სექსუალური შევიწროება

კვლევა: საფრანგეთში ყოველი მერვე ქალი გაუპატიურების მსხვერპლია

ფრანგულმა ანალიტიკურმა ცენტრმა “ჟან ჟორესის ფონდმა” (Fondation Jean Jaurès) კვლევა მოამზადა, რომლის თანახმადაც, დაახლოებით ოთხი მილიონი ფრანგი ქალი, ანუ ქვეყნის მთლიანი ქალი მოსახლეობის 12%, ცხოვრებაში ერთხელ მაინც ყოფილა გაუპატიურების მსხვერპლი.

დასახელებული გამოკითხვის მიზანი იყო, შეეფასებინა, თუ რამდენად გავრცელებულია საფრანგეთში სექსუალური შევიწროება, ქუჩაში გადაკიდებები და გაუპატიურება.

ყველა დანარჩენ საკითხთან ერთად, გამოკითხვამ ცხადყო, რომ ფრანგი ქალების 58%-ისთვის გაუკეთებიათ უხამსი შეთავაზებები, ხოლო 43%-ს მათი თანხმობის გარეშე შეხებიან. ბევრი მათგანი იხსენებს, რომ მსგავს სიტუაციაში ცხოვრებაში ერთ შემთხვევაზე მეტად აღმოჩენილა. გამოკითხული ქალების ნახევარი აცხადებს, რომ სიტყვიერი შეურაცხყოფის ან სექსისტური შენიშვნების მსხვერპლი ყოფილა, ხოლო ხუთიდან ერთი აღნიშნავს, რომ პორნოგრაფიული შინაარსის ელექტრონული წერილები ან ტექსტური შეტყობინებები მიუღია.

კვლევაში მონაწილეობა 18 წელზე უფროსმა 2167-მა ქალმა მიიღო, 2018 წლის 6-დან 16 თებერვლის ჩათვლით.

კვლევის ავტორები ამბობენ, რომ გამოკითხვის ჩატარების აუცილებლობა საფრანგეთის საზოგადოებაში სექსუალური ზეწოლების ინტენსივობის დადგენისა და მისი მსხვერპლთა ჯანმრთელობაზე მისი გავლენის კვლევის აუცილებლობამ წარმოშვა. მათი თქმით, დასახელებული საკითხი საზოგადოებრივი ჯანდაცვის პრობლემას უკავშირდება.

სოციალურ ქსელებში, თავიანთ ისტორიებზე საუბარი ფრანგმა ქალებმა ჰეშთეგ #balancetonporc-ის („ილაპარაკე მოძალადის ღორობაზე“) ქვეშ გადაწყვიტეს.

კამპანიამ სტარტი მას შემდეგ აიღო, რაც შარშან შემოდგომაზე ჰარვი ვაინშტაინთან დაკავშირებული მოძრაობები აღმოცენდა. თუმცა, როგორც ადრე აღინიშნა, კამპანიას #balancetonporc ფრანგი ქალების ნაწილისგან დიდი წინააღმდეგობა შეხვდა. საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ 100-მა ფრანგმა ქალმა, მათ შორის კატრინ დენევმა, წერილს მოაწერა ხელი,სადაც მოძრაობას პურიტანიზმში დასდეს ბრალი და სადაც ნათქვამი იყო, რომ კაცებს ქალებზე გადაკიდების უფლება აქვთ. მოგვიანებით, დენევს სექსუალური ძალადობის მსხვერპლთა წინაშე ბოდიშის მოხდამ მოუწია, ხოლო საფრანგეთის სახელმწიფო მდივანმა გენდერული თანასწორობის საკითხებში მარლენ შიაპამ (Marlène Schiappa) სექსუალური ძალადობის წინააღმდეგ სოციალურ ქსელებში გავრცელებულ კამპანიებს მხარი აქტიურად დაუჭირა.

შარშან, შიაპა სექსუალური ძალადობისა და შევიწროების საკითხებში ძალადობის სასჯელის გამკაცრების ინიციატივით გამოვიდა. კერძოდ, მან წინადადება წამოაყენა, ქალის მიმართ რეპლიკების სროლასა და სტვენაზე, ასევე, საზოგადოებრივ ადგილებში გარყვნილი ქმედებებისთვის ჯარიმები შემოეღოთ. კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს იმ საკითხსაც, რომ ადამიანებს, რომლებსაც სექსუალური ძალადობა ჯერ კიდევ ბავშვობაში შემთხვევიათ, პოლიციაში მიმართვა დიდი ხნის გასვლის შემდეგაც უნდა შეძლონ. კიდევ უფრო მკაცრი გახდება სასჯელი არასრულწლოვანთან კავშირისთვის.

კვლევის სრული ვერსიის ხილვა ფრანგულ ენაზე შეგიძლიათ აქ.