პოლიტიკაshe / სტატიები

მიშელ ობამა: ნებისმიერი საზოგადოების საზომი არის ის, თუ როგორ ექცევა იგი საკუთარ ქალებს და გოგონებს

First lady Michelle Obama arrives during a campaign rally for Democratic presidential candidate Hillary Clinton Thursday, Oct. 13, 2016, in Manchester,NH (AP Photo/Jim Cole)

(ნიუ-ჰემფშირში გამოსვლის ტექსტი)

13 ოქტომბერს მიშელ ობამა მანჩესტერში, ნიუ-ჰემფშირის შტატში, პრეზიდენტობის კანდიდატ ჰილარი კლინტონის მხარდასაჭერად სიტყვით გამოვიდა.

“მოგესალმებით ყველას. ძალიან მოხარული ვარ რომ აქ, ნიუ-ჰემფშირში თითოეულ თქვენთაგანთან ერთად ვატარებ დროს. ეს ადგილი ჩემთვის სახლივითაა, და ეს დღეც . მადლობა შემოდგომის ასეთი ლამაზი დღისთვის. ალბათ ჩემთვის შეუკვეთეთ ასეთი დღე, არა? კიდევ ერთხელ, ძალიან მიხარია აქ ყოფნა.

არ მჯერა, რომ არჩევნებამდე რამდენიმე კვირაღა დარჩა, რომელშიც ყველანი ერთად მხარს დავუჭერთ აშშ-ს მომავალ პრეზიდენტს და ვიცე-პრეზიდენტს, ჰილარი კლინტონსა და ტიმ კეინს! ნიუ-ჰემფშირი კი, როგორც ყოველთვის, ძალიან მნიშვნელოვანია.

გასულ სამშაბათს თეთრ სახლში აღვნიშნავდით გოგონათა საერთაშორისო და გოგონათა გაძლიერების პროგრამის საერთაშორისო დღეს. ეს იყო მშვენიერი ზეიმი. ეს არის პირველი ლედის როლში ჩემი ბოლო ღონისძიება გოგონათა განვითარების პროგრამაში. მქონდა იმის ბედნიერება, დრო საოცარ ქალბატონებთან, ახალგაზრდა გოგონებთან ერთად გამეტარებინა აქ, ამერიკაში და მთელი მსოფლიოს გარშემო. ჩვენ მათ იმედებსა და ოცნებებზე, მათ მისწრაფებებზე ვისაუბრეთ. ეს ყველაფერი იმიტომ, რომ ამ გოგონათა უმრავლესობას წარმოუდგენელ სირთულეებთან შეჭიდება მოუწია, რათა სკოლაში ევლოთ. საფრთხის ქვეშ იყო მათი პირადი უსაფრთხოება, მათი თავისუფლება, თავიანთი ოჯახების და თემის მხრიდან გარიყვის რისკის ქვეშ იმყოფებოდნენ.

გამომდინარე აქედან, ვიფიქრე, მნიშვნელოვანი იქნებოდა, ამ ახალგაზრდა გოგონებისთვის შემეხსენებინა, რამდენად ფასეული და ძვირფასები არიან ჩვენთვის. მინდოდა, მათ გაეანალიზებინათ, რომ ნებისმიერი საზოგადოების საზომი არის ის, თუ როგორ ექცევა იგი საკუთარ ქალებს და გოგონებს. მე მათ ვუთხარი, რომ ისინი იმსახურებდნენ პატივისცემით და ღირსეულ მოპყრობას, მე მათ ვუთხარი, რომ არაფრად ჩაეგდოთ ნებისმიერი, ვინც ამცირებს და დევალირებას უწევს მათ და რომ მათ მსოფლიოს საკუთარი ხმა უნდა გააგონონ. შეხვედრიდან ძალიან შთაგონებული გამოვედი, ისევე, როგორც შთაგონებით ვივსები ყველა ახალგაზრდის დანახვით აქ — ძალიან ამაღლებული ემოცია მივიღე გოგონებისგან.

და ახლა, მე ვიმყოფები საარჩევნო კამპანიაში, სადაც ხშირად ვისმენთ ხოლმე მტკივნეულ, სიძულვილით გაჯერებულ ენას ქალების მიმართ — ენას, რომელიც ძალიან მტკივნეული იყო ბევრი ჩვენთაგანისთვის, არა მხოლოდ ქალებისთვის, მაგრამ მშობლებისთვისაც, რომლებიც ვცდილობთ, დავიცვათ ჩვენი შვილები და აღვზარდოთ ისინი მზრუნველებად, პატივსაცემ ზრდასრულებად და ისეთ მოქალაქეებად, რომლებიც ფიქრობენ, რომ ჩვენი ქვეყნის ლიდერები ადამიანური წესიერების მინიმალურ სტანდარტებს უნდა შეესაბამებოდნენ.

ფაქტია, რომ ამ არჩევნებში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტობის კანდიდატი გვყავს, რომელსაც თავისი ცხოვრების და საარჩევნო კამპანიის დროს ქალთა შესახებ ისეთი სიტყვები უთქვამს, რომლებიც იმდენად შოკისმომგვრელი, იმდენად დამამცირებელი იყო, რომ უბრალოდ თქვენთან ვერ გავიმეორებ. გასულ კვირას ამ კანდიდატმა ქალთა მიმართ სექსუალური შევიწროების შესახებ დაიტრაბახა კიდეც. მე თვითონაც არ მჯერა, როცა ვამბობ, რომ ამერიკის პრეზიდენტობის კანდიდატი ქალთა მიმართ სექსუალური შევიწროების შესახებ ტრაბახობდა.

მინდა გითხრათ ისიც, რომ ამის შესახებ ფიქრს ვერ ვწყვეტ. ამ ფაქტმა იმდენად ძირფესვიანად შემძრა, რომ ვერც კი წარმოვიდგენდი. არაფერი გამეხარდებოდა იმაზე მეტად, რომ თავი ისე მომეჩვენებინა, თითქოს ეს ყველაფერი არ ხდება და გამოვსულიყავი აქ სტანდარტული კამპანიის გამოსვლით, უპატივცემულოდ და გულუბრყვილოდ, თითქოსდა ეს მხოლოდ ცუდი სიზმარი იყო.

ეს არ არის ისეთი რამ, რაც შეიძლება დავაიგნოროთ. ეს არ არის ისეთი რამ, რისი “ხალიჩის ქვეშ შეხვეტაც” შეიძლება, როგორც უბრალოდ შემდეგი შემაწუხებელი დეტალი დამამწუხრებელ საარჩევნო კამპანიაში, იმიტომ, რომ ეს არ იყო უბრალოდ “უხამსი დიალოგი”. ეს არ იყო უბრალოდ გასახდელ ოთახში ნათქვამი უწყინარი ხუმრობა. ეს იყო გავლენიანი ინდივიდის თავისუფალი და ღია გამოსვლა სექსუალური მტაცებლის ქცევაზე და ტრაბახი ქალებისთვის ხელის ფათურისა და კოცნის შესახებ იმდენად უხამსი ენის გამოყენებით, რომ ბევრი ჩვენთაგანი იმის შესახებაც კი წუხდა, რომ ბავშვებს არ გაეგონათ ეს ყველაფერი ტელევიზორის ჩართვისას.

უარესი კი ისაა, რომ ახლა უკვე ძალიან ნათლად ჩანს ის, რომ ეს არ არის იზოლირებული ინციდენტი. ეს არის მხოლოდ ერთი იმ უამრავი მაგალითიდან, თუ როგორ ექცეოდა იგი ქალებს მთელი თავისი ცხოვრების განმავლობაში. მინდა გითხრათ, რომ როცა ამ ყველაფერს ვისმენ, ისევე როგორც ბევრ თქვენთაგანს, განსაკუთრებით ქალებს, მეც გულთან ძალზე ახლოს მიმაქვს: სამარცხვინო კომენტარები ჩვენი სხეულის შესახებ, უპატივცემულობა ჩვენი ამბიციებისა და ინტელექტის მიმართ, რწმენა იმისა, რომ ქალთან რასაც გინდა, იმას მიაღწევ.

ეს ბოროტებაა. ეს შემაშინებელია. სიმართლე კი ისაა, რომ ეს მტკივნეულია. მტკივნეულია. ეს იმ გულისამრევ გრძნობას გავს, როცა ქუჩაში მისეირნობ, საკუთარ საქმეზე ფიქრობ და უცებ ვიღაც ტიპი ვულგარულ კომენტარებს აკეთებს შენს ტანთან დაკავშირებით, ან იმ ერთი ტიპივით, სამსახურში შენთან ზედმეტად ახლოს რომ დგება, ზედმეტად დიდხანს რომ გაშტერდება და საკუთარ კანშიც კი არაკომფორტულად რომ გამყოფებს.

ეს იმ ტერორისა და ძალადობის გრძნობას გავს, რომელიც ძალზე ბევრ ქალს განუცდია, როცა ვინმე მათ ხელს წაავლებს. მიუხედავად იმისა, რომ ისინი უარზე არიან, კაცები მათ მაინც არ უსმენენ — ეს ისეთი რამაა, რაც ყველამ ვიცით, რომ ყოველდღე ხდება კოლეჯების საერთო საცხოვრებლებსა და უამრავ სხვა ადგილას. ეს იმ ისტორიებს გვაგონებს, რომელიც ხშირად გვსმენია ჩვენი დედებისა და ბებიებისგან იმის შესახებ, თუ როგორ შეეძლო ძველად უფროსს ოფისში ებრძანებინა ქალისთვის ის, რაც მოესურვებოდა, და მიუხედავად იმისა, რომ საკუთარი ძალების დასამტკიცებლად ქალები თავს არ ზოგავდნენ მუშაობით, ეს საკმარისი მაინც არასოდეს იყო.

ალბათ ყველა ვთვლიდით, რომ ეს ძველისძველი ისტორიები იყო, არა? და ძალიან ბევრ ადამიანს უმუშავია წლების განმავლობაში, რომ დასრულებულიყო ასეთი ტიპის ძალადობა, ბოროტი ზრახვები და უპატივცემულობა. ახლა კი, 2016 წელს, ვისმენთ ზუსტად იგივეს ყოველდღე, საარჩევნო კამპანიის განმავლობაში. ჩვენ ამაში ვიძირებით, და ყველანი ვაკეთებთ იმას, რასაც ქალები ყოველთვის აკეთებდნენ: ვცდილობთ, ამოვყვინთოთ, გადავიტანოთ, ვცდილობთ, საკუთარი თავი დავაჯეროთ, თითქოს არაფერი ხდება. შესაძლოა ეს იმიტომ ხდება, რომ ვფიქრობთ, რამდენად მტკივნეულია ამის აღიარება. ეს ყველაფერი ჩვენ, ქალებს, გვასუსტებს.

შეიძლება გვეშინია, ამდენად მოწყვლადები არ ვიყოთ. შეიძლება შევეჩვიეთ ამ ემოციების გადაყლაპვას და მშვიდად ყოფნას, რადგან ძალიან ხშირად გვინახავს, თუ როგორ არაფრად აგდებენ ჩვენს სიტყვებს. ან შეიძლება არ გვინდა, დავიჯეროთ, რომ კვლავ არსებობენ ადამიანები, ვისთვისაც ქალები ასეთი სუსტები არიან. ძალიან ბევრი ადამიანი ამ ყველაფერს ისე ეკიდება, თითქოს მორიგი დღის ახალი ამბავი იყოს, თითქოს ჩვენი უფლებები დაუცველი და გამქრალია, თითქოს ეს ნორმალური იყოს, უბრალოდ პოლიტიკა იყოს, როგორც ყოველთვის.

მაგრამ ნიუ-ჰემფშირის მოქალაქეებო, ნათლად შეხედეთ: ეს არ არის ნორმალური. ეს არ არის “პოლიტიკა, როგორც ყოველთვის”. ეს სამარცხვინოა. ეს აუტანელია. და მნიშვნელობა არ აქვს იმას, თუ რომელ პარტიას ემხრობით : დემოკრატებს, რესპუბლიკელებს, დამოუკიდებელ კანდიდატებს — არც ერთი ქალი არ იმსახურებს ასეთ მოქცევას. არც ერთი ჩვენგანი არ იმსახურებს ასე ბოროტად მოპყრობას.

ვიცი, რომ ეს საარჩევნო კამპანიაა, მაგრამ ეს არ ეხება პოლიტიკას. ეს ეხება ძირითად ადამიანურ წესიერებას. ეს ეხება იმას, თუ რა არის სწორი და არასწორი. ამას უბრალოდ ვერ შევეგუებით, ვერ ვაჩვენებთ ჩვენს შვილებს ამას — ვერც ერთი წუთით, მითუმეტეს ოთხი წლით. სწორედ ახლა არის დრო, რომ ყველანი ერთად წამოვდგეთ და ვთქვათ — საკმარისია! ეს ყველაფერი ახლავე უნდა შეწყდეს!

მნიშვნელოვანია, გავითვალისწინოთ: თუ ეს ყველაფერი მტკივნეულია ჩვენთვის, ზრდასრული ქალებისთვის, როგორ ფიქრობთ, როგორი გავლენა ექნება ამას ჩვენს ბავშვებზე? რა მესიჯი მიგვაქვს ჩვენი პატარა გოგონებისთვის, როცა გაიგებენ, ვის უნდა ჰგავდნენ, როგორ მოიქცნენ? რა გაკვეთილებს იღებენ ისინი საკუთარი პროფესიონალიზმის ღირებულების, ადამიანური, მათი ოცნებების და მისწრაფებების შესახებ? როგორ გავლენას ახდენს ეს ამ ქვეყნის კაცებსა და ბიჭებზე? შემიძლია გითხრათ, რომ კაცი, რომელიც ჩემს ცხოვრებაშია, ქალებზე ასე არ საუბრობს. ვიცი, რომ ჩემი ოჯახი განსაკუთრებული არ არის. და ამ ყველაფერის „გასახდელის“ ტიპის დიალოგად გაყვანა წესიერი კაცისთვის ყველგან შეურაცხმყოფელია.

კაცები, რომლებსაც ჩვენ ვიცნობთ, ქალებს ასე არ ექცევიან. ისინი მოსიყვარულე მამები არიან, რომლებსაც იმის გაფიქრებაც კი გულს ურევს, რომ მათი ქალიშვილების მიმართ მსგავსი ბილწი სიტყვები იქნას გამოყენებული. ისინი არიან ქმრები, ძმები და შვილები, რომლებიც ქალების მიმართ მსგავს დამცირებასა და უპატივცემულობას ვერ იტანენ. და ისევე როგორც ჩვენ, ეს მამაკაცებიც დარდობენ იმის შესახებ, თუ რა გავლენა ექნება ამ არჩევნებს ჩვენს ბიჭებზე, რომლებიც ეძებენ როლურ მოდელს იმის შესახებ, თუ რას ნიშნავს, იყო მამაკაცი.

ერთმა მშობელმა ახლახან მიამბო ისტორია თავისი 6 წლის ვაჟის შესახებ, რომელიც ერთ დღეს ახალ ამბებს უყურებდა — ახალ ამბებს ერთად უყურებდნენ. და უცებ პატარა ბიჭმა თქვა: “ვფიქრობ, ჰილარი კლინტონი გახდება პრეზიდენტი”. დედამ ჰკითხა: “რატომ ფიქრობ ასე?” და ამ პატარა 6 წლის ბიჭმა უპასუხა: “იმიტომ რომ მეორე კაცმა ვიღაცას გასიებული უწოდა, ვერ გახდები პრეზიდენტი, თუ ვინმეს გასიებულს ეძახი”.

ასე რომ, 6 წლის ბავშვსაც კი ესმის, რა არის უკეთესი. 6 წლის ბავშვმაც კი იცის, რომ ზრდასრულები ასე არ უნდა იქცეოდნენ. წესიერი ადამიანები ასე არ იქცევიან. და რა თქმა უნდა, ამერიკის პრეზიდენტი ასე არ უნდა იქცეოდეს.

მოდით, ნათლად შევხედოთ: ძლიერ მამაკაცებს — ნამდვილ როლურ მოდელებს — არ სჭირდებათ ქალების დაკნინება იმისთვის, რომ თავი უფრო ძლიერად იგრძნონ. ნამდვილად ძლიერი ადამიანები სხვებს ეხმარებიან მაღლა ასვლაში. ადამიანები, რომლებიც ნამდვილად ძლიერები არიან, ერთიანდებიან. სწორედ ეს თვისებები უნდა ჰქონდეს ჩვენს მომავალ პრეზიდენტს. ჩვენ გვჭირდება ადამიანი, რომელიც გამაერთიანებელი ძალა გახდება ამ ქვეყანაში, გვჭირდება ვინმე, ვინც იმ ჭრილობებს მოაშუშებს, რომლებიც ერთმანეთისგან გვყოფს, ვინმე, ვინც ნამდვილად იზრუნებს ჩვენზე და ჩვენს შვილებზე, ვინმე, ვისაც აქვს საკმარისი ძალა და თანაგრძნობა ამ ქვეყნის წინ წასაყვანად.

და ნება მომეცით გითხრათ, მე დღეს აქ ვარ რათა მთელი ჩემი გულით მჯერა რომ ჰილარი კლინტონი სწორედ ასეთი პრეზიდენტი იქნება.

ჩვენ ვიცით, რომ ჰილარი ამ პოზიციისთვის ზედგამოჭრილი ადამიანია, რადგან გვინახავს მისი ხასიათი და თავდადება არა მხოლოდ ამ საარჩევნო კამპანიაში, არამედ მთელი მისი ცხოვრების განმავლობაში. ფაქტია, რომ ჰილარი იმ უამრავი ფასეულობის განსახიერებაა, რომელსაც თავდადებით ვცდილობთ რომ ვასწავლოთ ახალგაზრდებს. ახალგაზრდებს ყოველთვის ვურჩევთ: “იშრომე თავდაუზოგავად, მიიღე კარგი განათლება”. ჩვენ ვეუბნებით მათ, რომ ეს განათლება სხვების დასახმარებლად  გამოიყენონ —  სწორედ ამას აკეთებდა ჰილარი მისი საბაკალავრო და სამართლის დიპლომების მოპოვებით, შშმ ბაშვებისთვის ადვოკატირებით, ბავშვთა ჯანდაცვაზე ზრუნვით.

ჩვენს შვილებს გუნდურ თამაშს ვასწავლით. სწორედ ამიტომაა ჰილარი სამაგალითო, რადგან მიუხედავად იმისა, რომ 2008 წლის არჩევნებში დამარცხდა, საკუთარ ოპონენტებთან ერთად სახელმწიფო მდივნად მუშაობაზე დათანხმდა და ამით კიდევ მეტი მოწონება და რეიტინგი დაიმსახურა თავისი ქვეყნისთვის თავდადებაში.

ჩვენ ასევე ვასწავლით შვილებს, რომ ცხოვრებაში მოკლე გზა არ აირჩიონ და ესწრაფვოდნენ ღირებულ წარმატებას ნებისმიერ საქმეში, რასაც გააკეთებენ. ჰილარი იყო იურისტი, სამართლის პროფესორი, არკანზასის პირველი ლედი, აშშ-ის პირველი ლედი, აშშ-ის სენატორი და სახელმწიფო მდივანი. იგი იყო წარმატებული ყველა ამპულაში, იღებდა გამოცდილებას და მან სხვა ნებისმიერ კანდიდატზე მეტად გამოანათა, უფრო მეტად, ვიდრე ბარაკმა, უფრო მეტად ვიდრე ბილმა. და დიახ, ის ქალია.

და ბოლოს, ჩვენ ვასწავლით შვილებს: როცა ცხოვრებაში გამოწვევა გხვდება, არ ნებდები, მიჰყვები მას. მხოლოდ სახელმწიფო მდივნის რანგში, ოთხი წლის განმავლობაში ჰილარის უამრავი სირთულე შეხვდა. მას მოუწია, ჩასულიყო 112 ქვეყანაში, მოლაპარაკებას მიაღწია ცეცხლის შეწყვეტასთან დაკავშირებით, სამშვიდობო შეთანხმება, დისიდენტების გათავისუფლება. იგი 11 საათის განმავლობაში აძლევდა ჩვენებას კონგრესის კომიტეტს. ვიცით, რომ როცა საქმეები რთულდება, ჰილარი არ ყოყმანებს. ის არ ადანაშაულებს სხვებს. არ ტოვებს გემს რაიმე უფრო ადვილის გამო. არა, ჰილარი კლინტონი ცხოვრებაში არასდროს დანებებულა.

ასე რომ ჰილარი არის კანდიდატი, რომელმაც საკუთარი ცხოვრება საჯარო სამსახურს მიუძღვნა, ადამიანი, რომელიც ელოდა საკუთარ დროს და ამ დროის განმავლობაში ქვეყანას ეხმარებოდა. ის არის საოცარი დედა. მან აღზარდა არაჩვეულებრივი ახალგაზრდა ქალბატონი. ის არის მოსიყვარულე, ერთგული ცოლი. ის არის თავდადებული შვილი, რომელიც დედაზე სიცოცხლის ბოლომდე ზრუნავდა. რომელიმე ჩვენგანს რომ აღგვეზარდა ჰილარის მსგავსი შვილი, ძალიან ბედნიერები ვიქნებოდით.

მიუხედავად იმისა თუ ვინ არის მისი ოპონენტი, ვერავინ იქნება ჰილარიზე უფრო კვალიფიციური, ვერავინ. და თუ ამ არჩევნებში ჩვენ მას ზურგს ვაქცევთ, თუ უბრალოდ გავჩერდებით და მისი ოპონენტის არჩევას დავუშვებთ, მაშინ რას ვასწავლით ჩვენს შვილებს იმ ფასეულობების შესახებ, რაც მათ უნდა ჰქონდეთ, ცხოვრების შესახებ, რომელიც მათ უნდა გაიარონ? რას ვეუბნებით მათ?

გულის სიღრმეში, ჩვენ ყველამ ვიცით, რომ თუ ჰილარის ოპონენტს არჩევნებში გამარჯვების საშუალებას მივცემთ, მაშინ ჩვენს შვილებს ვაწოდებთ იმ მესიჯს, რომ ყველაფერს, რასაც ხედავენ და ისმენენ, არა უშავს. ჩვენ ამას ვაკანონებთ. ჩვენ ამას ვახორციელებთ. ამით ჩვენს ბიჭებს ვეუბნებით, რომ ქალების დამცირება ნორმალურია. ამით ჩვენს გოგონებს ვეუბნებით, რომ ისინი ასეთ მოქცევას იმსახურებენ. ჩვენს შვილებს ვეუბნებით, რომ ფანატიზმი და ბულინგი ძალიან მისაღები რამაა ჩვენი ქვეყნის ლიდერისთვის. გვინდა ეს ჩვენი შვილებისთვის?

ისიც გახსოვდეთ რომ ამით არათუ ჩვენს შვილებს ვაძლევთ ცუდ მაგალითს, არამედ მთელს მსოფლიოსაც; აქამდე, ამერიკა იყო როლური მოდელი უამრავი ქვეყნისთვის დედამიწაზე. ჩვენ მათ მოვუწოდებდით, მიეცათ გოგონებისთვის განათლება, ქალებისთვის მეტი უფლებებს მოვითხოვდით. მაგრამ თუ გვეყოლება პრეზიდენტი, რომელიც რუტინულად დეგრადაციას უწევს ქალებს, ამაყობს ქალებისთვის შეურაცხყოფის მიყენებით, მაშინ როგორღა შევინარჩუნებთ მორალურ ავტორიტეტს მსოფლიოს თვალში? როგორ შევძლებთ ვიყოთ თავისუფლების, სამართლიანობის და ადამიანური ღირსების შუქურა?

საბედნიეროდ, ნიუ-ჰემფშირის მოქალაქენო, აი რაშია მთელი ხიბლი: ჩვენ გაგვაჩნია ყველაფერი, რათა შევწყვიტოთ ეს სიგიჟე. ჩვენი დედები და ბებიები ხშირად უძლურნი იყვნენ, შეეცვალათ არსებული სიტუაცია, თუმცა დღეს, ჩვენ, ქალებს გვაქვს ყველანაირი ძალა, რათა განვსაზღვროთ ამ არჩევნების შედეგები.

ჩვენ გაგვაჩნია ცოდნა. ჩვენ გვაქვს ხმა. ჩვენ გვაქვს ხმის მიცემის უფლება. და 8 ნოემბერს ჩვენ, როგორც ქალებს, როგორც ამერიკელებს, როგორც წესიერ ადამიანებს, შეგვიძლია ერთად დავდგეთ და ვთქვათ: საკმარისია! და რომ ასეთი ქცევა მისაღები არ არის ამ ქვეყანაში.

გახსოვდეთ, რომ 2012 წელს ქალი ამომრჩევლების ხმებმა დიდი როლი შეასრულა ბარაკ ობამას გამარჯვებაში ბევრ შტატში, მათ შორის ნიუ-ჰემფშირში. ასე რომ, მათთვის ვინც ფიქრობს, რომ მათი ერთი ხმას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ან რომ ერთ ადამიანს არ შეუძლია რაიმე შეცვალოს, გაითვალისწინეთ: 2012 წელს ბარაკმა ნიუ-ჰემფშირში 40 000 ხმით მოიგო, რომელიც ერთი შეხედვით ბევრია. მაგრამ, თუ ციფრებს ჩავუღრმავდებით, მისი გამარჯვება და დამარცხება თითოეულ საარჩევნო უბანზე 66-მა ადამიანმა გადაწყვიტა. ამ 66 ადამიანს თითოეულ საარჩევნო უბანზე რომ ზურგი ექცია, ბარაკი დამარცხდებოდა.

თქვენს არჩევანს 8 ნოემბერს შეუძლია გადაწყვიტოს, ეყოლება ამ ქვეყანას პრეზიდენტი, რომელიც ადამიანებს პატივს სცემს, თუ არა. პრეზიდენტი, რომელიც იბრძოლებს ბავშვებისთვის, კარგი სკოლებისთვის, კარგი სამსახურებისთვის ჩვენს ოჯახებში, თუ არა. პრეზიდენტი, რომელიც ფიქრობს, რომ ქალები იმსახურებენ საკუთარი არჩევნის გაკეთების უფლებას საკუთარ სხეულსა და ჯანმრთელობაზე, თუ არა. ეს იმის მცირე ნაწილია, რაც სასწორზე დევს.

8 ნოემბერს ჩვენ შვილებს შეგვიძლია ვაჩვენოთ რომ აქ, ამერიკაში, არ მივესალმებით სიძულვილს და შიშს, და რთულ დროს ყველაზე დიდ იდეალებს არ ვღალატობთ. ჩვენ ფეხზე ვდგებით ჩვენი კავშირის იდეალიზაციისთვის. ჩვენ ერთად ვდგებით, რათა დავიცვათ საკუთარი თავისუფლება. ჩვენ ვერთიანდებით, რათა განვასახიეროთ თანასწორობის ფასეულობები და შესაძლებლობები და მსხვერპლი, რომელიც ყოველთვის ხდიდა ამ ქვეყანას ყველაზე დიდებულ ერად დედამიწაზე.

აი ეს ვართ ჩვენ. და არასდროს მისცეთ ვინმეს უფლება, სხვანაირად გითხრათ. იმედი მნიშვნელოვანია. იმედი მნიშვნელოვანია ახალგაზრდებისთვის. და ჩვენ გვჭირდება პრეზიდენტი, რომელსაც შეუძლია, დაინახოს სიმართლე ჩვენში , პრეზიდენტი, რომელსაც შეუძლია, ერთად შეგვკრას და გამოავლინოს, რაც ჩვენში საუკეთესოა. ჰილარი კლინტონი იქნება სწორედ ასეთი პრეზიდენტი”, – განაცხადა მიშელ ობამამ.

წყარო: medium.com