სექსუალობა / სტატიები

რატომ არის „ტრადიციული ქორწინების“ ცნება აბსურდული?

უკვე მერამდენე წელია, რაც ჩვენს საზოგადოებაში ქორწინების ცნების კონოტაციასთან დაკავშირებით დიდი დისკუსიებია გაჩაღებული. უკვე მერამდენე წელია, რაც ჩვენი პოლიტიკოსები უდიდეს ძალისხმევას ახარჯავენ „ტრადიციული ქორწინების“ ცნების ირგვლივ საზოგადოების კონსოლიდირების მცდელობებს, იმის მტკიცებით, რომ ჰომოსექსუალური და პოლიამორული ურთიერთობები ანგრევს ოჯახის ინსტიტუტსა და მის მრავალსაუკუნოვან ისტორიას.

სინამდვილეში, არ არსებობს არანაირი „ტრადიციული ქორწინება“: სხვადასხვა დროსა და ხალხებში, ადამიანების ერთად ცხოვრების ყაიდას კულტურული ნორმები, ცხოვრების პირობები განსაზღვრავდა და შესაძლებლობათა საკმაოდ ფართო სპექტრს მოიცავდა.

ასე მაგალითად, კონკრეტულ დროსა და სივრცეში უარსებია ადათს, რომლის მიხედვითაც, ქორწინების აქტის განსახორციელებლად ცოცხლად ყოფნაც კი არ იყო აუცილებელი. ჩინეთში სიკვდილის შემდეგ ქორწინების ტრადიცია დღემდე გვხვდება. ადრე, ქორწინების ცერემონია ორი მიცვალებულისთვის ტარდებოდა, რათა ისინი მიღმიურ ცხოვრებაში მარტო არ დარჩენილიყვნენ. დროთა განმავლობაში კი, გაჩნდა ცოცხალი ადამიანისა და მიცვალებულის დაქორწინების ტრადიციაც.

ერთი სიტყვით, ყველაზე ჩვეულებრივი ჰეტეროსექსუალური ქორწინებაც კი, რეალურად სულაც არ ყოფილა ისეთი, როგორსაც ახლა წარმოვიდგენთ.

რატომღაც, თავისთავად ნაგულისხმევად მიგვაჩნია ის ფაქტი, რომ სიყვარული ქორწინების ერთადერთი (ყოველ შემთხვევაში, ერთადერთი სოციალურად მოწონებული) მიზეზია. მაგრამ, ეს ასე ყოველთვის როდი იყო. რა თქმა უნდა, რომანტიკული სიყვარული ყოველთვის არსებობდა, მაგრამ ძალიან ხშირად, საზოგადოება მას ქორწინებასთან სრულიად შეუთავსებლად მიიჩნევდა; თავად ქორწინებაში ზედმეტად ბევრი აზრი და ფუნქცია იყო ჩადებული საიმისოდ, რომ ორ შეყვარებულს გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მიეღო.

„რაც უფრო მეტად შევისწავლი ქორწინებას, მით მეტად ვრწმუნდები, რომ მას არაფერი აქვს საერთო ქალისა და კაცის ურთიერთობებთან. ქორწინება ახალი ნათესავების მოპოვების მიზნით მოიგონეს“, – ამბობს სტეფანი კუნცი (Stephanie Coontz), მკვლევარი, ოჯახისა და ქორწინების შესახებ რამდენიმე წიგნის ავტორი.

ქორწინებას მართლაც სხვადასხვა მიზანი ჰქონდა: იგი საჭირო იყო სტრატეგიული კავშირების დასამყარებლად, დაზავებების მისაღწევად, ოჯახის კეთილდღეობის შესანარჩუნებლად, მიწის ან სხვა საკუთრების მისაღებად. სიყვარული, შესაძლოა, ქორწინებაშიც გაჩენილიყო, მაგრამ იგი მისი მიზეზი კი არა, შედეგი უფრო იყო.

წარსულის ერთ-ერთ უდიდესი სასიყვარულო ისტორია, ანტონიუსისა და კლეოპატრას ქორწინება, პირველ რიგში, სტრატეგიული მნიშვნელობისა იყო. პროზაული მიზეზების გამო ხშირად ქორწინდებოდნენ მოსახლეობის ღარიბი ფენების წარმომადგენლებიც, თუნდაც იმისთვის, რომ ოჯახში მეტი მუშახელი ყოფილიყო.

სიყვარულით ქორწინება იმ სახით, როგორსაც ჩვენ ვართ მიჩვეულნი, ევროპის საზოგადოებაში მხოლოდ მე-18 საუკუნის მიწურულს გაჩნდა. მაგალითად, დიდ ბრიტანეთში სიყვარული ქორწინების საფუძვლად დედოფალი ვიქტორიას ზეობისას იქცა, მაშინ, როდესაც საშუალო ფენის გავლენების გაძლიერებასთან ერთად, ქორწინების ტრადიციული სოციალურ-ეკონომიკურმა მიზეზებმა უკანა პლანზე გადაინაცვლა.

ქორწინებაში ქალი კაცთან შედარებით გაცილებით უარეს მდგომარეობაში იყო, რადგან ეკონომიკურად და იურიდიულად, ქმარზე იყო დამოკიდებული. თუ კაცს დაქორწინება სიყვარულით შეეძლო, ქალისთვის აუცილებელი იყო არა მხოლოდ პარტნიორის შეყვარება, არამედ ისეთი პარტნიორის მოძებნა, რომელიც მის უზრუნველყოფას შეძლებდა. მაგალითად, მე-19 საუკუნის შუა ხანებამდე, ამერიკელ ქალებს ქონების განკარგვის უფლება არ ჰქონდათ: ქალს რომც ემუშავა, მისი მთელი შემოსავალი ქმარს ეკუთვნოდა, რომელიც, თავის მხრივ, მის „შენახვაზე“ იყო პასუხისმგებელი.

სტეფანი კუნცი ამბობს, რომ მართალია, სიყვარულმა ქორწინება უფრო მისაღები და კომფორტული გახადა, მაგრამ, სამაგიეროდ, ქორწინების ინსტიტუტი შეასუსტა, რადგან მასში ადამიანის გრძნობები გაერია.

ქორწინების კიდევ ერთი პრინციპი, რომელიც ურღვევი გვგონია, – მონოგამიაა. სინამდვილეში, ამ მხრივ ყველაფერი გაცილებით რთულადაა. მაგალითად, მოსეს ხუთწიგნეულში – ბიბლიის პირველ წიგნებში, ქორწინების ყველაზე ხშირად ნახსენები ფორმა მრავალცოლიანობაა. პოლიგინია (მრავალცოლიანობა) გვხვდება ძველ ეგვიპტეში, შუამდინარეთში, ირანში, ინდოეთსა და სხვ. თუმცა, რამდენიმე ცოლისა და ბავშვის შენახვა ყველას როდი შეეძლო.

ძველ საბერძნეთში მხოლოდ მონოგამიური ურთიერთობა იყო ნებადართული, და კანონიერად მიიჩნეოდა ქორწინებაში გაჩენილი ბავშვი. თუმცა, ამას ბერძენი კაცებისთვის ხელი არ შეუძლია, სექსუალური კონტაქტი ჰქონოდათ მონა ქალებთან. იგივე ხდებოდა ძველ რომშიც.

არსებობს ლევირატისა (ადათი, რომლის თანახმადაც, ქმრის სიკვდილის შემდეგ, ცოლმა მის უახლოეს ნათესავთან უნდა იქორწინოს) და სორორატის (შედარებით იშვიათი ადათი, რომლის თანახმადაც, ქვრივი კაცი განსვენებული ცოლის დაზე ქორწინდება) ცნებები. ჰიმალაიში არსებობს ტრადიცია, რომლის მიხედვითაც, რამდენიმე ძმა ერთ ქალზე ქორწინდება, რათა მიწა შეინარჩუნოს.

ამ ტრადიციებს ისტორიული და კულტურული ახსნა გააჩნია: მაგალითად, ქვრივ ქალზე დაქორწინების ტრადიცია მამის გარეშე დარჩენილი მისი ბავშვებისთვის მზრუნველი კაცის „მოპოვებას“ ნიშნავდა, ხოლო ქვრივი კაცისთვის ცოლისდაზე ქორწინება – იმას, რომ თავის გვარში იგი უკანასკნელი იყო და შთამომავლობა არ ჰყავდა.

მრავალქმრიანობა, ანუ პოლიანდრია, შედარებით ნაკლებადაა გავრცელებული, მაგრამ მაინც გვხვდება. მაგალითად, ინდუისტურ და ბუდისტურ თემებში, მიწების შენარჩუნების მიზნით, რამდენიმე ძმის მიერ ერთი ცოლის ყოლის ტრადიცია მეოცე საუკუნემდეც კი შემორჩა.

დღესდღეობით, მრავალცოლიანობა გავრცელებულია მუსლიმურ საზოგადოებებში, მორმონებში, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის კანონები კი მას გარკვეული პირობების დაცვით აღიარებს. ქვეყნის ამჟამინდელ პრეზიდენტს, ჯეიკობ ზუმას (Jacob Zuma) ოთხი ცოლი ჰყავს, ხოლო სულ 6-ჯერ იყო დაქორწინებული. მიანმასა და ჩეჩნეთში, მრავალცოლიანობა აკრძალულია, მაგრამ მხოლოდ – ფორმალურად.

რაც შეეხება ერთნაირსქესიანთა ქორწინებას: მის მოწინააღმდეგეთა მიერ დასახელებულ არგუმენტებს შორის, ყველაზე გავრცელებულია ის, რომ თითქოს, მსგავსი ქორწინება „ბუნებას ეწინააღმდეგება“. სინამდვილეში, ერთი სქესის ადამიანთა შორის ქორწინება ისტორიის მანძილზე სხვადასხვა კულტურებში გვხვდება. ყველაზე ხშირად, მსგავსი რამ ძველ საბერძნეთსა და ძველ რომში ხდებოდა. რომის იმპერატორმა ნერონმა კაცზე საჯაროდ ორჯერ იქორწინა (თუმცა, მეორე შემთხვევაში, მეორე ქორწინებაში პარტნიორის „ქალად გადაკეთება“ მოისურვა და იგი დაასაჭურისა კიდეც). გარდა ამისა, ჰომოსექსუალური კავშირები არ იდევნებოდა ძველ ჩინეთში, ეგვიპტესა და შუამდინარეთში.

ამერიკელ ინდიელებში არსებობდნენ „ორი სულის მქონე ადამიანები“, ანუ ბერდაჩეები, რომლებიც თანამედროვე ენით ტრანსგენდერი ადამიანების ჯგუფს განეკუთვნებიან. ბერდაჩეები ორივე სქესის ადამიანებთან შედიოდნენ კონტაქტში, თუმცა, სექსუალობისა და გენდერული იდენტობის შესახებ თანამედროვე სტანდარტების მათ მიმართ გამოყენება მაინც პრობლემური საკითხია.

ადრეულ ქრისტიანულ თემებში ადელფოპოეზისის (სიტყვასიტყვით – „დაძმობილება“) რიტუალი იყო გავრცელებული. ამ დროს, ორი კაცი ერთანეთთან სულიერ, პლატონურ კავშირში შედიოდა. ეს იმ პირობებში ხდებოდა, როდესაც ქრისტიანული ეკლესია ერთი სქესის ადამიანების ურთიერთობას მუდმივად ებრძოდა.

თანამედროვე სამყაროში, ქორწინება ადამიანებს, პირველ რიგში,  იურიდიული საკითხების გადაჭრაში ეხმარება: თუ ურთიერთობის თვალსაზრისით მნიშვნელოვანი არაა, წყვილი დაქორწინებულია თუ არა, იურიდიული კუთხით ეს ნაბიჯი ძალზე მნიშვნელოვანია. მიუხედავად ამისა, ქორწინება დიდი ხნის მანძილზე არ ყოფილა იურიდიული კონსტრუქცია: ეკლესია და სახელმწიფო მუდმივად ცდილობდნენ ოჯახური ცხოვრების კონტროლქვეშ აყვანას, მაგრამ ადამიანები ჯიუტად არ აფორმებდნენ თავიანთ ურთიერთობებს. მეთორმეტე საუკუნის დიდ ბრიტანეთშიც კი, წყვილის ქორწინებისთვის საჭირო არ იყო არც ცერემონია, არც მღვდელი და არც – მოწმეები – საკმარისი იყო მხოლოდ ფიცის წარმოთქმა, ორივე მხრიდან. ოფიციალური ცერემონია და მღვდელი რამდენიმე საუკუნით მოგვიანებით გაჩნდა. აშშ-ში ქორწინების მიმართ არაფორმალური დამოკიდებულებები მე-19 საუკუნემდე შემორჩა: შტატების ხელისუფლება პირადი ცხოვრების უფლებას პატივს სცემდა. მიიჩნეოდა, რომ თუ ქალი და კაცი ერთად ცხოვრობდნენ, ისინი თავისთავად დაქორწინებულნი იყვნენ. ასე რომ, ჩვენს დროში დაურეგისტრირებელი ქორწინების პოპულარობა გარკვეულწილად წარსულისკენ დაბრუნებაცაა.

განქორწინებაც იმდენ საუკუნეს ითვლის, რამდენსაც – ქორწინება. იქაც კი, სადაც იგი მკაცრად იყო აკრძალული, ადამიანები თავის დაძრომის გზას მაინც პოულობდნენ. ამის ნათელი მაგალითია ჰენრი VIII-ის ამბავი, რომელმაც თავისი განქორწინებების გამო, ინგლისის ისტორიაც კი შეცვალა: ჰენრიმ ქორწინების გაუქმებას ორჯერ მიაღწია, რაც ინგლისის კათოლოკობიდან პროტესტანტიზმზე გადასვლის მიზეზად იქცა.

დიდ ბრიტანეთსა და აშშ-ში, განქორწინება მე-19 საუკუნეში გახდა შესაძლებელი. მართალია, განსაქორწინებლად საკმაოდ მნიშვნელოვანი მიზეზების მოყვანა და მტკიცება იყო საჭირო (სასტიკი მოპყრობა, ღალატი და სხვ), თანაც, დიდ ბრიტანეთში განქორწინების ფუფუნების საშუალება ყველას როდი ჰქონდა.

განქორწინებული მეფე თამარიც იყო, დემეტრე თავდადებულს კი ერთდროულად სამი ცოლი ჰყავდა. ოდიშის მთავრის, ლევან მეორე დადიანის განქორწინებასთან დაკავშირებული ამბავი ჰენრი მერვეს ისტორიას მოგვაგონებს (თავიდან მოცილების მიზნით, ჰენრიმ ცოლს, ენ ბოლეინს, თავი მოკვეთა). ლევანს ცოლად სეტემან შარვაშიძის ქალიშვილი დარეჯანი ჰყავდა. დაქორწინებიდან სულ მალე, მან რომანი გააბა საკუთარ ბიცოლასთან – ბიძამისის, გიორგი ლიპარტიანის ცოლთან, ნესტან-დარეჯან ჭილაძესთან. ადვილი წარმოსადგენია, რომ ამ ისტორიაში ლევან დადიანის მოქმედი ცოლი ზედმეტ ფიგურად იქცა. დადიანმაც არ დააყოვნა და ცოლს განქორწინების მიზნით ღალატი დასწამა. წარმოსახვითი ღალატის გამო, ლევან დადიანმა ცოლს ცხვირი მოაჭრა, შემდეგ კი საკუთარ ბიძას ცოლი წაჰგვარა. სხვათა შორის, გათხოვილი ქალი ქმარს თამარ მეფის ვაჟმა, ლაშა-გიორგიმაც წაართვა, მაგრამ, როდესაც მასზე ქორწინების ნება არ მისცეს, ქალი უკან დააბრუნა.

თანამედროვე მსოფლიოში, მათ შორის საქართველოში, ადრეული ქორწინების მანკიერი პრაქტიკა ჯერაც აღმოსაფხვრელია. შესაბამისად, ძნელია იმის თქმა, რომ თუნდაც ამჟამინდელი ქორწინება ორი ადამიანის კომფორტისა და ინტერესების დაცვის მიზნით განხორციელებული აქტია. ქორწინების უარყოფითი მხარეების შესახებ საუბარი უკვე სხვა სტატიის თემაა, თუმცა, უნდა გვახსოვდეს, რომ ადამიანებს შორის თანასწორი, ჯანსაღი ურთიერთობების დამყარება შეუძლებელია, თუ მათ გარკვეულ ნაწილს ამ უფლებებზე წვდომა არ ექნება.