"საფარის" საქმეები / სიახლეები

“პოლიციისთვის მიმართვის შეეშინდა, ამიტომ მოვიდა საფარში” – ძალადობაგამოვლილი ქალის ისტორია

sapari

2023 წლის 8 ივნისს, “საფარის” ცხელ ხაზზე ქალმა დარეკა და დახმარება ითხოვა. ეს ჩვეულებრივი ამბავია – მსგავსი თხოვნით “საფარში” ყოველდღიურად ათობით ქალი რეკავს. ჩვეულებრივ, სატელეფონო კონსულტაციის შემდეგ, საჭიროების შემთხვევაში, ვნიშნავთ შეხვედრას, განვიხილავთ პრობლემის მოგვარების გზებს, ვგეგმავთ და ვიწყებთ საქმეზე მუშაობას. ამ შემთხვევაში საქმე განსხვავებულად იყო – ქალმა თქვა, რომ მოძალადეს რამდენიმე საათის წინ გამოექცა, ქუჩაში გამვლელის ტელეფონიდან გვიკავშირდებოდა, წასასვლელი არსად ჰქონდა, ეშინოდა და პოლიციისთვის მიმართვა არავითარ შემთხვევაში არ უნდოდა. არ იცოდა რა ექნა, თუმცა ჩვენი დახმარების იმედი ჰქონდა. ქალს ორგანიზაციის ოფისში მოსვლა შევთავაზეთ.

ცოტა ხანში “საფარში” მოვიდა ურთულეს ფიზიკურ და ემოციურ სტრესში მყოფი ახალგაზრდა ქალი – შეშინებული, ატირებული, აკანკალებული, სახესა და კიდურებზე დალურჯებებით და სხვა ტიპის დაზიანებებით. მას “საფარის” სოციალური მუშაკი შეხვდა.

“ქალი იყო მძიმე ფსიქო-ემოციური სტრესის ქვეშ. იმდენად შეშინებული იყო, არ გვენდობოდა არცერთ თანამშრომელს, იქამდე, სანამ არ დარწმუნდა, რომ მისთვის უსაფრთხო გარემოში მოხვდა. “თქვენც ხომ არ მცემთ?” – ეს იყო პირველი კითხვა რაც დასვა. სხეულზე აღენიშნებოდა ფიზიკური დაზიანებები. როგორც შემდეგ გაარკვიეთ, ორი დღის მშიერი იყო”, – ყვება ქეთევან ბერიძე, სოციალური მუშაკი.

მხოლოდ რამდენიმესაათიანი კომუნიკაციის შემდეგ შეძლო ქეთევანმა ქალის დარწმუნება, რომ აუცილებელი იყო პოლიციისთვის მიმართვა.

“დავარწმუნე, რომ ამ პროცესში არ იქნებოდა მარტო, რომ “საფარი” მხარს დაუჭერდა და დაიცავდა მის ინტერესებს როგორც გამოძების ეტაპზე, ასევ შემდეგ პერიდოში. ასევე, დავეხმარებოდით რეაბილიტაციაში. დამშვიდობების და ფაქტების გაანალიზების შემდეგ დამთანხმდა გამოგვეძახებინა პოლიცია”, – ამბობს ქეთევანი.

პოლიციასთან ერთად მოვიდა სასწრაფო დახმარების ეკიპაჟი, რომელმაც ადგილზე შეისწავლა და დოკუმენტურად აღრიცხა ქალის დაზიანებები. საქმეში იურისტი მარი ვარამაშვილი ჩაერთო. ის თითქმის 5 საათის განმავლობაში ესწრებოდა ქალის გამოკითხვას პოლიციის განყოფილებაში. მისი ინფორმაციით, მოძალადესთან 6-თვიანი თანაცხოვრების განმავლობაში ქალი ყოველდღიურად იყო სასტიკი ფიზიკური, ფსიქოლოგიური და ეკონომიკური ძალადობის, ასევე დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი.

“ქალი მოგვიყვა, რომ პარტნიორმა თანაცხოვრების დაწყებისთანავე მოსთხოვა სამსახურიდან წამოსვლა, რასაც დასთანხმდა. შესაბამისად, ფინანსურად მთლიანად კაცზე გახდა დამოკიდებული. თუმცა, კაცი არ ზრუნავდა მისი ელემენტარული საჭიროებების დაკმაყოფილებაზე: უზღუდავდა კვებას – ყოფილა შემთხვევა, დღეების განმავლობაში არ უჭამია; ქალს აქვს ქრონიკული დაავადება და ყოველდღიურად სჭირდება მედიკამენტის მიღება, თუმცა ამ თვეების განმავლობაში სრულად შეწყვეტილი ჰქონდა მკურნალობა; არ ჰქონდა ჰიგიენური ნივთები; კაცი არ აძლევდა დამოუკიდებლად გადაადგილების საშუალებას არა თუ სახლს გარეთ, არამედ სახლშიც – ოთახიდან ოთახში. ჩამოართვა სიმ-ბარათი, დაუბლოკა ყველა სოციალური ქსელი და არ აძლევდა კომუნიკაციის საშუალებას მშობლებთან, ძმასთან, მეგობრებთან”, – ამბობს იურისტი.

მარი ვარამაშვილის ინფორმაციით, კაცი მას აიძულებდა მანქანის ტარებას, მიუხედავად იმისა, რომ ქალს არ აქვს მართვის მოწმობა. როგორც ქალი ყვება, კაცი სულ მის გვერდით იყო – დაჰყავდა თავის საქმეებზე, მათ შორის ქვეყნის ფარგლებს გარეთაც და მარტო არასდროს ტოვებდა. შესაბამისად, არ ჰქონდა საშუალება ვინმესთვის დახმარება ეთხოვა. როგორც ამბობს, ამას ვერც ბედავდა, რადგან კაცი ემუქრებოდა, რომ მოკლავდა როგორც მას, ისე მისი ოჯახის წევრებს. ქალის თქმით, კაცი რამდენჯერმეა ნასამართლევი და კრიმინალური ავტორიტეტია. შესაბამისად, მას ეშინოდა, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ კაცს პოლიცია დააკავებდა, მისი გარემოცვა გაუსწორდებოდა.

 

როგორ მოვიდა “საფარში”?

ფიზიკური ძალადობის მორიგი ინციდენტის შემდეგ, მაშინ, როცა კაცს ეძინა, ქალი სახლიდან გამოიპარა. ამბობს, რომ “საფარის” შესახებ სულ იცოდა – იცოდა, რომ ორგანიზაცია ძალადობის მსხვერპლ ქალებს ეხმარება. მოძალადესთან თანაცხოვრების პერიოდში მოიძია “საფარის” ცხელი ხაზის ნომერი, მიუხედავად იმისა, რომ მაშინ ვერ წარმოედგინა, დარეკვას თუ გაბედავდა. სახლიდან გამოქცევის შემდეგ გამვლელს მობილური სთხოვა და დაგვიკავშირდა.

ქალი იმ დღესვე, პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვის შემდეგ, გადაიყვანეს თავშესაფარში. ახლა ის უსაფრთხოდაა და მასთან მუშაობს როგორც სოციალური მუშაკი, ისე ფსიქოლოგი. უკვე იმყოფებოდა საავადმყოფოშიც, სადაც შეამოწმეს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა და დაიწყეს მკურნალობა.

რაც შეეხება კაცს, მისი დასაკავებლად შესაბამისი მოქმედებები პოლიციამ ოპერატიულად, იმ დღესვე დაიწყო. მეორე დღეს, გათენებამდე, კაცი დააკავეს. ამ ეტაპზე, მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული. გამოძიება ოჯახური დანაშაულის ფარგლებში ჩადენილი სისტემატიური ფიზიკური ძალადობის მუხლით მიმდინარეობს. თუმცა, იურისტი მარი ვარამაშვილი უახლოეს პერიოდში მიმართავს პროკურატურას შუამდგომლობით, რათა ცალ-ცალკე წარუდგინონ ბრალი ძალადობის ყველა იმ ფორმასა თუ დანაშაულზე, რომელიც ქალის მიმართ აქვს ჩადენილი.

 

უ გაქვს ფიზიკური, ფსიქოლოგიური, სექსუალური და/ან ეკონომიკური ძალადობის, დისკრიმინაციის, შევიწროების ან სხვა სახის ჩაგვრის გამოცდილება, დაგვიკავშირდი:
599 407 603; 0322 307 603.
“საფარი” გაგიწევს უფასო კონსულტაციას და სამართლებრივ მომსახურებას, გამოძიების ყველა ეტაპზე და ყველა ინსტანციის სასამართლოში.