თანასწორობის პოლიტიკა

მოჭადრაკე ნაზი პაიკიძე ირანში ჰიჯაბით ასპარეზობაზე უარს აცხადებს

მოჭადრაკე ქალები მომავალ წელს ირანში ჩასატარებელი მსოფლიო ჩემპიონატის ბოიკოტზე საუბრობენ. ამის მიზეზი მარტივია: მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილე ყველა ქალი ვალდებულია, ჰიჯაბით იასპარეზოს.

ფიდეს ქალთა ჭადრაკის კომისიამ მომავალ მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილე ქალებს „კულტურული განსხვავებულობის“ პატივისცემის თხოვნით მიმართა და ირანში მიღებული წესების დამორჩილებისკენ მოუწოდა. სიუზენ პოლგარი, (Susan Polgar), უნგრული წარმოშობის ამერიკელი გროსმაისტერი და ფიდეში (ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაცია) ქალთა ჭადრაკის კომისიის თავმჯდომარე, აცხადებს, რომ მოჭადრაკე ქალებმა კონკრეტულ ქვეყანაში მიღებული წესები უნდა გაითვალისწინონ. „მსოფლიოს სამოცამდე ქვეყანაში მიმოგზაურია. როდესაც სხვადასხვა კულტურის ქვეყნებში ვმოგზაურობდი, იქაური ტრადიციული სამოსით ვიმოსებოდი, მიუხედავად იმისა, რომ ამის გაკეთებას არავინ მაიძულებდა. უბრალოდ, ამას ადგილობრივი კულტურის მიმართ პატივისცემის გამო ვაკეთებდი“, – აღნიშნა პოლგარმა.

თუმცა, საქმე ბევრად რთულადაა: თუ ქალი გროსმაისტერები ირანში მოქმედ წესებს არ დაემორჩილებიან და ჰიჯაბს არ მოიხვევენ, შესაძლოა ციხეში აღმოჩნდნენ. ამიტომაც, მოჭადრაკე ქალები ფიდეს ქალთა უფლებების დაცვის კუთხით უმოქმედობაში ადანაშაულებენ. 1979 წლის ირანის რევოლუციის შემდეგ, ირანში ჰიჯაბის ტარებას ქალს კანონი აიძულებს. სწორედ ამიტომ გამოიწვია მსოფლიოს მოწინავე ქალ მოჭადრაკეთა შორის ასეთი მღელვარება ირანში მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარების ფაქტმა.

„სრულიად მიუღებელია, რომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ტურნირი იმ ადგილას უნდა ჩატარდეს, სადაც ქალებს ჰიჯაბების ქვეშ მალავენ. მე პატივს ვცემ კულტურულ განსხვავებულობას, მაგრამ იმ ქალების ციხეში გასტუმრება, ვინც ამ მოთხოვნებს არ დაემორჩილება, უკვე მეტისმეტია. როგორც ჩანს, ირანში ქალებისთვის ჭადრაკის თამაში უსაფრთხო საქმიანობა არ არის. ჩემთვის დიდი პატივია მსოფლიო ჩემპიონატზე ამერიკის შეერთებული შტატების სახელით გამოსვლა, მაგრამ, თუ სიტუაცია არ შეიცვლება, ტურნირში მონაწილეობისგან აუცილებლად თავს შევიკავებ“, – აცხადებს ჭადრაკის გროსმაისტერი ნაზი პაიკიძე-ბარნსი (Nazi Paikidze Barnes). წარმოშობით ქართველმა მოჭადრაკემ ირანში ქალის უფლებებსა და ჰიჯაბზე ადრეც ისაუბრა. “არიან ადამიანები, რომლებიც ჰიჯაბს კულტურის ნაწილად მიიჩნევენ, მაგრამ ჩემთვის ცნობილია, რომ უამრავი ირანელი ქალი ამ იძულებით კანონს ყოველდღიური რისკის ფასად, უშიშრად აპროტესტებს. სწორედ ამის გამო, მე არ ვაპირებ ჰიჯაბის ტარებას და ქალების დისკრიმინაციის გამართლებას, თუნდაც ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ტურნირის გაცდენის ფასად დამიჯდეს”, – აღნიშნა ნაზი პაიკიძემ.

მსგავსი საპროტესტო განწყობა აქვს ამერიკის ექსჩემპიონს, წარმოშობით ეკვადორელ გორმაისტერ კარლა ერედიას (Carla Heredia): „არც ერთი დაწესებულება, არც ერთი მთავრობა, ჭადრაკში ქალთა შორის მსოფლიო ჩემპიონატიც კი, ქალებს ჰიჯაბის ტარებას არ უნდა აიძულებდეს. ეს სპორტის ყველანაირ პრინციპს ეწინააღმდეგება. სპორტში დისკრიმინაციის ადგილი არ არის!“, – ამბობს ერედია.

საჭადრაკო ტურნირზე ჰიჯაბით გამოსვლის აუცილებლობამ დიდი მღელვარება გამოიწვია ნორვეგიელ მოჭადრაკე ქალებშიც. „გამოდის, რომ ქალთა შორის მსოფლო ჩემპიონობის მიღწევა მხოლოდ ჰიჯაბში გახვევით არის შესაძლებელი. ეს ტურნირს ბევრ მოასპარეზეს ჩამოაცილებს, რომლებიც ამის გაკეთებას არ მოისურვებენ. ფიდეს ამგვარი საკითხები აუცილებლად უნდა გაეთვალისწინებინა, სანამ მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარებას რომელიმე ქვეყანაში დაგეგმავდა“, – ამბობს მორტენ ლ. მადსენი (Morten L. Madsen), ნორვეგიის ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი.

ელენ იენ კარლსენი (Ellen Øen Carlsen), ნორვეგიის ჭადრაკის ფედერაციის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი და მაგნუს კარლსენის (Magnus Carlsen) და, აცხადებს, რომ მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ტურშიც რომ გავიდეს, მასში მონაწილეობას მაინც არ აპირებს. „ჩემპიონატში მონაწილეობას არ მივიღებ, რადგან არა მგონია, თამაშისას ჰიჯაბში თავი კომფორტულად ვიგრძნო, ისევე, როგორც ბიკინში. დრეს-კოდი შედარებით მიღებული მოთხოვნაა, მაგალითად, ტურნირებზე ზედმეტად მოკლე კაბის ჩაცმა სასურველი არ არის. მაგრამ, ჰიჯაბი მართლაც უჩვეულო რამაა. მე ვაპროტესტებ იმას, რომ ჰიჯაბი მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობის კრიტერიუმი გახდეს, თუმცა, თუ ირანში შენივე ნებით მიდიხარ, შესაძლოა, ამ წესების მორჩილება აუცილებელიც იყოს“, – ამბობს ელენ ეიე კარლსენი.

ირანში ქალთა შორის მსოფლიო პირველობა ჭადრაკში მომავალი წლის თებერვალშია დაგეგმილი.