ოჯახში ძალადობა

ოჯახში ძალადობა რუსეთში მასობრივი და მძიმე პრობლემაა – Human Rights Watch 2018

ხელი მკრა, მე იატაკზე დავვარდი, მან კი მუცელში წიხლი ჩამარტყა. თქვა, რომ მისი ოცნება იყო უმწიკვლო გოგოსთან შეხვედრა, მე კი იმედი გავუცრუე და არ ვიყავი „სუფთა“. ყოველ ღამე მაძალებდა მომეყოლა მისთვის „სიმართლე“ იმ კაცების შესახებ, რომლებთანაც მის გაცნობამდე ვიყავი. უფრო ხშირად მცემდა, ერთხელ ტუალეტში თავიც მიმარტყმევინა. არდადეგები რომ დადგა, დაგმანა გასასვლელი და მშვიდი ხმით მითხრა, რომ ცემით მათქმევინებდა სიმართლეს. ამის გამო სახლში სქელი ხალათით დავიწყე სიარული, რათა ცემისას ნაკლებად მტკენოდა. ფრჩხილებში დანა ჩამარჭო, ხის სკამი ჩამარტყა თავში, ქამრით მცემა. შემდეგ ჩემი თავი ხელებში მოიქცია და ჩემს სახეზე მოშარდა. ბავშვი ყვიროდა, „დედა, გთხოვ, უთხარი სიმართლე“– ლიზა, 33 წლის, ბაღის აღმზრდელი ფსკოვიდან.

ლიზასა და მის ხუთი წლის შვილს პარტნიორი მთელი წლის განმავლობაში სცემდა, ტანჯავდა და შეურაცხყოფდა. ბოლოს ლიზამ მოიკრიბა გამბედაობა და ძალა და მიატოვა კაცი, მან კი ქალის შევიწროება გააგრძელა. ლიზამ არაერთხელ მიმართა პოლიციას (მილიცია რუსეთში), თუმცა, სამართალდამცავები საჩივრის მიღებაზე უარს ეუბნებოდნენ იმ საბაბით, რომ ეს „ოჯახის საქმე“ იყო. ერთ დღეს კაცი ლიზას ახალი სახლის შესასვლელთან დაესხა თავს, წაგლიჯა ხელჩანთა და სახლის გასაღები.

დავრეკე პოლიციაში, ვუთხარი, რომ ვერ ვახერხებდი მისგან თავის დახსნას და დახმარება ვთხოვე.  ბინასთან ველოდებოდი პოლიციელების მოსვლას. ჩემი ხელჩანთა კვლავ მას ჰქონდა. დაცინვით შემომხედა და მითხრა, „ისინი ვერაფერს მიზამენ“. მართალიც იყო. მოვიდა პოლიცია და პოლიციელმა მითხრა: „რა პრობლემა გაქვს, ის სავსებით ნორმალურ ახალგაზრდა კაცს ჰგავს, თუ გასაღებზე დარდობ, უბრალოდ საკეტი გამოცვალე“.

ანგარიშში მოთხრობილი ლიზასა და სხვა ქალების ისტორიები ილუსტრაციაა იმისა, რომ რუსეთის სამართალდამცავი და სოციალური სისტემები არ იცავს და არ უჭერს მხარს ქალებს, რომლებიც მძიმე ფიზიკურ ძალადობასა და სხვა ტიპის ჩაგვრას განიცდიან პარტნიორების ხელში.  ანგარიში აღწერს რუსულ კანონმდებლობაში არსებულ თვალსაჩინო უფსკრულს, რაც ქალებს უსპობს თავდაცვისა და სამართლის პოვნის შესაძლებლობას ოჯახური ძალადობის შემთხვევების დროს, ხოლო გადარჩენილ ქალებს მზარდი რისკის ქვეშ აყენებს. დეტალურადაა აღწერილი ის ხელისშემშლელი ფაქტორები, რომლებსაც გადარჩენილი ქალები აწყდებიან პოლიციასთან ურთიერთობისას, საუბარია სოციალურ სტიგმზე, საზოგადოებაში ინფორმაციის ნაკლებობაზე, როგორც ოჯახური ძალადობის, ასევე ძალადობის მსხვერპლთა რეაბილიტაციის სერვისების შესახებ და პოლიციელებისადმი ნდობის არარსებობაზე.

ანგარიში აჩვენებს, თუ როგორ მტრულად ექცევიან პოლიციელები ოჯახური ძალადობის მსხვერპლებს, როგორ ეუბნებიან უარს ოჯახურ ძალადობასთან დაკავშირებული საჩივრის მიღებასა და გამოძიების დაწყებაზე, ნაცვლად იმისა, რომ სწორად დააკვალიანონ მსხვერპლი, რომელიც ვალდებულია თავად მოიძიოს და წარადგინოს ყველა საჭირო მტკიცებულება და ფინანსური ხარჯებიც თავად გაიღოს და  რომელსაც სურს, მალე დასრულდეს მისი პირადი ცხოვრების მტკივნეული დეტალების განხილვა.

დოკუმენტი ასევე გვიჩვენებს სახელმწიფო სერვისების მარცხს ოჯახური ძალადობისგან გადარჩენილებისთვის უმნიშვნელოვანესი დახმარების მიწოდების დროს, მოითხოვს რა მათგან უამრავ დოკუმენტაციას თავშესაფრის მისაცემად, კვირების განმავლობაში ალოდინებს და ზოგჯერ თავშესაფარზე უარსაც ეუბნება, ეს მაშინ, როცა ქალები ძალადობის განმეორების რისკის ქვეშ არიან.

ოჯახურ ძალადობას გადარჩენილები, იურისტები, ქალთა უფლებადამცველი ჯგუფები, სამთავრობო და არასამთავრობო სერვისების მიმწოდებლები და საჯარო მოხელეები ანგარიშში საუბრობენ ქმრებისა და პარტნიორების მიერ ქალთა მიმართ განხორციელებული სასტიკი ძალადობის შესახებ. როგორც წესი, ძალადობა დროთა განმავლობაში მძიმდება და ზოგჯერ წლები გრძელდება, ამას მძიმე და განგრძობითი ეფექტი აქვს მსხვერპლის ფიზიკურ და ფსიქიკურ ჯამრთელობაზე. „Human Rights Watch“ – ის მიერ გამოკითხული ქალები საუბრობენ იმაზე თუ როგორ ახრჩობდნენ, წიხლებით, ხისა და რკინის ჯოხებით სცემდნენ, წვავდნენ, ემუქრებოდნენ სხვადასხვა სახის იარაღით, სექსუალურად ძალადობდნენ და შეურაცხყოფდნენ, აივნიდან და ფანჯრიდან აგდებდნენ, კბილებს უმტვრევდნენ და ფსიქოლოგიური ძალადობის ქვეშ ამყოფებდნენ. თუ ქალებს შვილები ჰყავდათ, ძალადობა იწყებოდა ან მწვავდებოდა ორსულობის პერიოდში და ბავშვებიც ძალადობის მსხვერპლნი ხდებოდნენ.

რუსეთში, ისევე როგორც ნებისმიერ ქვეყანაში, ოჯახში ძალადობას განიცდის ყველა, მიუხედავად კლასისა, ასაკისა, ეთნიკური წარმომავლობის თუ სხვა მახასიათებლებისა. ოჯახში ძალადობა მოიცავს ფიზიკურ, სექსუალურ, ეკონომიკურ და ემოციურ ძალადობას და ძირითადად  განმეორებადია და ხშირად სიკვდილით სრულდება. რუსეთში ოჯახში ძალადობა ოჯახის სხვადასხვა წევრის მხრიდან შეიძლება ხორციელდებოდეს, მსხვერპლთა სრულ უმრავლესობა კი ქალები არიან.

რუსული კანონმდებლობა არ იღებს მხედველობაში ოჯახში ძალადობასთან დაკავშირებულ საკვანძო საკითხებს, რომლებიც უფრო ამძიმებს პრობლემას, აძლევს მას მასობრივ ხასიათს და  შეუძლებელს ხდიან ოჯახში ძალადობის, როგორც ცალკეული შემთხვევების განხილვას.  მაგალითად, კანონი არ ითვალისწინებს, რომ მსხვერპლი ხშირად ეკონომიკურადაა დამოკიდებული მოძალადეზე, ისინი ხშირად ერთად ცხოვრობენ და როგორც წესი, ძალადობა განმეორებითი და განგრძობითია წლების განმავლობაში.

მიუხედავად ცნობიერების ასამაღლებელი კამპანიებისა, დისკუსიებისა, რომლებიც ორი ათწლეულია გრძელდება, ქალთა უფლებადამცველი ორგანიზაციების აქტივისტების მუდმივი ძალისხმევისა, რუსეთს არ აქვს კანონი ოჯახში ძალადობის შესახებ და ის არ არის ცალკე გამოყოფილი სისხლის სამართლის ან ადმინისტრაციულ კოდექსში.

ოჯახში ძალადობის, როგორც ცალკე მდგომი სამართალდარღვევის არაღიარების ფაქტი ქმნის წარმოდგენას, რომ რუსი სამართალდამცავები არ უყურებენ ოჯახში ძალადობას, როგორც განსაკუთრებულ დანაშაულს, რომელიც არა მხოლოდ პირადი ხასიათისაა, არამედ საზოგადოებაზე ახდენს გავლენას. ეს კი არ აძლევს სამთავრობო სამსახურებს საშუალებას აწარმოონ თანმიმდევრული და სრულყოფილი სტატისტიკა. აღნიშნული ხელს უშლის ოჯახში ძალადობის არსის სრულყოფილ გაგებასა და მასთან ბრძოლისა და პრევენციის ეფექტური სტრატეგიების განვითარებას.

რუსული კანონი არც დამცავი ორდერის გაცემას ითვალისწინებს, რაც დაიცავდა ქალებს პარტნიორების მხრიდან შესაძლო ძალადობისგან.

2017 წლის თებერვალში მიღებული საკანონმდებლო ცვლილებებით ოჯახში პირველ ჯერზე მომხდარი ძალადობის ფაქტი დეკრიმინალიზებულია, რაც  უკან გადადგმული ნაბიჯია. ამ ტიპის დანაშაული იმგვარადვე ისჯება, როგორც ოჯახის არაწევრის მიერ ჩადენილი პირველი დანაშაული, რომელიც 2016 წელს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად გამოცხადდა და ძალიან მსუბუქ სასჯელს ითვალისწინებს. 2017 წლის ცვლილებებმა სასჯელის შემსუბუქებით მწვანე შუქი აუნთეს ოჯახში მოძალადეებს, შეასუსტეს მსხვერპლთა დაცვა და ქალისთვის უფრო რთული გახადეს მიაღწიონ მოძალადეების დასჯას.

მაშინ, როცა რუსეთის ოფიციალური სტატისტიკა, ოჯახში ძალადობის შესახებ, ფრაგმენტირებულია, მრავალი ინდიკატორი მიანიშნებს მის მასობრიობაზე. ოფიციალური კვლევები გვიჩვენებს, რომ ყოველ მეხუთე ქალს რუსეთში გამოუცდია ფიზიკური ძალადობა ქმრის ან პარტნიორის მხრიდან ცხოვრების რაღაც ეტაპზე. ფართოდ ციტირებული დამოუკიდებელი კვლევა ცხადყოფს, რომ ქალები რუსეთში სამჯერ მეტად არიან მოწყვლადნი გახდნენ ძალადობის მსხვერპლნი ოჯახის წევრისგან, ვიდრე უცხო პირისგან. ექსპერტთა დასკვნებით ოჯახური ძალადობის მსხვერპლთა 60% – 70% არ აცხადებს ძალადობის შესახებ და საქმეების მხოლოდ დაახლოებით 3% ხდება სასამართლო განხილვის საგანი.

ჩვენს მიერ გამოკითხულ ქალებს ბევრი მძიმე ოჯახში ძალადობის შემთხვევის შესახებ პოლიციაში არ განუცხადებიათ. გამოვყავით მთელი რიგი ფაქტორებისა, თუ რატომ ხდება ასე: პრობლემასთან დაკავშირებული სოციალური სტიგმა, რომელსაც ხშირად საჯარო მოხელეები, მათ შორის სამართალდამცავები და მოსამართლეები აძლიერებენ; ოჯახში ძალადობის შესახებ ცნობიერების დაბალი დონე, თავად მსხვერპლებში, მათ ახლო ნათესავებსა და მეგობრებში, ისევე როგორც სოციალურ სერვისებში, რომლებსაც მსხვერპლები საჭიროებენ; პოლიციისადმი უნდობლობა და პოლიციელთა დაბალი აქტიურობა; შიში, რომ მოძალადე პარტნიორი შურს იძიებს; ფინანსური დამოკიდებულება ქმარზე ან პარტნიორზე და შვილზე მეურვეობის დაკარგვის შიში.

ოჯახში ძალადობა რუსეთში უფრო ხშირად განიხილება ბავშვთა მიმართ ძალადობისა და ბავშვთა კეთილდღეობის კონტექსტში და არა როგორც ცაკლე მდგომი პრობლემა. ის ასევე ხშირადაა განხილული, როგორც კერძო „ოჯახის“ საქმე. პოლიცია, სასამართლო და ხშირად სერვისის მიმწოდებლები მსხვერპლის დადანაშაულებას იწყებენ და ქალებს ურჩევენ შეურიგდნენ  და არ „გამოიწვიონ“  მოძალადე. მაგალითად, ერთმა ადვოკატმა მოუთხრო Human Rights Watch – ს, რომ როდესაც მისმა კლიენტმა დაურეკა პოლიციას, მას შემდეგ რაც ქმარი თავს დაესხა დანით და დახრჩობას უპირებდა, პოლიციამ უპასუხა, „რატომ ართულებ სიტუაციას მისი გამოწვევით? მთვრალი იყო, უბრალოდ უნდა გეცლია გამოეძინა“.

რუსული სოციალური სერვისები ხშირად ადეკვატურად ვერ პასუხობს  მსხვერპლის საჭიროებებს. სახელმწიფო რესურსები მსხვერპლთათვის შეზღუდულია და ბევრად ჩამორჩება ევროპის საბჭოს, რომლის წევრიცაა რუსეთი, რეკომენდაციებს. ადგილები თავშესაფრებში, რომლებიც სპეციალიზებულები არიან ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვაში, ცოტაა. ზოგიერთი სახელმწიფო თავშესაფარი იმდენად ბევრ საბუთს ითხოვს ქალებისგან, რომ ძალიან რთულია მათი შეგროვება, თუ არა შეუძლებელი. ამასთანავე, თავშესაფრებს დიდი დრო სჭირდებათ გადაწყვეტილების მისაღებად, დააკმაყოფილონ თუ არა ძალადობას გადარჩენილის მოთხოვნა – რომელთაგან ბევრი მძიმე კრიზისულ მდგომარეობაშია, ემუქრებიან და არსად აქვს წასასვლელი.  თავშესაფრები, ძირითადად, ურბანულ ცენტრებშია განთავსებული, რაც სოფლად მცხოვრებ ქალებს კიდევ უფრო უზღუდავს მათზე წვდომას.

არასამთავრობო კრიზისული ცენტრები და თავშესაფრები გადამწყვეტ როლს ასრულებს სერვისების მიწოდებაში, სიტუაციებში, როცა სიცოცხლეს ემუქრება საფრთხე და როცა სახელმწიფო სერვისები, შესაძლოა, არ იყოს ხელმისაწვდომი. ხშირი იყო შემთხვევები, როცა ძალადობას გადარჩენილებმა ადგილი იპოვეს არასამთავრობოების მიერ მოწყობილ თავშესაფრებში, მას შემდეგ, რაც სახელმწიფო თავშესაფრებში უარი ეთქვათ. თუმცა არასამთავრობოები თავშესაფრის მიწოდებისას ფინანსურ სირთულეებს აწყდებიან იმ შეზღუდვების გამო, რომელიც მათ მთავრობამ დაუწესა უცხოეთიდან ფონდების მოძიების კუთხით.  მათ ასევე უწევთ მუშაობა ტოქსიკურ პოლიტიკურ გარემოში, სადაც სახელმწიფო მოხელეები დამოუკიდებელ ჯგუფებს „უცხოეთის აგენტებს“ უწოდებენ და ხალხში მათ მიმართ უნდობლობას აღვივებენ.

კანონმდებლები რომლებმაც 2017 წელს ოჯახური ძალადობის დეკრიმინალიზაციას დაუჭირეს მხარი, ოჯახური ძალადობის პრევენციასა და მოძალადეთა დასჯას რუსულ ოჯახში ჩარევასა და „ტრადიციულ ღირებულებებზე“ თავდასხმასთან აიგივებდნენ. ეს ყოველივე ასახავს კონსერვატულ თვალსაზრისს, რომელიც ბოლო წლების რუსულ პოლიტიკაში დომინირებს და რომელმაც ოჯახური ძალადობის შესახებ არასწორი კონცეფციები წარმოშვა, როგორიც არის ქალი „პროვოკატორი“, ქალი „მიზეზი“, ქალი, რომელიც იმსახურებს ცემას და რომ ქალმა უნდა აიტანოს ძალადობა შვილების გამო.

რუსული საზოგადოებრივი აზრი გენდერული ნიშნით ძალადობის შესახებ ნელ-ნელა იცვლება, ცნობიერების ასამაღლებელი კამპანიების შედეგად, რომლებსაც ისეთი არასამთავრობო ჯგუფები და კოალიციები ატარებენ, როგორებიცაა: ქალთა არასამთავრობოების ასოციაციათა კონსორციუმი, ძალადობის პრევენციის ცენტრი, Nasiliu.net და სხვები. პარლამენტის არაერთმა წევრმა დაუჭირა მხარი კანონპროექტს ოჯახში  ძალადობის შესახებ, რომელიც მიემართება სხვადასხვა სამართლებრივ პრობლემას. ზოგიერთმა სახელმწიფო მოხელემ, მაგალითად, შრომის და სოციალური დაცვის სამინისტროში და ასევე ომბუდსმენმა აღიარეს სახელმწიფოს სუსტი პასუხი ოჯახში ძალადობაზე. ისინი მხარს უჭერენ ოჯახში ძალადობასთან დაკავშირებულ პრევენციულ ნაბიჯებს და უზრუნველყოფენ სამართლებრივ და სხვა ტიპის დაცვას მსხვერპლთათვის, მათ შორის ოჯახში ძალადობისთვის სპეციალური კანონის მიღებას ემხრობიან. არაერთმა მნიშვნელოვანმა სახელმწიფო მოხელემ საჯაროდ აღიარა, რომ ცვლილებამ ოჯახში პირველად ჩადენილი ძალადობის დეკრიმინალიზაციის შესახებ, გამოიწვია ძალადობის რიცხვის ზრდა.

რუსეთის პარლამენტმა უნდა მიიღოს კანონი, რომელიც ოჯახში ძალადობას განიხილავს როგორც ცალკე მდგომ სისხლის სამართლის დანაშაულს, რომელიც გამოძიებული და დასჯადი უნდა იყოს სახელმწიფოს მხრიდან. ასევე, უნდა შეიქმნას სამართლებრივი სერვისები დამცავი ორდერის გასაცემად. რუსმა სამართალდამცავებმა უნდა უზრუნველყონ ეფექტური რეაგირება ოჯახში ძალადობის შესახებ საჩივრებზე და მსხვერპლი ქალების წვდომა საჭირო სერვისებთან, მათ შორის – დროებით თავშესაფრებში მისაღებად პროცედურების გამარტივებაც.

თუ რუსეთის ხელისუფლება არ იმოქმედებს  სიტუაციის შეცვლისთვის, მრავალი სიცოცხლე დადგება რისკის ქვეშ და ოჯახში ძალადობას გადარჩენილები კვლავ ძალადობის პირისპირ აღმოჩნდებიან.

Human Rights Watch- ის 2018 წლის ანგარიშის მიხედვით.