თანასწორობის პოლიტიკა

რა წერია თანასწორობაზე ასოცირების ახალ დღის წესრიგში

გუშინ, 21 ნოემბერს, საქართველომ ევროკავშირისგან მიიღო ახალი, 2017-2020 წლის ასოცირების დღის წესრიგი, ანუ გზამკვლევი იმ რეფორმებისა, რომელიც საქართველომ უნდა განვლოს ევროკავშირთან დასაახლოვებლად. დოკუმენტში ცალკე ქვეთავი ეხება თანასწორ მოპყრობას. ამ ქვეთავში გაწერილია ორი მოკლევადიანი და ორი საშუალოვადიანი პრიორიტეტი, რომელზეც საქართველოს ხელისუფლებამ უნდა იმუშაოს მომდევნო სამი წლის განმავლობაში.

მოკლევადიან პრიორიტეტებში პირველი ეხება ქალისა და კაცის მიმართ თანასწორი მოპყრობის უზრუნველყოფას. ამავე პრიორიტეტში, საუბარია უმცირესობების მიმართ თანაწორ მოპყრობაზე სოციალურ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ ცხოვრებაში. უმცირესობების უფლებების საკითხის შემოტანა თანასწორობის ქვეთავში სიახლეა. წინა, 2014-2016 წლის ასოცირების დღის წესრიგი, მხოლოდ ქალისა და კაცის თანასწორობაზე აკეთებდა აქცენტს და არ ახსენებდა უმცირესობათა უფლებებს. უმცირესობებში დოკუმენტი მოიაზრებს რელიგიურ, ეთნიკურ, რასობრივ, უმცირესობებს და განსხვავებას ენის, სქესის, გენდერული იდენტობისა და სექსუალური ორიენტაციის მიხედვით.

მოკლევადიან პრიორიტეტებში ასევე განხილულია გენდერული საფუძვლით ჩადენილ ძალადობასთან ბრძოლა, რაც მოიცავს კანონის იმპლემენტაციის გაუმჯობესებას, საზოგადოების და პროფესიული წრეების, მათ შორის პოლიციის, ცნობიერების ამაღლებას, განსაკუთრებით სოფლად და უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში. დღის წესრიგი მოგვიწოდებს, გავზარდოთ მსხვერპლთა ხელმისაწვდომობა თავშესაფრებსა და საკონსულტაციო სერვისებზე. აღსანიშნავია, რომ წინა დღის წესრიგი საუბრობდა მხოლოდ ოჯახში ძალადობაზე, წინამდებარე დღის წესრიგი კი საუბრობს გენდერული ნიშნით ჩადენილ ძალადობაზე, რაც უფრო ფართოა, ვიდრე ოჯახში ძალადობა. გენდერული ნიშნით ჩადენილი ძალადობა ეხება არა მხოლოდ ქალებს, არამედ სხვა გენდერული იდენტობის მქონე პირებსაც, ანუ ის მოიცავს ლგბტ პირების მიმართ გენდერული ნიშნით ჩადენილ დანაშაულებს.

საშუალოვადიან პრიორიტეტებში კვლავ რჩება დედობის და მშობლობის ხელშეწყობაც, რაც გულისხმობს ევროკავშირის უსაფრთხოების სტანდარტებთან მიახლოებას, აგრეთვე, მშობლობისა და პროფესიული ვალდებულებების შეთავსების ხელშეწყობას. აღნიშნული ვალდებულება არ ახალია. წინა დღის წესრიგიც ითვალისწინებდა მას, თუმცა, 2017 წლამდე, საქართველოს ხელისუფლებას ამ მიზნის მისაღწევად არც ერთი ღონისძიება არ განუხორციელებია. მიზეზი გაურკვეველია, – ჩვენს ხელისუფლებას დღემდე ამის არანაირი მიზეზი არ დაუსახელებია. ამ ვალდებულებების შეუსრულებლობის შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ პოლიტიკის დოკუმენტში “საქართველოს დავიწყებული ვალდებულებები”.

საშუალოვადიანი, მეორე პრიორიტეტი ეხება ქალთა პოლიტიკური წარმომადგენლობის და გადაწყვეტილების მიმღებ პოზიციებზე მათი დანიშვნის ხელშეწყობის მიზნით აქტიური ნაბიჯების გადადგმას. ეს ვალდებულება არის ნოვაცია ასოცირების დღის წესრიგისათვის და სახელმწიფოს მოუწოდებს კონკრეტული რეფორმების განხორციელებისაკენ. მიუხედავად იმისა, რომ ქალთა პოლიტიკური გაძლიერების თემა ბოლო წლებია აქტიურად განიხილება საქართველოში, არც ერთი კონკრეტული ღონისძიება სახელმწიფოს არ განუხორციელებია. შეგახსენებთ, რომ ამჟამად პარლამენტში მიმდინარეობს გენდერული კვოტების კანონპროექტის განხილვა, რომელიც ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში 37 500 ხელმოწერით არის შესული. საკანონმდებლო კვოტების მიღება საქართველოს პარლამენტის მიერ იქნებოდა სწორედ ის აქტიური ნაბიჯი, რაზეც საუბრობს ასოცირების დღის წესრიგი.

ბაია პატარაია