პაკისტანში, მულტანში (ქალაქი პენჯაბის პროვინციაში), 20 მამაკაცი დააპატიმრეს 16 წლის გოგონას გაუპატიურების ბრძანების გაცემის გამო. ეს სასჯელი გოგონამ იმის გამო „დაიმსახურა“, რომ მისმა ძმამ, გავრცელებული ხმების თანახმად, 12 წლის გოგონა გააუპატიურა.
„ჯირგამ (სოფლის საბჭო) 16 წლის გოგონას სასჯელის სახით გაუპატიურების ბრძანება გასცა, რადგან მისმა ძმამ 12 წლის გოგონა გააუპატიურა“, – ამბობს პოლიციელი ალაჰ ბაქში (Allah Baksh). მისი თქმით, ივლისის დასაწყისში სოფლის საბჭოს მიმართა კაცმა, რომელმაც განაცხადა, რომ მისი 12 წლის და მისმა ბიძაშვილმა გააუპატიურა. ამის საპასუხოდ, მომჩივანს სოფლის საბჭომ ბრალდებულის დის გაუპატიურება უბრძანა, რაც შეასრულა კიდეც.
პაკისტანური გაზეთი Dawn წერს, რომ შურისძიების მსხვერპლი გოგონა სოფლის საბჭოსა და მისი მშობლების წინაშე გააუპატიურეს.
მოგვიანებით, ორივე გოგონას მშობლებმა იჩივლეს პოლიციის ადგილობრივ განყოფილებაში. ორივე შემთხვევაში, სამედიცინო შემოწმებამ გაუპატიურების ფაქტი დაადასტურა. პირველ შემთხვევაში, გოგონა 12-14 წლისა იყო, ხოლო საპასუხო გაუპატიურების მსხვერპლი კი – 16 ან 17 წლისა. ადგილობრივ პოლიციაში აცხადებენ, რომ მათთან შესულია საჩივარი 25 ადამიანის წინააღმდეგ, და რომ 12 წლის გოგონას გაუპატიურებაში ეჭვმიტანილი ჯერ კიდევ თავისუფალია.
ზოგიერთი ინფორმაციის თანახმად, გაუპატიურების ბრძანება ჯირგას (სოფლის საბჭო) ეკუთვნოდა, თუმცა, ბიბისის წყაროები ირწმუნება, რომ ეს ჯგუფი ორი ოჯახის წარმომადგენელთაგან შეიქმნა.
ჯირგა ადგილობრივი უხუცესებისგან შემდგარი საბჭოა. იგი ხშირად წყვეტს პაკისტანში საკამათო საკითხებს. ეს საბჭოები უკანონოდ ითვლება, რადგან ბევრი საკამათო გადაწყვეტილება აქვთ გამოტანილი, მათ შორის შურისძიების გამო ნებადართული გაუპატიურებები და ე. წ. „ღირსების მკვლელობები“.
2002 წელს, ჯირგამ 28 წლის მუხტარ მაის (Mukhtar Mai) გაუპატიურების ნებართვა გასცა, რომლის 12 წლის ძმა ბევრად უფროს ქალთან რომანში დაადანაშაულეს.
მაიმ თავის მოძალადეები სასამართლოში მიიყვანა. პაკისტანში მისი საქციელი გმირობის ტოლფასი იყო, სადაც სექსუალური ძალადობის მსხვერპლნი კვლავინდებურად კეთროვნებად ითვლებიან. როდესაც მათი განაჩენები პაკისტანის უმაღლესმა სასამართლომ გააუქმა, მაის ქვეყნიდან გაქცევა შესთავაზეს. თუმცა, მან თავისი გაუპატიურების ადგილიდან რამდენიმე იარდის დაშორებით, გოგონებისთვის სკოლა და ქალებისთვის თავშესაფარი გახსნა.
მაი პაკისტანში პირველი ცნობილი უფლებადამცველი გახდა, მისი ისტორია კი საფუძვლად დაედო 2014 წელს ნიუ-იორკში დადგმულ ოპერას Thumbprint.
ფოტოზე: მუხტარ მაი