სტატიები

მეცნიერ ქალთა დღე – მეცნიერებაში ქალების წასახალისებლად

11 თებერვალს, ისტორიაში მეორედ აღინიშნა მეცნიერ ქალთა დღე. 2015 წლის დეკემბერში, გაეროს გენერალურმა ასამბლეამ რეზოლუცია მიიღო, რომლის თანახმადაც, 11 თებერვალი „მეცნიერ ქალთა და გოგონათა საერთაშორისო დღედ“ გამოცხადდა. ამ დღეს, გაერო მსოფლიოს სახელმწიფოებს, ყველა ადამიანს და ორგანიზაციას მოუწოდებს, მეცნიერებასა და განათლებაში ხელი შეუწყონ ქალების თანასწორ განვითარებას. გაერო იმედოვნებს, რომ მეცნიერებაში სქესთა შორის განსხვავება აღმოიფხვრება და იგი ახალგაზრდა ქალებისთვის მეტად ხელმისაწვდომი გახდება.

ქალი მეცნიერის ცნება ჯერ კიდევ ძველი მსოფლიოს წერილობით წყაროებში გვხვდება. როგორც წესი, მეცნიერებით დაინტერესება ამ დროს მდიდარი და წარჩინებული ადამიანების პრივილეგია იყო.

პირველ ქალ მეცნიერად ტრადიციულად ძველეგვიპტელი წარჩინებული ქალი მერიტ-პტაჰი (Merit Ptah) მიიჩნევა, პროფესიით ექიმი, ერთ-ერთი პიონერი მედიცინის დარგში. იგი ხუთი ათასი წლის წინ ცხოვრობდა. მერიტ-პტაჰის ვაჟმა, უმაღლეს ქურუმად გახდომის შემდეგ, დედას საკარაში ცალკე სამარხი აუგო, პირველი პირამიდების მახლობლად.

მერიტ-პტაჰი თავისი დროის ერთადერთი ქალი მეცნიერი არ ყოფილა. მიუხედავად უკიდურესად მკაცრი სოციალური და რელიგიური სტრუქტურისა, ეგვიპტელი ქალები თითქმის იგივე უფლებებით სარგებლობდნენ, როგორითაც კაცები – მათ შეეძლოთ, ყოფილიყვნენ მწერლებიც – უმაღლესი რანგის ჩინოვნიკები, ქურუმებიც, ექიმებიც და ფარაონებიც კი. მერიტ-პტაჰის გარდა, ჩვენთვის ცნობილია სხვა ძველეგვიპტელი ექიმი ქალების სახელებიც: პესეშეტი (Pesheset), კლეოპატრა (Cleopatra) და სხვ. ბევრ მათგანს საკუთარი სკოლა ჰქონდა და მედიცინის საფუძვლებში, მათ შორის სამეანო საქმეში.

ჰიპატია ალექსანდრიელი

მსგავსი სურათი გვხვდება ძველ საბერძნეთშიც – აქ ქალებს თავისუფლად შეეძლოთ ფილოსოფიურ სკოლაში სიარული, მათემატიკოსის, ფიზიკოსის, ექიმის პროფესიის დაუფლება. მაგალითად, ჰიპატია ალექსანდრიელი (Hypatia of Alexandria) თავისი დროის მეცნიერებაში ერთ-ერთ მთვარ ფიგურად მიიჩნეოდა. მას ბევრი ასტრონომიული და სამეცნიერო ხელსაწყოს გამოგონება მიეწერება (ასტროლაბია, ციური რუკა, დისტილირების (გასაფილტრი) დანადგარი და სხვ. პერიკლეს ცოლი ასპასია (Aspasia) ათენის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი და მეცნიერულად აქტიური ქალი იყო. მასთან საკამათოდ ხშირად დადიოდნენ სოკრატე და სხვა ფილოსოფოსები.

სიტუაცია მკვეთრად შეიცვალა რომის იმპერიის დაცემის შემდეგ. „ბნელ საუკუნეებში“, მეცნიერების სფეროთი დაინტერესებულ ქალებს „კუდიანები“ და „უწმინდური ჯადობაზები“ უწოდეს. იღუპებოდა არა მხოლოდ დაგროვებული ცოდნის არქივები (ალექსანდრიის ბიბლიოთეკა 393 წელს), არამედ თავად ამ ცოდნის გამზიარებლებიც; 415 წელს, რელიგიურმა ფანატიკოსებმა ჰიპატია იმის გამო მოკლეს, რომ პლატონისა და პლოტინეს ფილოსოფიური შედეხულებების მომხრე იყო და ალექსანდრიის შიდა პოლიტიკურ განხეთქილებაში წარმართების დევნას არ უჭერდა მხარს.

მეცნიერებაში ქალის დაბრუნება მხოლოდ 12 საუკუნის შემდეგ გახდება შესაძლებელი, ევროპული რენესანსის ხანაში. ამ დროის პირველი ქალი მეცნიერი მარგარეტ კავენდიშია (Margaret Cavendish), ფიზიკაში რამდენიმე ტრაქტატის ავტორი, რომელიც მეცნიერებაში სხვა ქალების მოზიდვას ცდილობდა.

მიუხედავად იმისა, რომ მე-17-მე-18 საუკუნეებში მეცნიერი ქალები დროდადრო ჩნდებოდნენ, მათი კოლეგა კაცები მათ საქმიანობას აიგნორებდნენ და მათ ზემოდან უყურებდნენ. იმ დროის მთავარი განმანათლებლები, ჟან-ჟაკ რუსოს ჩათვლით, ფიქრობდნენ, რომ ქალი ბუნებით ბავშვის აღზრდისკენაა მოწოდებული და მეცნიერებაში მას არაფერი ესაქმება.

მხოლოდ მე-19 საუკუნის დამდეგისკენ შეძლეს ქალებმა უნივერსიტეტების საპროფესორო შემადგენლობებში ადგილის დაკავება და სერიოზულ სამეცნიერო გამოცემებში შრომების გამოქვეყნება. ზოგიერთი მათგანი, თუნდაც ბრიტანელი მათემატიკოსი ადა ლავლეისი (Ada Lovelace), პროგრამირებისა და გამომთვლელი სისტემების თეორიის ფუძემდებლად მოიხსენიება.

ამ პროცესის ნათელი მაგალითია ე.წ. „კომპიუტერები“ – რამდენიმე ათეული ქალისგან შემდგარი ჯგუფი, რომელიც ჰარვარდის უნივერსიტეტში ცნობილ ასტრონომ ედვარდ პიკერინგთან (Edward Pickering) მუშაობდნენ. მეცნიერმა ეს ქალები იმიტომ დაიქირავა, რომ ვარსკვლავების იმხანად ახალი ფოტოფირფიტების ტექნოლოგიით მიღებული ათასობით ფოტო გაეანალიზებინა და კატალოგში შეეტანა.

როგორც პიკერინგი ამბობდა, მან ამ საქმეში ქალები იმ მიზეზით ჩართო, რომ ეს სამუშაო მეცნიერი კაცებისთვის მოსაწყენ და უღირს საქმედ მიიჩნეოდა. აღმოჩნდა, რომ კაცები მწარედ ცდებოდნენ – „კომპიუტერების“ მუშაობამ და მათი ლიდერის, ვილიამინა ფლემინგის (Williamina Fleming) ანალიტიკურმა უნარებმა სამყაროს ერთ-ერთი მთავარი კანონზომიერება აღმოაჩინა: ურთიერთმიმართება ვარსკვლავის შეფერილობას, სპექტრს, ქიმიურ შემადგენლობასა და ზედაპირის ტემპერატურას შორის.

საბოლოოდ, პიკერინგის „კომპიუტერებმა“ ვარსკვლავების კლასიფიკაციის თანამედროვე სისტემა შექმნეს და რამდენიმე ცვლადი ვარსკვლავი, ნისლოვანი და სხვა ობიექტი აღმოაჩინეს, თუმცა, იმ დროის ზნეობათა გათვალისწინებით, ეს ყველაფერი თავად პიკერინგს მიეწერა.

მარი კიური, ორგზის ნობელიანტი

მე-19-მე-20 საუკუნეების მიჯნაზე, სუფრაჟისტული და ფემინისტური მოძრაობების წყალობით, მეცნიერებაში ქალის როლი მნიშვნელოვნად იზრდება, მეოცე საუკუნის შუა ხანებისკენ კი ქალი მეცნიერი უკვე იშვიათობა აღარაა და კონსერვატულად განწყობილი მოსახლეობის გაღიზიანებას აღარ იწვევს. ჯერ კიდევ 1903 წელს, ქალმა მეცნიერებმა მთავარი სამეცნიერო ბარიერი – ნობელის პრემია – წარმატებით გადალახეს. ბოლო ასი წლის მანძილზე, მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟული სამეცნიერო ჯილდო 17-მა მეცნიერმა ქალმა მიიღო, რომლებმაც ფიზიკის, ქიმიისა და მედიცინის დარგებში აღმოჩენები გააკეთეს. კიდევ 31-მა ქალმა ეს პრემია ლიტერატურის, ეკონომიკისა და მსოფლიოში მშვიდობის ხელშეწყობის დარგში მიიღო.

მეორე მხრივ, ბოლო წლებში, ადამიანის უფლებათა აქტივისტები სულ უფრო და უფრო ხშირად აღნიშნავენ, რომ დღესაც კი, ქალები მეცნიერებაში არაპროპორციულად ცოტა დოზით არიან წარმოდგენილნი, განსაკუთრებით ასტრონომიასა და სხვა საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში. მიუხედავად ამ სფეროებში თანაბარი ინტერესისა, ქალები ამერიკული უმაღლესი სასწავლებლების კურსდამთავრებულთა მეოთხედზე ნაკლებს შეადგენენ. ისეთ სფეროებში, როგორებიცაა მათემატიკა და ასტრონომია, მათი მხოლოდ 10%-ია დასაქმებული, ხოლო მათი ანაზღაურება კაცებისაზე საშუალოდ 20-30%-ით ნაკლებია.

ამის მიზეზი შესაძლოა ის იყოს, რომ კაცებისა და მათი თვალსაზრისის გამზიარებელი ქალების მხრიდან სისტემატური დისკრიმინაცია სტუდენტ ქალებში საკუთარ მათემატიკურ მონაცემებში დაეჭვებას იწვევს და ისინი ამის გამო ამ მიმართულებით სწავლის გაგრძელებას ერიდებიან. გარდა ამისა, ქალები გაცილებით ხშირად სწირავენ საკუთარ კარიერას ან მაღალ ხელფასს ოჯახსა და ბავშვებს. „11 თებერვლის ინიციატივის“ მეცნიერები იმედოვნებენ, რომ უკვე წარმატებული ქალი მეცნიერების როლური მოდელების გაჩენა სკოლის მოსწავლე და სტუდენტი გოგონებისთვის მეცნიერების გზაზე გადადგმული თავდაჯერებული ნაბიჯი იქნება.