სექსუალობა / სტატიები

„მენსტრუაციასთან დაკავშირებული შვებულება“ – უხერხული პრობლემიდან შვებამდე

Concept Pain.Back pain at work

დამსაქმებელს ხშირად თავშიც არ მოსდის თავის კორპორატიულ პოლიტიკაში ქალთა უფლებების გათვალისწინება ე. წ. კრიტიკულ დღეებში. მაგრამ, როგორი უნდა იყოს ეს უფლებები? რატომ მიაჩნია ბევრს ეს სიახლე უადგილოდ?

ბექს ბექსტერი (Bex Baxter), კომპანია Coexist-ის ყოფილი დირექტორი, სერიოზულად შეშინდა, როდესაც ოფისში შევიდა და ტკივილისგან დაკლაკნილი თავისი მდივანი დაინახა. „იგი მიტკალივით იყო გაფითრებული და ასეთ მდგომარეობაში ცდილობდა, კლიენტისთვის რაღაც აეხსნა. მინდოდა, იგი დაუყოვნებლივ გამეთავისუფლებინა, მაგრამ იგი შეცბა და ჩემს თავიდან მოშორებას შეეცადა, სიტყვებით „ეს უბრალოდ კრიტიკული დღეებია, გავუმკლავდები“.

იმ მომენტში, ბექსტერი დაფიქრდა ადამიანის უფლებებზე და იმაზე, რომ ჩვეულებრივი ფიზიოლოგიური პროცესის გამო დარცხვენა უადგილოა.

„მენსტრუაციის გამო შვებულება“, – დასასვენებლად გამოყოფილი ორი დღე იმ ქალებისთვის, რომელთა მენსტრუაციის დღეები განსაკუთრებით მტკივნეულად მიმდინარეობს, უკვე რამდენიმე ქვეყანაში არსებობს, თუმცა, მსგავსი პრაქტიკა ხშირად ხდება კრიტიკის ობიექტი, როგორც არაპროდუქტიული გადაწყვეტილება, და დროდადრო აღრმავებს სტერეოტიპულ წარმოდგენას იმის შესახებ, რომ ქალი თანამშრომლებისგან მხოლოდ პრობლემებია მოსალოდნელი.

აზიის რიგ ქვეყნებში, მათ შორის იაპონიაში, ინდონეზიაში, ტაივანში, სამხრეთ კორეასა და ჩინეთის ზოგიერთ პროვინციაში, ქალებს მენსტრუაციის დროს უფლება აქვთ, რამდენიმე დღე შინ დარჩნენ. თუმცა, ამ უფლებით ცოტა ქალი თუ სარგებლობს, რადგან დაცინვების ეშინია და არ სურს, თავი სუსტად წარმოაჩინოს.

როდესაც ამა წლის მარტში იტალიის პარლამენტი მენსტრუაციის დროს შვებულების საყოველთაო დაწესებას განიხილავდა, ბევრმა ამაში რეალური საფრთხე დაინახა: რა მოხდება მაშინ, თუ ქალის უფლების გამო, გამოიყენოს თვეში სამდღიანი ანაზღაურებადი შვებულება, დამსაქმებელი სამუშაოდ ქალებს საერთოდ აღარ აიყვანს?

საზოგადოების დამოკიდებულებამ მენსტრუალური პერიოდის მიმართ, წარმოდგენამ მენსტრუაციაზე, როგორც რაღაც ბინძურზე, სამარცხვინოსა და „უთქმელზე“, შესაძლოა, ქალებსა და გოგონებს ასეთ დღეებში შინ დარჩენისკენ უბიძგოს.

სამუშაო ადგილას რომც არსებობდეს სათავსო, სადაც ქალს ჰიგიენური საფენების გამოცვლის საშუალება ექნება, ბევრ შემთხვევაში, მას არ შეუძლია სამუშაო ადგილის დატოვება უფროსისგან საყვედურის ან საერთოდ სამსახურის დაკარგვის რისკის გარეშე. ის ქალებიც კი, რომლებიც მოქნილი გრაფიკით მუშაობენ ოფისებში და მოსახერხებელი საპირფარეშოებიც აქვთ, რომელიც ნებისმიერ დროს გასვლის საშუალებას იძლევა, როგორც წესი, ისე იქცევიან, რომ ვერავინ შეამჩნიოს მათი „პერიოდი“.

როგორ რეაგირებენ ოფისში იმაზე, რომ თანამშრომელს მენსტრუაცია აქვს? ამის თაობაზე კვლევები ცოტაა. ერთ-ერთი მათგანი, რომელიც 2002 წელს ჩატარდა, გვიჩვენებს, რომ ტამპონიან ქალს სამსახურში აღიქვამენ არაკომპეტენტურად, ნაკლებ მიმზიდველად და ფიზიკურად უსიამოვნოდაც კი. ეს იმ ექსპერიმენტმა დაადასტურა, რომელში მონაწილე ქალებსაც ჩანთიდან შემთხვევით ტამპონები უცვივდებოდათ. მათ მიმართ დამოკიდებულება გაცილებით უარესი იყო, ვიდრე ჩანთიდან თმის სამაგრის ამოვარდნის შემთხვევებში.

ქალები მსოფლიო სამუშაო ძალის 40%-ს შეადგენენ, და მათი 20% მენსტრუაციის დროს ისეთ ძლიერ ტკივილს განიცდის, რომ ამ დღეებში უბრალოდ შრომისუუნაროა.

სამედიცინო ენაზე ამას დისმენორეა ეწოდება, რომლის სიმპტომთა შორისაა პირღებინება, გულისრევის შეგრძნება, თავის ტკივილი და ა. შ. ქალების ამ კონტინგენტისთვის მენსტრუაციის დროს შვებულება დიდი შვება იქნებოდა, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს მათ სამსახურსა და კარიერაზე უარყოფითად არ აისახებოდა. რა გამოსავალი არსებობს ამ შემთხვევაში?

„კორპორატიულმა ბიზნესმა წარმოდგენა უნდა შეიცვალოს მენსტრუაციის შესახებ, ხელახლა გაიაზროს მის მიმართ დამოკიდებულება და ქალებს ისე მისცეს ქალად ყოფნის საშუალება, რომ სამარცხვინო დამღისგან დაიცვას“, – ამბობს ბექსტერი, რომელიც ახლა კომპანია Coexist-ის კონსულტანტია ქალი თანამშრომლების უფლებების საკითხებში.

ზემოთხსენებული დამღა ქალებს აიძულებს, უტყვად იტანჯონ. 2016 წელს ბიბისის მიერ ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, მასში მონაწილე ქალების ნახევარზე მეტი ამბობს, რომ მენსტრუაციის დროს ტკივილები მუშაობაში ხელს უშლის. გამოკითხულთა მხოლოდ 27% არ განიცდის დისკომფორტს კრიტიკული დღეების შესახებ უფროსთან თქმის გამო.

უთქმელი ტაბუებისგან გათავისუფლება აკრძალულ თემებზე ღიად საუბრითაა შესაძლებელი. მხოლოდ, მნიშვნელოვანია, რომ ამან დასაქმების ადგილზე ქალების მდგომარეობის გაუარესება არ გამოიწვიოს.

თუ როგორაა შესაძლებელი ამა თუ იმ კომპანიაში ქალი თანამშრომლების უფლებების მიმართ ახლებური დამოკიდებულების დანერგვა, ეს დამოკიდებულია კომპანიის ზომებსა და სტრუქტურაზე, თუმცა, არსებობს რამდენიმე საერთო მნიშვნელოვანი ფაქტორიც.

უპირველესად, ეს ჩვენი საკომუნიკაციო ენაა, თუ რა სიტყვებს ვიყენებთ, – ამბობს ლარა ოუენი (Lara Owen), კონსულტანტი დასაქმების ადგილზე ქალთა ჯანდაცვის საკითხებში, მელბურნის მონაშის ბიზნეს სკოლის ლექტორი.

„ტერმინს „მენსტრუაციასთან დაკავშირებული შვებულება“ არასასურველი აზრობრივი დატვირთვა გააჩნია იმ ადამიანებში, ვისაც არასოდეს განუცდია კრიტიკული დღეების ტანჯვა. მათი მხრიდან, ამას სრულიად არაადეკვატური რეაქციების გამოწვევა შეუძლია. მაგალითად, ისინი ამბობენ: ამ ქალებმა რატომ უნდა აიღონ შვებულება იმისთვის, რაც საერთოდ არანაირი პრობლემა არააო? ამიტომაც, ტერმინ „მენსტრუაციასთან დაკავშირებული შვებულების“ ნაცვლად, სჯობს, გამოვიყენოთ სხვა დატვირთვის მქონე დეფინიცია: შრომის პირობების გაუმჯობესება მათთვის, ვინც იძულებულია, მენსტრუაციის პერიოდი ოფისში გაატაროს“, – ამბობს ოუენი.

იდენ კინგი (Eden King), ტექსასის რაისის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის პროფესორი, რომელიც სამუშაო ადგილას დისკრიმინაციას შეისწავლის, ამბობს, რომ ქალებისთვის იდეაში ცხოვრების შემამსუბუქებელ წესებს შესაძლოა უკუეფექტი ჰქონდეს. იგი ამ სიტუაციაში სქესობრივი მიკუთვნების ხსენებას საერთოდ არ გვირჩევს. ამ შემთხვევაში, დისმენორეის მქონე ქალებს შეუძლიათ, მიიღონ „ავადმყოფობის გამო სამსახურის გაცდენის“ საშუალება.

„თქვენს ორგანიზაციას მოსთხოვეთ შვებულების მოქნილი პირობები ყველა თანამშრომლისთვის, რომ ადამიანებს შეეძლოთ რამდენიმე დღით დასვენება მაშინ, როცა თავს ცუდად გრძნობენ, მნიშვნელობა არ აქვს, რა მიზეზით. მაშინ ყველა თანაბარ პირობებში იქნება და აქცენტი არ გაკეთდება თანამშრომლების გარკვეულ ჯგუფზე, რომლებსაც დამატებითი ზრუნვა ესაჭიროებათ. ანუ, მათი გამოყოფა, როგორც განსაკუთრებით სუსტების, ნეგატიურ შედეგებს გამოიწვევს. ეს მხოლოდ გაამყარებს არსებულ გენდერულ სტერეოტიპებს“, – ამბობს იგი.

და მაინც, თუ „მენსტრუაციასთან დაკავშირებული შვებულების“ შემოღების ერთ-ერთი მიზანი მენსტრუაციასთან დაკავშირებული ტაბუების გარღვევაა, მაშ რატომ უნდა შეგვეშინდეს სიტყვა „მენსტრუაციის“?

„ეს დაავადება არაა, – აღნიშნავს ლარა ოუენი, – პირიქით, ციკლის რეგულარულობა ქალის ჯანმრთელობას მოწმობს. შვებულების მიღების პირობებში მოქნილობა ძალზე მნიშვნელოვანია, მენსტრუაცია კი იმ საპატიო მიზეზებში შედის, რომლის გამოც კომპანია ანაზღაურებად დასვენებას მოგვცემს“.

„მნიშვნელოვანია პრობლემის შესახებ შეცბუნების გარეშე საუბარი – სწორედ ასე დავაღწევთ თავს გაურკვევლობას. ეს მალე არ მოხდება, მაგრამ ქალებისთვის ამ პროცესში მონაწილეობა აუცილებელია“, – ამბობს ლიზა შეხტმანი (Lisa Schechtman), კომპანია WaterAid America-ს სტრატეგიისა და საინფორმაციო მიმართულების განყოფილების უფროსი.

ბექს ბექსტერი ამჟამად თავის ყოფილ კომპანია Coexist-ს ახალი შიდა რეგულაციების შემუშავებაში ეხმარება, რომელიც ქალებსა და მენსტრუალურ პრობლემებს ეხება. მისი თქმით, თანამშრომელ ქალებს მენსტრუაციის დროს სამუშაო დროის განკარგვის მოქნილ ვარიანტებს შესთავაზებენ.

ისევე, როგორც ლარა ოუენს, მასაც სურს, რომ ქალებს მათი ცხოვრების ამ პერიოდში სხვაგვარად არ უყურებდნენ – როგორც რაღაც პოზიტიურს, ჯანმრთელობისა და სასიცოცხლო ძალების სიმბოლოებს.

წყარო: bbc.com