ოჯახში ძალადობა / სტატიები

რატომ გადაწყვიტა რუსეთმა ცოლის ცემის დეკრიმინალიზაცია?

არის თუ არა ქმრის მიერ ცოლის ცემა დანაშაული? ბევრ ქვეყანაში ეს საკითხი განხილვას არ ექვემდებარება, თუმცა რუსეთი მათ რიცხვს არ განეკუთვნება. სულ ახლახან, აქ ქვეყნის უმაღლესმა საკანონმდებლო ორგანომ ოჯახის წევრების მიმართ ჩადენილი ძალადობის დეკრიმინალიზაცია მოახდინა (თუ იგი განმეორებითი არაა და სერიოზული სამედიცინო დაზიანებების თანხლებით არ მოხდა). ვლადიმირ პუტინის მესამე საპრეზიდენტო ვადის პირობებში, ეს სახელმწიფოს მიერ „ტრადიციული ღირებულებებისთვის“ ანგარიშის გაწევის მიზნით მოხდა. მისმა მმართველობამ ქვეყანაში ღირებულებათა კონფლიქტის ხაზი გაავლო. ამჟამად, ბევრი რუსი ადამიანის უფლებების ლიბერალური გაგების მომხრეა, თუმცა ბევრიც საწინააღმდეგო მიმართულებით მოძრაობს.

ადამიანის უფლებების ადგილობრივი აქტივისტები პროგნოზირებენ, რომ ოჯახში დაზიანებების დეკრიმინალიზაცია სავალალო შედეგების ლეგიტიმაციას შეუწყობს ხელს: „სახელმწიფოს მხრიდან, რუსეთის მოქალაქეებისათვის ეს არის ზოგადი გზავნილი, რომ ოჯახში ძალადობა დანაშაული არ არის“, – ამბობს ანდრეი სინელნიკოვი (Andrei Sinelnikov) ძალადობის პრევენციის ეროვნული ცენტრიდან „ანა“ (Национальный центр по предотвращению насилия «АННА»).

ამ საკითხის ირგვლივ დებატები 2016 წელს დაიწყო, როდესაც მთავრობამ რუსეთის კანონმდებლობაში არამძიმე ძალადობრივ თავდასხმაზე სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა გააუქმა. რუსეთი ევროპისა და ცენტრალური აზიის სამი ქვეყნიდან ერთ-ერთია, რომელსაც ოჯახში ძალადობაზე კონკრეტულად ორიენტირებული კანონმდებლობა არ გააჩია. აქ ოჯახში ძალადობა ფიზიკური თავდასხმის სხვა ფორმებთან ერთად განიხილება, რაც სრულიად აიგნორებს იმ ფაქტს, რომ ამ დროს მეუღლეები და ბავშვები გაცილებით მოწყვლადნი არიან, ვიდრე სხვა მსხვერპლები. მაგრამ, გასული წლის ივნისში მიღებული გადაწყვეტილებით, დაზიანებების დეკრიმინალიზაციისას, დუმამ ოჯახში ძალადობა არ გაითვალისწინა და მასზე იგივე სასჯელი დააწესა, რაც რასობრივ ნიადაგზე ჩადენილ დანაშაულზე, – მაქსიმუმ ორწლიანი სასჯელი.

ამან გაახარა სამოქალაქო საზოგადოება, რომელიც ოჯახში ძალადობისთვის გაცილებით მკაცრ სასჯელს ითხოვდა. თუმცა, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია რისხვით ბორგავდა. „რუსული ტრადიციიდან“ გამომდინარე, მან განაცხადა, რომ „გონიერი და სიყვარულით გაჯერებული ფიზიკური დასჯა მშობლის უფლებების განუყოფელი ნაწილია, რაც მას თავად უფალმა უბოძა“. გარდა ამისა, კონსერვატიული ჯგუფები შეშფოთდნენ იმით, რომ შვილის დამსჯელ მშობლებს ციხე დაემუქრათ. მათი მტკიცებით, უსამართლობა იყო მშობლისთვის შვილის დაზიანებაზე იგივე პასუხისმგებლობის აკიდება, როგორც მეზობლის ცემაზე.

ამგვარი ჯგუფების ზეწოლის შედეგად, რუსმა დეპუტატებმა კანონპროექტი წამოაყენეს, რომელიც ოჯახის წევრისთვის პირველად მიყენებულ ზიანს სისხლის სამართლებრივად დასჯად ქმედებად არ განიხილავს და მისთვის უმნიშვნელო ჯარიმა – 30000 რუბლი ($ 502), ან 15-დღიანი პატიმრობაა გათვალისწინებული. ახალი კანონი ასევე მსხვერპლს აკისრებს მტკიცებულებების შეგროვებასა და საქმის აღძვრას. ფიზიკური დაზიანებების მეორადი მიყენება უკვე სისხლის სამართლებრივად დასჯადია, თუკი პირველიდან ჯერ ერთი წელი არაა გასული. ანუ, ოჯახის წევრების ცემა წელიწადში ერთხელ სრულიად ნებადართულია. დუმას სპიკერი ვიაჩესლავ ვოლოდინი (Vyacheslav Volodin) განმარტავს, რომ კანონპროექტი „მყარი ოჯახების“ შექმნას შეუწყობს ხელს. 25 იანვარს, კანონპროექტის მეორე  მოსმენისას, მან 385 და 387 მომხრე ხმა მიიღო. როგორც მოსალოდნელია, მას პრეზიდენტი პუტინი ხელს დაბრკოლებების გარეშე მოაწერს.

მოსკოველი ჟურნალისტი ანა ჟავრენოვიჩი (Anna Zhavnerovich) არ ეთანხმება მოსაზრებას, რომ ოჯახში ძალადობის მიჩუმათება ძლიერი ოჯახის საწინდარია. იგი ქორწინების გარეშე რამდენიმე წელი ურთიერთობაში იყო. ერთხელ, 2014 წლის დეკემბერში, ანა თავისმა პარტნიორმა ისე სცემა, რომ მთლიანად დაალურჯა. ჟავრენოვიჩმა მოძალადის დასჯა იმ იურისტების საშუალებით მოახერხა, რომლებმაც ინტერნეტით მისი ისტორია წაიკითხეს. „ადამიანებს ჰგონიათ, რომ ეს მათ არასოდეს დაემართებათ. ისინი უსაფრთხოების ილუზიას ებღაუჭებიან“, – ამბობს ანა.

ალიონა პოპოვა (Alena Popova), ოჯახში ძალადობის დამსჯელი კანონების მოწინააღმდეგე, განმარტავს, რომ ოჯახში ძალადობას რუსეთში ღრმა ფესვები აქვს. ძველი რუსული ანდაზების მიხედვით, „თუ კაცი ქალს სცემს, ეს იმას ნიშნავს, რომ მას იგი უყვარს“, და „ძალადობა უბრალოდ ნორმა კი არა, ცხოვრების ნირია“. ამ პრობლემის მასშტაბები ძნელი გასაზომია, მაგრამ რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, ძალადობრივ ქმედებათა 40% ოჯახში ხდება. ორგანიზაცია „ანას“ ცხელ ხაზზე მომმართავ ქალთა 70%-ზე მეტს მასზე განხორციელებული ფიზიკური ძალადობის გამო პოლიციისთვის არასოდეს მიუმართავს. კერძო ბრალდების პრაქტიკა, რომელიც მსხვერპლს ათას ბიუროკრატიულ წინაღობასთან შებმას აიძულებს, მას ჩივილის გზას უკეტავს. „ეს ჯოჯოხეთის წრეებია, რომელიც დაუსრულებლად გრძელდება“, – ამბობს ნატალია ტუნიკოვა (Natalia Tunikova), რომლის მცდელობაც, დაესაჯა ფიზიკურად მოძალადე, წარუმატებლად დასრულდა.

საინტერესოა, რომ ანა ჟავრენოვიჩი ახალი კანონის მომხრეა. მას მიაჩნია, რომ ოჯახში ძალადობაზე გაცილებით ბევრი ქალი ამოიღებს ხმას, რადგან იმის იმედი ექნება, რომ მისი პარტნიორი მკაცრ რუსულ ციხეებში არ წავა. სოციალური მედიის ფლეშმობი ჰეშთეგით #Я не боюсь сказать (არ მეშინია, ვთქვა), სადაც ქალები მათზე განხორციელებული ძალადობის შესახებ საუბრობდნენ, უკრაინასა და რუსეთში შარშან დიდი პოპულარობით სარგებლობდა.

თუმცა, რუს ულტრაკონსერვატორებსაც არ ეშინიათ საუბრის. მიზულინა, „გეი პროპაგანდის“ წინააღმდეგ მიმართული კანონების ინიციატორი, ბოლო კანონპროექტის ლობისტიცაა. იგი ამბობს, რომ „როდესაც კაცი ცოლს სცემს, ეს ქალს არ სწყინს“. ოჯახში დაზიანებების მიყენების დეკრიმინალიზაციის მომხრენი ამბობენ, რომ ოჯახის საქმეში სახელმწიფოს ხელი არ უნდა ერიოს. „ოჯახი დელიკატური სფეროა, სადაც ადამიანები თავიანთ ურთიერთობებს თავად არკვევენ“, – ამბობს მთელი რუსეთის მასშტაბით ამ კანონპროექტის მხარდამჭერი ათასობით ხელმოწერის შეგროვების ინიციატორი მარია მამიკონიანი (Maria Mamikonyan), „სრულიად რუსეთის მშობელთა წინააღმდეგობის“ (Родительское всероссийское сопротивление) ხელმძღვანელი.

კომუნიზმით ტრავმირებულ ქვეყანაში, სადაც სახელმწიფოს კარნახით, ოდესღაც ადამიანს არანაირი პირადი ცხოვრება არ გააჩნდა, ოჯახში დაზიანებების მიყენების ფაქტების მიმართ მგრძნობელობა სრულიად გაუგებარია. ოჯახში ძალადობის დამსჯელი კანონების ასეთი მიუღებლობა, გარკვეულწილად, რუსეთის პოლიციისა და სასამართლო სისტემის მხრიდან ოჯახის ინსტიტუტის კონტროლის შესუსტების შიშით არის განპირობებული. როდესაც კრიტიკოსები ამტკიცებენ, რომ კონსერვატორთა შეხედულებებს „დომოსტროიმდე“ მივყავართ (Домострой,  XVI საუკუნის რუსული ლიტერატურის ძეგლი, რომელიც ადამიანის ცხოვრებისა და ოჯახის საკითხში წესების კრებულს მოიცავს, საზოგადოებრივ, სამეურნეო, რელიგიური თვალსაზრისით). მამიკონიანი ამბობს, რომ ივანე მრისხანეს მმართველობისა და შუასაუკუნეების დროინდელი კანონების აღდგენისკენ სწრაფვა იმ ფასეულობებისკენ დაბრუნებაა, რომელიც მე-19-მე-20 საუკუნეების ევროპული ცივილიზაციის ნაწილი იყო. თუმცა, ბევრი რუსი ქალისთვის ეს ყველაფერი სხვა არაფერია, თუ არა უკან გადადგმული ვეება ნაბიჯი.

წყარო: economist.com