სექსუალური შევიწროება

ჟურნალმა „ტაიმმა“ „წლის ადამიანებად“ სექსუალური შევიწროების წინააღმდეგ მებრძოლი ქალები დაასახელა

ჟურნალმა Time „წლის ადამიანებად“ Silence Breakers დაასახელა – ქალები, რომლებმაც სექსუალური შევიწროების წინააღმდეგ საჯაროდ გაილაშქრეს და ამ თემის ირგვლივ არსებული დუმილი დაარღვიეს. მათ შორის არიან მსახიობი ეშლი ჯადი (Ashley Judd) და მომღერალი ტეილორ სვიფტი (Taylor Swift). მათ გარდა, ჟურნალის დეკემბრის ნომრის ყდაზე გამოსახულია იზაბელ პასკუალი (Isabel Pascual, სახელი შეცვლილია), 42 წლის მარწყვის შემგროვებელი მექსიკიდან, ადამა ივუ (Adama Iwu), 40 წლის კორპორატიული ლობისტი საკრამენტოდან და 26 წლის სიუზან ფაულერი (Susan Fowler), კომპანია Uber-ის ყოფილი ინჟინერი, რომელმაც კომპანიის ხელმძღვანელის წინააღმდეგ აღიმაღლა ხმა.

„ჩვენი ჟურნალის ყდაზე გამოსახული ქალების, ასევე სხვა კაცებისა და ქალების  მობილიზებული მოქმედება ჩვენს კულტურაში 1960-იანი წლების შემდეგ ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი ცვლილებების ბიძგად იქცა“, – წერს ჟურნალის რედაქტორი ედვარდ ფელსენტალი (Edward Felsenthal). ონლაინ აქტივისტებისთვის „წლის ადამიანის“ წოდების მინიჭებას ფელესნტალი სწორედ მოძრაობა #MeToo-ს მიერ საზოგადოებაში პროვოცირებულ მკვეთრ ცვლილებებს უკავშირებს.

როგორც ჟურნალი აღნიშნავს, თანდათანობით, სულ უფრო და უფრო მეტმა ადამიანმა აღიმაღლა ხმა იმის თაობაზე, რომ ცნობილი ჰოლივუდელების, პოლიტიკოსებისა და ჟურნალისტების მხრიდან სექსუალური შევიწროების მსხვერპლნი ყოფილან. ასე გაჩნდა მოძრაობა Me Too, რომლის მონაწილენიც თავიანთ ცხოვრებაში გადამხდარ მსგავს ისტორიებს გვიამბობენ. წლის ადამიანებმა შეუპოვარი ბრძოლა გამოუცხადეს სახელგანთქმული პროდიუსერის ჰარვი ვაინშტაინის მიერ პროვოცირებულ სექსუალური შევიწროების ფაქტებს.

„კინოს ვარსკვლავები ჩვენგან განსხვავებულები არიან: წერწეტები, მომხიბლავები, საკუთარ თავზე შეყვარებულები. ისინი ატარებენ კაბებს, რისი ფუფუნებაც ჩვენ არ გვაქვს, და ცხოვრობენ სახლებში, რომელზე მხოლოდ ოცნება შეგვიძლია. მაგრამ, მიუხედავად ამისა, მათ აქვთ ჩვენნაირი პრობლემები. როცა კინოს ვარსკვლავებმაც არ იციან, ასეთ შემთხვევებში რა იღონონ, რა იმედი არსებობს სხვებისთვის? რა იმედი არსებობს შვეიცარისთვის, რომელსაც ზემდგომი თანამშრომელი ავიწროებს? ის ხომ სამუშაოს დაკარგვის და თავისი ბავშვებისთვის ლუკმაპურის მოსპობის შიშით დუმს? რა ნუგეშია ადმინისტრაციულ საკითხებში თანაშემწისთვის, რომელსაც უფროსი ავიწროებს? სასტუმროს დამლაგებლისთვის, რომელიც პირსახოცების გამოსაცვლელად და საპირფარეშოს დასალაგებლად მიდის, სტუმარს კი მისი კუთხეში მიმწყვდევა ისე შეუძლია, რომ გაქცევის შანსიც არ აქვს?“, – ვკითხულობთ ჟურნალში.

თუმცა, ჟურნალი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ წოდება დაიმსახურეს არა მხოლოდ მოძრაობის ჰეშთეგის ქვეშ გამომქვეყნებელმა მონაწილეებმა, არამედ ყველამ, ვინც თავის ცხოვრებაში გამოვლილი ძალადობის შესახებ საჯაროდ ისაუბრა, რადგან ონლაინ გაცხადების ფენომენი სოციალური ქსელების საზღვრებს დიდად გასცდა.

1997 წელს, ეშლი ჯადის კარიერის დასაწყისში, იგი სტუდია Miramax-ის ხელმძღვანელ ჰარვი ვაინშტაინთან შეხვედრაზე მიიწვიეს, ოტელში. პროდიუსერის მხრიდან სექსუალური შეთავაზებით შეურაცხყოფილი მსახიობი ოტელიდან გაიქცა. დღეს, იგი ამ ისტორიას ღიად გვიამბობს.

მოძრაობას #MeToo დიდი ხნის ისტორია აქვს. იგი აქტივისტმა ტარანა ბარკემ (Tarana Burke) 10 წლის წინ დააარსა, ქალების სექსუალური შევიწროებისგან დასაცავად. თუმცა, ჰეშთეგი ბოლო წლებში გაპოპულარულდა – ჯერ შარშან, მომავალი პრეზიდენტის ტრამპის ტრაბახის ჩანაწერის გამოქვეყნებისას.

თუმცა, ნამდვილი პოპულარობა ჰეშთეგმა #MeToo ამა წლის ოქტომბერში მოიპოვა, როდესაც მსახიობმა და აქტივისტმა ალისია მილანომ (Alyssa Milano) თავის ტვიტერზე დაწერა: „თუ თქვენც ყოფილხართ სექსუალური შევიწროების მსხვერპლი, ამ ტვიტს ჰეშთეგი #MeToo-თი უპასუხეთ“. ტვიტის დაპოსტვიდან 48 საათში, იგი მილიონამდე მომხმარებელმა გამოიყენა.

ჟურნალის ტრადიციული ტიტული 1927 წელს დაარსდა და თავდაპირველად „წლის კაცს“ გადაეცემოდა. ლაურეატების უმრავლესობას წოდება ინდივიდუალორად გადაეცემოდა, თუმცა, ყოფილა შემთხვევები, როდესაც „წლის ადამიანის“ ტიტული ჯგუფს ან თემს მიუღია.

წყარო: time.com