თანასწორობის პოლიტიკა

მიშელ ვილიამსმა ემის ცერემონიაზე ქალთა დისკრიმინაციაზე ისაუბრა

LOS ANGELES, CALIFORNIA - SEPTEMBER 22: Michelle Williams accepts the Outstanding Lead Actress in a Limited Series or Movie award for 'Fosse/Verdon' onstage during the 71st Emmy Awards at Microsoft Theater on September 22, 2019 in Los Angeles, California. (Photo by Kevin Winter/Getty Images)

ლოს-ანჯელესში, “ემის” პრემიის გადაცემის ცერემონიაზე, ბევრმა ვარსკვლავმა სცენაზე არამხოლოდ მაყურებელსა და კოლეგებს გადაუხადა მადლობა, არამედ საზოგადოებაში არსებულ მწვავე პრობლემებზეც ისაუბრა, ტრანსგენდერი ადამიანების საკითხებით დაწყებული, ქალთა დისკრიმინაციით დასრულებული.

საღამოს ერთ-ერთ ნათელ მომენტად 39 წლის მსახიობის მიშელ ვილიამსის (Michelle Williams) სამადლობელი სიტყვა იქცა, რომელსაც ემი მინისერიალის საუკეთესო მსახიობის ნომინაციაში ერგო, პროექტისთვის “ფოსი და ვერდონი” (Fosse/Verdon).

თავის სიტყვაში, მსახიობი შეეხო ჰოლივუდის მტკივნეულ და აქტუალურ თემას – სახელფასო სხვაობის საკითხს. მიშელ ვილიამსმა აღნიშნა, რომ ამ პრობლემას საკუთარ გამოცდილებაშიც შეხვედრია. სურათის “მსოფლიოს მთელი ფული” (All the Money in the World) ხელახლა გადაღებისას, მან 1,5 ათასჯერ ნაკლები ჰონორარი მიიღო, ვიდრე – მისმა კოლეგამ მარკ ვოლბერგმა (Mark Wahlberg ). მიშელმა FX და Fox 21 Studios ხელმძღვანელებს მადლობა გადაუხადა შრომის თანაბარი ანაზღაურებისთვის და იმედი გამოთქვა, რომ ისინი ყველა ქალს კომფორტულ სამუშაო პირობებს შეუქმნიან.

“სხვა დროს, როდესაც ქალი, განსაკუთრებით ფერადკანიანი, რომელიც თავისი თეთრკანიანი კოლეგა კაცებისგან განსხვავებით, დოლარის ნაცვლად 52 ცენტს გამოიმუშავებს, გეტყვით, თუ რა სჭირდება სამუშაოდ, – მოუსმინეთ მას, დაუჯერეთ, რადგან ერთ მშვენიერ დღეს იგი მადლობას გადაგიხდით, რომ კარგი სამუშაო პირობები შეუქმენით და არა – პირიქით”, – დასძინა მიშელმა.

შეგახსენებთ, რომ 2018 წელს, კევინ სპეისის გახმაურებული სექს სკანდალის გამო, რეჟისორმა რიდლი სკოტმა ხელახლა გადაიღო თავისი ფილმის, “მსოფლიოს მთელი ფულის”, ზოგიერთი სცენა. ამის შემდეგ, ცნობილი გახდა, რომ ფილმის ხელახალ ვერსიაში მარკ ვოლბერგმა 1,5 მილიონი დოლარი აიღო, მაშინ, როცა ვილიამსს მხოლოდ 1000$ გადაუხადეს. მოგვიანებით, სკანდალის გახმაურების შემდგომ, ვოლბერგმა მთელი თავისი ჰონორარი მოძრაობა Time’s Up-ის ფონდში გადარიცხა, რომელიც სექსუალური შევიწროებისა და დისკრიმინაციის მსხვერპლ ქალებს ეხმარება.

15 სექტემბერს, The Guardian-მა გამოაქვეყნა კვლევა კინოინდუსტრიაში ქალების და კაცების ჰონორარებს შორის სხვაობაზე. როგორც ეკონომისტებმა დაადგინეს, კაცები ჰოლივუდში საშუალოდ 1 მილიონი დოლარით მეტს იღებენ, ვიდრე – ქალები. აღსანიშნავია, რომ 1980-დან მოყოლებული, 2015 წლის ჩათვლით, ჰონორარების მსგავსი სქემა პრაქტიკულად უცვლელია.

vogue.com