დღეს, 15 დეკემბერს, “კოალიციამ თანასწორობისთვის“ პრეკონფერენცია გამართა, რომელზეც ქალთა მიმართ ძალადობის პრობლემის ერთ-ერთი უმძიმესი პრობლემის – ძალოვანი უწყებების თანამშრომლების მიერ ქალებზე დაუსჯელ ძალადობას ეხებოდა. ამ შემთხვევებში, ძალზე რთულდება დამნაშავის პასუხისგებაში მიცემა, რადგან მის უკან გავლენიანი უწყებები დგას. ორგანიზაცია „საფარს“ მსგავსი შინაარსის ქეისი მხოლოდ მიმდინარე წელს 6 აქვს. სწორედ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და სხვა ძალოვანი სტრუქტურების თანამშრომლები დაადანაშაულეს დღეს მსხვერპლებმა სავარაუდო ძალადობასა და მოძალადეების მფარველობაში.
პრესკონფერენციაში „საფარის“ ერთ-ერთი ბენეფიციარიც მონაწილეობდა, რომლის ყოფილი მეუღლე განსაკუთრებული სისასტიკით ექცევა მასა და მათ საერთო შვილს, მაგრამ, პოლიციისთვის არაერთგზისი მიმართვის მიუხედავად, იმის გამო, რომ მისი ყოფილი ქმარი, ვახტანგ თედიაშვილი, სუს-ის მაღალჩინოსანის, სამცხე-ჯავახეთის მთავარი სამმართველოს თანამშრომლის ვასილ ღონღაძის უშუალო მფარველობის ქვეშ იმყოფება, ამ დანაშაულებრივ ქმედებებზე არავინ რეაგირებს. “სახელმწიფოს მხრიდან ვითხოვ მხოლოდ დაცვას და ჩემი სიმართლის დამტკიცებას, მაგრამ ვიღებ პირიქით”, – აცხადებს ნინო თასოშვილი, რომელიც, მისივე თქმით, თავისი ყოფილი ქმრის მხრიდან არაერთხელ გამხდარა როგორც ფსიქოლოგიური, სექსუალური ძალადობის მსხვერპლი.
“წელიწადი და სამი თვეა, რაც დავშორდი. მას შემდეგ, უამრავჯერ მიმიმართავს 112-ისთვის. ზუსტად ერთი თვის თავზე მივმართე პირველად 112-ის სამსახურს, როცა დილის 8 საათზე შემოგვივარდა უგონო მთვრალი სახლში და ჩაწვა ლოგინში, მე აქ უნდა ვიყოო. სოფელ წაღვერში ვცხოვრობ, ბორჯომიდან წაღვერამდე არის 12 კილომეტრი, 10 წუთის გზა. საათნახევრის შემდეგ მოვიდნენ. ამ საათნახევრის განმავლობაში სამჯერ განვახორციელე 112-ში ზარი, რომ რა ხდება, რითი ვერ მოვიდნენ და გაჰყავთ-მეთქი მოძალადე ჩემი სახლიდან. გზაშია, წამოსულია – ასეთი პასუხებით მისტუმრებდნენ. ამ დროს იდგა უბნის ინსპექტორი და დანარჩენი პოლიციის თანამშრომლები შორიახლოს და უყურებდნენ, როდის გამოვიდოდა მოძალადე თავისი ნება-სურვილით ჩემი სახლიდან, რომ მერე შემოსულიყვნენ, ეს ფორმალური რაღაცები იქ დაეწერათ”,- განაცხადა ნინო თასოშვილმა. მისი თქმით, ყოფილი ქმარი მასა და მათ 6 წლის შვილს აუტანელ პირობებში, შიშსა და ტერორში, აცხოვრებს, ხშირად ავტომობილით აედევნება ხოლმე, და ბაკურიანის მოლიპულ გზაზე ნამდვილ ჯოჯოხეთს უწყობს. მოძალადე მას პირდაპირ პოლიციის შენობიდან გამოსულსაც კი ასდევნებია, მაგრამ იგი არ დაუკავებიათ.
ნინო და მისი ბავშვი ასეთი უმძიმესი ტერორის ქვეშ ცხოვრობდნენ მანამ, სანამ მან ორგანიზაცია „საფარს“ არ მიმართა. ორგანიზაციის დახმარებით, დამნაშავის დაკავება მოხერხდა, თუმცა, ნინოს წინააღმდეგ ახლა ახალი პრობლემა წამოიჭრა – მისი ყოფილი ქმრის დედა და ვასილ ღინღაძის შვილი, მას მცირეწლოვან შვილზე ძალადობაში სდებენ ბრალს, რაზეც შსს-ს გამოძიება უკვე დაწყებული აქვს.
გარდა ამისა, პრესკონფერენციაზე გაიჟღერა მეორე ქეისმაც, რომლის ბენეფიციარის ვინაობის დასახელებაც, მისივე უსაფრთხოების მიზნით, მიზანშეწონილად არ მიიჩნიეს. თუმცა, ბაია პატარაიას თქმით, თუ შესაბამის უწყებებს ამ საქმეზე რეაგირება არ ექნება, მოძალადის და მისი მფარველების ვინაობა აუცილებლად გასაჯაროვდება.
საქმე ეხება ქეისს, რომლის ბენეციფიარი ქალიც სუს-ის თანამშრომლის მხრიდან დროის დიდი მონაკვეთის მანძილზე, არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით, ცემას, სიცოცხლის მოსპობის მუქარას და შანტაჟს განიცდიდა.
“მსხვერპლი ქალის გადმოცემით, სახელმწიფო უსაფრთოხების სამსახურის (სუს) თანამშრომელმა მის მიმართ განახორციელა ფიზიკური ძალადობა ქალის არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით, ასევე, დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობა და სიცოცხლის მოსპობისა და ქონების განადგურების მუქარა, რომელიც დასტურდება მსხვერპლისთვის გაგზავნილი შეტყობინებებით. 2017 წლის 4 დეკემბერს “საფარმა” მიმართა ვაკე-საბურთალოს მე-3 განყოფილებას, სადაც ხუთსაათიანი განხილვის შემდეგ გამოძიება მხოლოდ 1261 მუხლის 1-ლი ნაწილით დაიწყო (ოჯახში ძალადობა). მაშინ როცა ცალსახად იკვეთებოდა დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობისა (სისხლის სამართლის კოდექსის 1443 მუხლი) და 1261 მუხლის მე-2 ნაწილით (ოჯახში ჩადენილი ძალადობა არასრულწლოვანის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ) გათვალისწინებული შემადგენლობა.
მიმდინარე დღეების განმავლობაში, გამოძიებისა და დანაშაულის განმეორების პრევენციისთვის მიზნით, „საფარი’’ ითხოვდა საქმისთვის მნიშვნელოვანი ვიდეოჩანაწერების ამოღებას, რიგი ექსპერტიზების ჩატარებასა და მოწმეების დაკითხვას, თუმცა, აღნიშნული ღონისძიებები გამოძიებას არ ჩაუტარებია. მეტიც, დღემდე დაზარალებულს აქვს მხოლოდ მოწმის სტატუსი და მის მიმართ არანაირი დამცავი მექანიზმი არ არის გამოყენებული. მათ შორის, მოთხოვნის მიუხედავად, არ გამოცემულა შემაკავებელი ორდერი. სუს-ის თანამშრომელი კი დღემდე აგრძელებს დაზარალებულის შანტაჟს ოჯახის წევრების მეშვეობით,”- აცხადებს “საფარი”.
პრესკონფერენციაზე ისაუბრეს ბაია პატარაიამ (“საფარი”), თამარ დეკანოსიძემ (საია), ანა არგანაშვილმა („პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“). მათ იმ ფაქტორებს გაუსვეს ხაზი, რომლის გამოც, ძალზე ძნელი, ფაქტობრივად შეუძლებელი ხდება ძალოვანი სტრუქტურების თანამშრომლების მიერ ოჯახში ან ქალზე ძალადობის ტენდენციის აღკვეთა, რადგან მათ ხელში სამსახურეობრივი პრივილეგიის და დანაშაულისთვის თავის არიდების უამრავი ბერკეტი არსებობს. მსხვერპლი ამ დროს სრულიად დაუცველია, მასზე ხორციელდება არნახული ზეწოლა, გამოსავლის პოვნის რესურსი და შესაძლებლობა კი ბევრს არ გააჩნია.
“წელს “საფარს” წარმოებაში აქვს ხუთი საქმე, სადაც იკვეთება, რომ მოძალადე ძალოვანი სტრუქტურის წარმოამდგენელი, ან ყოფილი თანამშრომელი, ან მოძალადე სარგებლობს ძალოვანი სტრუქტურის მფარველობით. ამ შემთხვევებში, გამოძიება არ მიდის დამოუკიდებლად, ეფექტურად და რიგ შემთხვევაში საქმე ბოლომდე საერთოდ არ მიდის და მართლმსაჯულება მიუღწეველი რჩება ქალებისთვის”, – განაცხადა ბაია პატარაიამ.
პრესკონფერენციაზე, “კოალიციამ თანასწორობისთვის” განცხადება გაავრცელა, სადაც შემდეგი მოთხოვნებია წარმოდგენილი:
- სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელს დაუყოვნებლივ შეუჩერდეს უფლებამოსილება და მის წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიება გახდეს ქმედითი. აღნიშნულ საქმეში ძალდობის მსხვერპლს მიენიჭოს დაზარალებულის სტატუსი და უზრუნველყოფილ იქნას მისი უსაფრთხოება.
- დაიწყოს გამოძიება ვასილ ღონღაძის მიმართ სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე, ხოლო [მსხვერპლი ქალის] წინააღმდეგ შეწყდეს გამოძიება დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო.
- კატეგორიულად მოითხოვენ სახელმწიფოსგან მსხვერპლი ქალების ფიზიკური და ემოციური უსაფრთხოების დაცვას, განსაკუთრების საქმეების გასაჯაროების გამო შექმნილი სავარაუდო რისკების გათვალისწინებით.
„ორგანიზაციები აგრძელებენ აღნიშნული საქმეების წარმოებასა და მონიტორინგის და კატეგორიულად მოითხოვენ სახელმწიფოსგან მსხვერპლი ქალების ფიზიკური და ემოციური უსაფრთხოების დაცვას, განსაკუთრების საქმეების გასაჯაროების გამო შექმნილი სავარაუდო რისკების გათვალისწინებით“, – ნათქვამია განცხადებაში.