69 წლის სახელგანთქმული ფრანგი მსახიობი ჟერარ დეპარდიე (Gérard Depardieu) გაუპატიურებასა და სექსუალურ შევიწროებაშია ეჭვმიტანილი.
გამოცემა Le Parisien-ის ცნობით, ორშაბათს, 27 აგვისტოს, დეპარდიეს წინააღმდეგ ჩვენება 22 წლის ფრანგმა მსახიობმა და მოცეკვავემ მისცა. მან პოლიციას განუცხადა, რომ ჟერარის მხრიდან ძალადობის მსხვერპლი ორჯერ შეიქნა მისივე სახლში, პარიზში, არაოფიციალური რეპერიციების დროს. ქალის თქმით, პირველი ინციდენტი 7 აგვისტოს მოხდა, მეორე კი – 13 აგვისტოს.
თავდაპირველად, სარჩელი აღიძრა საფრანგეთის სამხრეთში, ლამბესკში, ახლა კი გამოძიებას პარიზის პროკურატურა აწარმოებს.
გამოცემა მსახიობი ქალის გვარს არ ასახელებს, თუმცა, გამოძიებასთან დაახლოებული წყარო აცხადებს, რომ გოგონა და დეპარდიე ერთმანეთთან საკმაოდ ახლოს იყვნენ: ჟერარი მას კინოში კარიერის დაწყებაში ეხმარებოდა.
საქმის დეტალები ცნობილი არაა. დეპარდიეს ადვოკატი ერვე ტემემი (Hervé Temime) აცხადებს, რომ “მისი კლიენტი კატეგორიულად უარყოფს ნებისმიერ გაუპატიურებასა და შევიწროებაში მონაწილეობას”, თუმცა ადასტურებს, რომ დეპარდიე მოსარჩელე ქალს პირადად იცნობს. ადვოკატის თქმით, საქმის დეტალების გაცნობის შემდეგ, გამორიცხული არაა, რომ დეპარდიემ შესაგებელი სარჩელი შეიტანოს ცილისწამებასთან დაკავშირებით.
თავის მხრივ, ჟერარ დეპარდიე აცხადებს, რომ მომხდარით შეძრწუნებულია, რადგან ეს ბრალდებები ეწინააღმდეგება ყველაფერს, რასაც იგი პატივს სცემს.
ბოლო თვეების მანძილზე, საფრანგეთში ახალგაზრდა ქალებმა სექსუალურ შევიწროებაში ხელოვნების სფეროს ორი ცნობილი წარმომადგენელი ამხილეს: თეატრის მსახიობი ფილიპ კობერი (Philippe Caubère, მარტი) და რეჟისორი და პროდიუსერი ლუკ ბესონი (Luc Besson, მაისი). სექსუალური ძალადობის გამოყენების ფაქტს ორივე უარყოფს.