"საფარის" აქტივობები

მორიგი აქცია შინაგან საქმეთა სამინისტროსთან

შინაგან საქმეთა სამინისტროს წინ უკანასკნელი რამდენიმე თვის განმავლობაში უკვე მესამედ შეიკრიბნენ ,,ფემინისტების დამოუკიდებელი ჯგუფის’’, კავშირი “საფარისა” და სხვადასხვა უფლებადამცველი ორგანიზაციების წარმომადგენლები. შეკრების მიზეზი ფემიციდის მორიგი ტრაგიკული შემთხვევა – შინაგან საქმეთა სამინისტროს მოქმედი თანამშრომლის მიერ ყოფილი ცოლის  მკვლელობა – გახდა. 2014 წელს ეს უკვე ფემიციდის მე-14 ფაქტია (2013 წელს ფემიციდის 21 შემთხვევა დაფიქსირდა). აქციის მონაწილეების აზრით, თუკი ქალთა მიმართ ძალადობის ფაქტებს ადეკვატური რეაგირება არ მოყვა, ეს ტენდენცია უცვლელი დარჩება. უფლებადამცველების მოთხოვნები სამინისტროს მიმართ უცვლელია:

– შეიქმნას გენდერულად სენსიტიური მართლმსაჯულების სისტემა, რომელიც დანაშაულს გამოავლენს და გაითვალისწინებს მსხვერპლი ქალების მდგომარეობას და საჭიროებებს;
– შეიქმნას სპეციალური განყოფილება შსს-ში, რომელიც იმუშავებს ოჯახში ძალადობაზე;
– პოლიციელებმა აქტიურად გამოიყენონ შემაკავებელი ორდერები, როგორც დანაშაულის პრევენციისა და მსხვერპლის დაცვის ერთ-ერთი საშუალება;
– დანაშაულის ნიშნების არსებობისას, გამოიყენონ სისხლის სამართლის კოდექსის 126 პრიმა და 11 პრიმა მუხლები და დაიწყონ საქმის დაუყოვნებლივ გამოძიება. ნუ შემოიფარგლებიან სიტყვიერი გაფრთხილებებით;
– უბნის ინსპექტორებმა ყურადღება მიაქციონ ოჯახურ კონფიქტებს და მოახდინონ პრევენციული ჩარევა დანაშაულის თავიდან აცილების მიზნით;
– შსს-მ შეიმუშაოს ყველა ის სახელმძღვანელო დოკუმენტი, რომელიც დეტალურად გაუწერს პოლიციელს, თუ როგორ მოახდინოს ოჯახში ძალადობის დანაშაულის იდენტიფიცირება და როგორ გამოიყენოს შემაკავებელი ორდერი ან სხვა ეფექტური საშუალება.

დაღუპულ ქალთა უმრავლესობა ქმრის ან ყოფილი ქმრის მსხვერპლი გახდა. ზოგადად, ძალადობის საფუძვლები ქართულ კულტურაში შეგვიძლია ვეძიოთ; აქ ძალადობა კონფლიქტის მოგვარების მიღებული ფორმაა. აქციის ზოგიერთი მონაწილის აზრით, ამგვარი მკვლელობების გახშირება შესაძლებელია იმაზე მიუთითებდეს, რომ ქალები საკუთარი დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას იწყებენ, რასაც ხშირად ოჯახის წევრების, განსაკუთრებით კი მეუღლეების მხრიდან დიდი წინააღმდეგობა ხვდება. ასეთი წინააღმდეგობის ყველაზე უკიდურესი ფორმა კი სიცოცხლის ხელყოფაა.

უფლებადამცველები მოუწოდებენ სახელმწიფოს და საზოგადოებას, არ გამოიჩინონ გულგრილობა ქალთა მიმართ ძალადობის ნებისმიერი გამოვლინებისადმი, რადგან ამგვარი გულგრილობა ყველაზე მეტად უწყობს ხელს ქალთა მდგომარეობის გაუარესებას როგორც ოჯახში, ასე მის გარეთ.