საფარი

კვლევის პრეზენტაცია – “ქალთა ეკონომიკური გაძლიერება საქართველოში: არსებული პოლიტიკის და ინიციატივების ანალიზი”

დღეს, 8 დეკემბერს, გაიმართა „საფარის“ მიერ განხორციელებული კვლევის “ქალთა ეკონომიკური გაძლიერება საქართველოში: არსებული პოლიტიკის და ინიციატივების ანალიზი” ანგარიშის წარდგენა.

კვლევა მიზნად ისახავდა საქართველოში ბოლო 10 წლის განმავლობაში განხორციელებული ქალთა ეკონომიკური გაძლიერების პროგრამებისა და ინიციატივების მიმოხილვას და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავებას.

ქვეყანაში ქალთა დაბალი ეკონომიკური აქტიურობის მიზეზებს შორის, კვლევამ შეზღუდული წვდომა ფინანსურ რესურსებზე და ქალთა ეკონომიკური გაძლიერების ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის არარსებობა დაასახელა.

“საქართველოში ორმოც პროცენტზე მეტი ქალი ეკონომიკურად არააქტიურია, ხოლო დასაქმებული ქალები კაცებზე საშუალოდ ოცდათხუმეტი პროცენტით ნაკლებ ხელფასს იღებენ. აბსოლუტურად ცხადია, რომ საქმე გვაქვს უზარმაზარ გამოუყენებელ რესურსთან, რომლის ეკონომიკაში ჩართულობა შესაძლოა ქვეყნის წინსვლასა და კეთილდღეობაზე ძალიან დადებითად აისახოს. მისასალმებელია ის რომ საქართველოს უკვე აქვს საამისო სოლიდური საკანონდებლო და ინსტიტუციური საფუძველი. ამ კვლევამ გამოაშკარავა ის საჭიროებები და შემდგომი ნაბიჯები რომელიც ახლა უნდა გადავდგათ, კერძოდ ხელი შევუწყოთ უფრო ეფექტიანი ნაციონალური პოლიტიკის შემუშავებასა და დანერვას, საჯარო უწყებების, საერთაშორისო დონორებისა და კერძო სექტორის თანამშრომლობის საფუძველზე. გენდერული თანასწორობის ეროვნული სამოქმენდო გეგმა, რომელზეც ამჟამად უწყებათაშორისი სააგენტო მუშაობს, ამ პროცესის განვითარების შესაძლებლობას იძლევა“ – განაცხადა შომბი შარპმა, გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილემ საქართველოში..

კვლევის შედეგების განხილვაში მონაწილეობა მიიღეს, ასევე, ქვეყნის ხელისუფლების, საერთაშორისო დონორებისა და ქალთა უფლებების დამცველი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა. მონაწილეებს სიტყვით მიმართეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ირმა ქავთარაძემ, საქართველოს პარლამენტის წევრმა, გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრმა ნინო წილოსანმა და შვედეთის ელჩის მოადგილემ ერიკ სალმგრენ ვონ შანცმა.

„საფარის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ბაია პატარაიამ, ყურადღება გაამახვილა კვლევის მნიშვნელობაზე სახელმწიფო პოლიტიკის ფორმირების კუთხით. „ეს კვლევა საფუძვლად უნდა დაედოს ქალთა ეკონომიკური გაძლიერების სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებას და ამ თემაზე ფართო დისკუსიის დაწყებას. ჩვენი რეკომენდაციები გამოყოფს იმ ძირითად მიმართულებებს, რაზეც ყურადღების გამახვილება აუცილებელია”, – განაცხადა ბაია პატარაიამ.

„ქალთა ეკონომიკური გაძლიერება საქართველოში: არსებული პოლიტიკის და ინიციატივების ანალიზი“ ეფუძნება თვისებრივ კვლევას და ჩაღრმავებულ გამოკითხვას, რომელიც სახელმწიფო უწყებებს, კერძო სექტორს, საერთაშორისო და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და კონკრეტული პროგრამების ბენეფიციარებს მოიცავდა. მთავარი მიგნებების მიხედვით, ქვეყანაში ქალთა დაბალი ეკონომიკური აქტივობის მიზეზებია შეზღუდული წვდომა ფინანსურ რესურსებზე და ქალთა ეკონომიკური გაძლიერების ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის არარსებობა. კვლევა ასევე მოიცავს სახელმწიფო უწყებების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და კერძო სექტორისთვის კონკრეტულ რეკომენდაციებს.

კვლევა განხორციელდა გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და შვედეთის მთავრობის ხელშეწყობით, გაეროს ერთობლივი პროგრამის „გენდერული თანასწორობისათვის“ ფარგლებში.

კვლევის ელექტრონული ვერსია შეგიძლიათ იხილოთ აქ.