის ბრძოლის საქმეში წინ გადადგმულ ნაბიჯად აფასებენ.

ტვიტერის ფრანგმა მომხმარებლებმა ძალადობაზე ღიად საუბრის ჰეშთეგად #Balancetonporc (სიტყვასიტყვით – „ჩააბარე შენი ღორი“, გადატანითი მნიშვნელობით კი – „ილაპარაკე მოძალადის ღორობაზე“) აირჩიეს.