დიდი ბრიტანეთის მკვიდრი კაცი 46 წლის წინ ჩადენილი დანაშაულის გამო გასამართლდა 13 წლის გოგონას გაუპატიურებისთვის, მას შემდეგ, რაც ამ თავდასხმის შედეგად ჩასახულმა გოგონამ მის წინააღმდეგ საქმე აღძრა.
74 წლის კარველ ბენეტი ბირმინგემის სამეფო სასამართლოს ნაფიცმა მსაჯულებმა გაასამართლეს. გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანამდე, მსაჯულები ორ საათზე მეტს ბჭობდნენ.
მიიჩნევა, რომ ეს პირველი ქეისია, როდესაც დანაშაულის ჩამდენს მართლმსაჯულების წინაშე პასუხისგება ამდენი წლის შემდეგ მოუწია, თან თავისივე შვილის ჩარევით. გაუპატიურების შედეგად ჩასახული 45 წლის დეიზის დნმ-ის ანალიზი მისი ბიოლოგიური მამის ანალიზის მონაცემებს დაემთხვა.
ნაფიცმა მსაჯულებმა დეიზის ბიოლოგიური დედის ჩვენებაც მოისმინეს, რომელიც ახლა 59 წლისაა. მისი ნაამბობის მიხედვით, იგი ბენეტის სახლში მისი შვილების მისახედად აღმოჩნდა, დედის დავალებით. ერთ-ერთმა ბავშვმა მას უთხრა, მამა გეძახის, მაღლა ადიო. მას ბენეტის შინ ყოფნა გაუკვირდა, რადგან მისი ამ სახლში ყოფნის მიზეზი ის იყო, რომ ბავშვები მარტო არ უნდა დარჩენილიყვნენ. როცა მაღლა ავიდა, ბენეტმა იგი თავის საძინებელში შეიყვანა და კარი ჩაუკეტა. მისი თქმით, ბენეტი მას უთხრა, ტკივილს არ მოგაყენებ, ნუ გეშინიაო, შემდეგ გააუპატიურა და გააფრთხილა, ეს არავისთვის ეთქვა.
“მან მიბრძანა, გავჩუმებულიყავი. მეც ვდუმდი. მე უბრალოდ მას უფლება მივეცი, გაეკეთებინა ის, რაც უნდოდა. მე მას ნება მივეცი, გამოვეყენებინე. შოკში ვიყავი, დაშინებული. მისტერ ბენეტისთვის წინააღმდეგობა არ გამიწევია, მხოლოდ 13 წლისა ვიყავი…”, – იხსენებს იგი.
მართალია, ბენეტი ახლა ამბობს, რომ მომხდარზე წუხს, მაგრამ გაუპატიურების ფაქტს მაინც უარყოფს. მისი თქმით, გოგონა ამბობდა, რომ 16-ის იყო, და მას სექსუალური ხასიათის შეთავაზება მხოლოდ ამის გამო გაუკეთა. გაუპატიურების მსხვერპლი კატეგორიულად უარყოფს ბენეტის ნათქვამს. მისი თქმით, ერთადერთი მიზეზი იმისა, რომ პოლიციაში გაუპატიურების შესახებ საუბარი არ სურდა, იყო ის, რომ ამ ტრავმის ხელახლა განცდა აღარ სურდა. “მე ვიტანჯებოდი, მაგრამ ცხოვრების გაგრძელება მინდოდა”, – განაცხადა მან.
დეიზი გახარებულია იმით, რომ ნაფიცმა მსაჯულებმა გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანეს მოძალადეს. “ეს არის სამართლის 46-წლიანი ლოდინი. ბედნიერი და შეძრული ვარ, თუმცა მიმაჩნია, რომ ეს ასე გვიან არ უნდა მომხდარიყო. ახლა ვიმუშავებ იმისთვის, რომ ჩემნაირმა, გაუპატიურების შედეგად ჩასახულმა ადამიანებმა, ხმა ამოიღონ”, – ამბობს ის.