სექსუალობა

პრემენსტრუალური სინდრომი, რომლის გამოც სიკვდილს ვნატრობთ

პრემენსტრუალური დისფორიული აშლილობა (Premenstrual Dysphoric Disorder) პრემენსტრუალური სინდრომის სახეობაა. ამ აშლილობის მქონე ქალების 15%-ს თვითმკვლელობის მცდელობა ჰქონია. მისი მკურნალობის მეთოდები იმდენად არაეფექტურია, რომ ახალგაზრდა ქალების უმრავლესობა მდგომარეობის შესამსუბუქებლად ჰისტერექტომიას, ანუ საშვილოსნოს ამოკვეთას, ირჩევს.

პრემენსტრუალური დისფორიული აშლილობის შესახებ ცოტას თუ სმენია, მიუხედავად იმისა, რომ მის გამო ქალები საშვილოსნოს ამოჭრაზეც კი თანახმანი არიან. ეს ის შემთხვევაა, როდესაც პრემენსტრუალურ პერიოდში, ქალებს განგაშის აუტანელი შეგრძნება, პანიკის შეტევები, გუნება-განწყობილების მკვეთრი ცვლილებები ახასიათებთ, რაც სიმპტომებით ბიპოლარულ აშლილობასაც მიაგავს. მდგომარეობა იმდენად გაუსაძლისია, რომ ქალები ხშირად აცხადებენ, რომ სასხლეტზე თითის დაჭერის და ამ ყველაფრის უცებ დასრულების დაუოკებელი სურვილი ეუფლებათ.

მარტივად რომ ვთქვათ, პრემენსტრუალური დისფორიული აშლილობა პრემენსტრუალური სინდრომის გაუარესებული ვარიანტია. იგი დაახლოებით ოვულაციის (მომწიფებული კვერცხუჯრედის საკვერცხიდან გამოდევნა) დროს იწყება და მენსტრუალური ციკლის დაწყებისას სრულდება. ამ დროს, ქალის ორგანიზმი დაახლოებით ერთი კვირიდან ორ კვირამდე პერიოდში სრულ დისკომფორტს განიცდის. ფიზიკური სიმპტომები მოიცავს შაკიკს, გადაღლილობას, გულმავიწყობას, კუჭნაწლავის ტრაქტის გაღიზიანებასა და ტკივილს მუცლის არეში. ემოციური სიმპტომები ნებისმიერი სახის შეიძლება იყოს, გაღიზიანებადობით დაწყებული, ტირილამდე მისული სტრესით, ზოგადი თვითსიძულვილითა და საკვების ჭარბი მიღებით დამთავრებული.

მიუხედავად იმისა, რომ პრემენსტრუალური დისფორიული აშლილობა გავრცელებული და რთული სამედიცინო პრობლემაა, მის შესახებ არათუ რიგითმა ადამიანებმა, არამედ თავად ექიმებმაც ძალზე ცოტა რამ იციან. 45 წლის მერი ჩედვიკი ლიდსიდან (ინგლისი) ამ თემაზე მედიკოსებისგან პასუხის მიღებას აგურის კედელთან თავით შეხეთქებას ადარებს. ექიმებმა მას უთხრეს, რომ ბიპოლარული აშლილობა არ სჭირდა. „მაშინ რა ხდება ჩემს თავს? თვეში ორი კვირის მანძილზე უსაშინლესი დეპრესია მაქვს, ხოლო დანარჩენი ორი კვირა თავს კარგად ვგრძნობ“, – მისი ეს კითხვა უპასუხოდ დარჩა. მერის ისღა დარჩენია, გუგლს მიმართოს და საკუთარი მდგომარეობის შესახებ ინტერნეტში ათასობით გვერდი იკითხოს. „თქვენ შესაძლოა შემოგთავაზონ ანტიდეპრესანტები, მკურნალობის ჰორმონული მეთოდები, ჰოლისტური თერაპია. მე ყველაფერი გამომიცდია. კონკრეტულ ქალებს შესაძლოა ეს ყველაფერი შვებას გვრიდეს, მაგრამ, როგორც ჩანს, ეს ყველაფერი თითოეული ქალისთვის ძალზე ინდივიდუალურია, რაც მკურნალობას ართულებს“, – ამბობს ჩედვიკი.

ბევრმა ქალმა არც იცის, რომ მათ არა ბიპოლარული აშლილობა, არამედ პრემენსტრუალური დისფორიული აშლილობა სჭირთ. დიდ ბრიტანეთში, ეს ცოდნა მხოლოდ რამდენიმე ექიმს გააჩნია. მათ შორის ერთ-ერთი გინეკოლოგი ნიკ პანაია (Nick Panay). „ბევრ ქალს ბიპოლარული აშლილობის დიაგნოზს სულ ტყუილად უსვამენ, – აცხადებს იგი, – ხანდახან, როდესაც ორივე პრემენსტრუალური სინდრომი ერთმანეთს ერწყმის, დეპრესიული, ფსიქოზური აშლილობა და განგაშის გრძნობა ერთად თანაარსებობს“.

ამგვარი სავალალო მდგომარეობა ქალთა დაახლოებით 8%-ს აწუხებს, მაგრამ ამ დაავადების კვლევა პრაქტიკულად არ არსებობს, მაშინ, როდესაც მოსახლეობის იმავე პროცენტს აქვს დიაბეტის პრობლემები და ეს პრობლემა დასავლურ სამყაროში შესანიშნავადაა შესწავლილი. ამ კვლევებზე მილიონობით ფუნტი დაიხარჯა, ასე რომ, დაავადების მქონე ადამიანებს ნორმალური, ბედნიერი ცხოვრების საშუალება აქვთ. მაგრამ, პრემენსტრუალური დისფორიული აშლილობა ფარული მკვლელია და ეს ვითარება სრულიად უცვლელია.

„ძველი ცრურწმენები კვლავ ჩვენთანაა, – განგვიმარტავს დოქტორი პანაი, – არქაული წარმოდგენები არა მხოლოდ უბირ ხალხში ცოცხლობს, არამედ ზოგიერთ ქალშიც, რომლებიც ფიქრობენ, რომ რადგანაც თვითონ პრემენსტრუალური სინდრომის ზომიერი სიმპტომები აღენიშნებათ, ე. ი.  სიტუაციასთან გამკლავება სხვა ქალებსაც შეუძლიათ. ეს დამოკიდებულებები ირეკლება არა მხოლოდ სახელმწიფო, არამედ სამედიცინო პროფესიებშიც“.

ეს მართლაც ასეა, რადგან ექიმების უმრავლესობა პრემენსტრუალურ დისფორიულ აშლილობას უხილავ დაავადებად ან, მთლად უარესი, – ქალის წარმოსახვად აღიქვამს. სამედიცინო დაწესებულებების უმრავლესობას წარმოდგენაც კი არ აქვს, ეს ფსიქიკური დაავადებაა თუ ენდოკრინოლოგიური დარღვევა. DSM-IV (Diagnostic and Statistical Manual of mental disorders, ფსიქოლოგიური აშლილობების სადიაგნოსტიკო და სტატისტიკური სახელმძღვანელო) პრემენსტრუალურ დისფორიულ აშლილობას განმარტავს, როგორც დეპრესიულ აშლილობას, დაკონკრეტების გარეშე. ზოგიერთი მედიკოსი თვლის, რომ ეს მდგომარეობა ჰორმონ პროგესტერონის მიმართ მგრძნობელობას უკავშირდება, რომელიც საკვერცხეებში მენსტრუალური ციკლის მეორე ნახევარში გამომუშავდება. სხვა მკვლევარები პრემენსტრუალურ დისფორიულ აშლილობას ტვინში არსებული ქიმიური ნივთიერების სეროტონინის დაბალ დონეს უკავშირებს, რომელიც ნერვული სიგნალების გადაცემას უწყობს ხელს და ჩვენს ძილსა და განწყობას არეგულირებს.

ათობით ქალთან ჩატარებული ინტერვიუების შედეგად ირკვევა, რომ სავარაუდოდ, ბევრი სამკურნალო პროცედურა გარკვეული დროის მანძილზე მუშაობს, შემდეგ კი ეფექტურობას კარგავს, რაც პრემენსტრუალური დისფორიული აშლილობით გატანჯულ ქალებს საშვილოსნოს ან საკვერცხეების ამოკვეთისკენ (ჰისტერექტომია, ოვარიექტომია) უბიძგებს. მათ შორის რეპროდუქციულ ასაკს გადაცილებული ქალები არ ჭარბობენ – უმრავლესობაში 20-დან 30 წლამდე ასაკისანი არიან. ეს მათი უკანასკნელი, სასოწარკვეთილი გადაწყვეტილებაა. ხშირად, ისინი იძულებულნი არიან, თავიანთი რეპროდუქციული უნარი ამ საშინელი მდგომარეობის შესამსუბუქებლად მსხვერპლად გაიღონ.

„ეს გადაწყვეტილება იმიტომ მივიღე, რომ მრავალი წლის მანძილზე, ამ პრობლემით სხვადასხვა ექიმებთან უშედეგოდ დავდივარ“, – ასე განმარტავს თავის გადაწყვეტილებას ერთ-ერთი პაციენტი.

მაკკენა მორგანი სიეტლიდან (ვაშინგტონის შტატი), 16 წლიდან მოყოლებული, პრემენსტრუალური დისფორიული აშლილობის გამო სუიციდური მიდრეკილებებით იტანჯება. მას წარმოდგენაც არ ჰქონდა, რა სჭირდა, სანამ ქმარმა მისი სიმპტომების ყოველთვიური აღრიცხვა არ ჩაატარებინა. ბოლოს და ბოლოს, ექიმებმა დიაგნოზის დასმა შეძლეს. ერთხელაც, მორგანი დაორსულდა. მას ფეხმძიმობის პანიკური შიში ჰქონდა, რადგან იცოდა, რომ ცუდი დღე დაადგებოდა, მაგრამ ქმრის თხოვნით, ბავშვი დაიტოვა. „მთელი ორსულობის მანძილზე, მთლიანად ვიყავი მოცული სუიციდის მწვავე სურვილით“, – ამბობს მაკკენა.

სარა მანჩესტერიდან პრემენსტრუალური დისფორიული აშლილობით გამოწვეული შაკიკებით ისე იტანჯებოდა, რომ სკოლაში სიარული არ შეეძლო. მას შემდეგ, მას უკვე საშინელი დეპრესია აქვს. თვითმკვლელობა ორჯერ უცდია, მათ შორის, პირველად 13 წლისას. ამ ტანჯვის ფონზე, სარას გადარჩენის ერთადერთ გზად საკვერცხეების ამოკვეთას ხედავს.

რაღაც ერთმნიშვნელოვნად კოშმარული არის იმაში, რომ ასეთი ახალგაზრდა ქალები საკუთარი რეპროდუქციულ ორგანოებზე უარს ამბობენ. სამწუხაროდ, იმის თქმაც კი შეუძლებელია, თუ როდემდე შეიძლება გაგრძელდეს მედიცინაში პრემენსტრუალური დისფორიული აშლილობის, როგორც უმწვავესი პრობლემის, კვლევის იგნორირება. სავარაუდოდ, უახლოეს პერიოდში კვლავ არაფერი გვეცოდინება  იმ დაავადების შესახებ, რომელმაც ამდენ ქალს ცხოვრება დაუნგრია და ახლაც უნგრევს.

ამის მიზეზებს ყველანი ვხედავთ: სამედიცინო სფერო, სადაც კაცები დომინირებენ, ფარმაცევტულ კომპანიებთან ერთად, პრემენსტრუალური სინდრომის, როგორც ზოგადი ტერმინის, გამოყენებისას დიდ მოგებას ნახულობს. მიღებულია, რომ პრემენსტრუალური სინდრომის სამკურნალო ურეცეპტოდ გასაცემმა წამლებმა, მაგალითად Midol-მა, რომელსაც მხოლოდ შარდმდენი, ტკივილგამაყუჩებელი მოქმედება გააჩნია და კოფეინს შეიცავს, მხოლოდ აშშ-ში 2013 წელს 48 მილიონი დოლარის მოგება მოიტანა.

ამას ერთგვარი კულტურული სტერეოტიპიც ემატება, რომ „გაღიზიანებადობა პიემესის (პრემენსტრუალური სინდრომი) ბრალია“. პრემენსტრუალური სინდრომის ასეთი ტრივიალიზაცია თავად იდეას ვნებს, რომელიც ზოგიერთი ქალისთვის უკიდურესი კოშმარის ფონზე მიმდინარეობს.