ეკონომიკაshe / ეკონომიკური ძალადობა / სტატიები

რებეკა ხუგაევი: „ფინანსურად დამოუკიდებელი ქალი თავს არავის დააჩაგვრინებს!“

ვისაც საქართველოში მებაღეობასთან ოდნავი შეხება მაინც აქვს, მისთვის რებეკა ხუგაევის სახელი კარგად ნაცნობია. 24 წლის რებეკა ლაგოდეხის რაიონის სოფელ აფენში საკუთარ მეურნეობას, სახელწოდებით Gardenland Edemi, უძღვება. რას არ შეხვდებით რებეკას 2500 მ2-ზე გაშენებულ ედემში: დეკორატიულ ხეებს, ყვავილების იშვიათ სახეობებს, ხეხილიჯიშების მრავალფეროვან ასორტიმენტს, ბოსტნეულს პროფესიით ფოტოგრაფი რებეკა, ასევე ბიზნესის ადმინისტრირების განათლებით, ახლა მებაღეობას სწავლობს. თბილისში ცხოვრებაზე საინტერესო მისთვის საკუთარ სოფელში, საყვარელი საქმიანობით მუშაობა აღმოჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ ორი წლის შვილს მარტო ზრდის, დროის სწორი მენეჯმენტის წყალობით, ყველაფერს ასწრებს და მომავლის გეგმებსაც თამამად სახავს.

რებეკა ხუგაევი: ჩემი საქმიანობის სფერო დღესდღეობით სოფლის მეურნეობის ერთ-ერთ დარგს – მებაღეობას მოიცავს, კონკრეტულად კი – მცენარეების გამრავლებას, მოვლას, ზრდას და განვითარების კონტროლს. საკუთარ მეურნეობაში გამომყავს თესლოვანი და ბოლქვოვანი მცენარეები, ყვავილები, ჯუჯა და დიდი ზომის ხეხილი, დეკორატიული ხეები და ა. შ.

თქვენი ასაკის ახალგაზრდების რეგიონებიდან ქალაქში ტოტალური მიგრაციის ფონზე, თქვენ სოფელში დაბრუნების სურვილი რატომ გაგიჩნდათ?

სამწუხაროდ, ეს პრობლემა დღეს არა მარტო ჩვენს ქვეყანას, არამედ ჩვენზე ბევრად განვითარებულ ქვეყნებსაც აწუხებს.

ახალგაზრდები რეგიონებიდან ქალაქში მიდიან, რადგან სოფელი ვერ იძლევა ისეთ შესაძლებლობას, რომელიც მომავალი თაობის ინტერესებს დააკმაყოფილებს.

დიახ, დღეს ეს პრობლემა საქართველოს ძალიან აწუხებს.

უამრავ სოფელში და მათ შორის ჩემთანაც, ჯერ კიდევ არ არის მოასფალტებული გზა, -ზაფხულში მტვრით ვიხრჩობით, ზამთარში – ტალახით, არ არსებობს სკვერი, სადაც ბავშვს გაასეირნებ, არ არსებობს კინოთეატრი, სადაც მეგობარს დაპატიჟებ… ბევრი რომ არ გავაგრძელო, ყველა ასაკის ადამიანს თავის მოთხოვნები აქვს, სოფლის ცხოვრების განუვითარებლობა კი ამ მოთხოვნებს ოდნავადაც ვერ აკმაყოფილებს.

ჩემს მაგალითს ავიღებ: ვმუშაობ ყოველდღე, სახლიდან ძალიან იშვიათად გავდივარ, – ისიც მხოლოდ საყიდლებზე. მე გამიმართლა იმ მხრივ, რომ სიამოვნებას ვიღებ მცენარეებთან ურთიერთობით, თუმცა ასეთ პირობებში, როგორც სოფლად მცხოვრებ ახალგაზრდებს გვაქვს, ბევრი არ ისურვებს, ახალგაზრდობა ოთხ კედელში გაატაროს. კი, კარგია სოფელი, სუფთა ჰაერი, ლაშქრობები და ჯანსაღი პროდუქტი, თუმცა, ამის იქითაც არსებობს რაღაცები, რაც დღეს ახალგაზრდას სჭირდება ბედნიერებისთვის, ქალაქი კი იძლევა იმის საშუალებას, რომ ისწავლო და განვითარდე იმ მხრივ, რაც გაინტერესებს.

სიმართლე რომ გითხრათ, დედაჩემს არ სურდა, რომ მე სოფლად გამეგრძელებინა ცხოვრება, თუმცა მისი სურვილის წინააღმდეგ წავედი და სამწუხაროდ, მხოლოდ მისი გარდაცვალების შემდეგ დავბრუნდი სოფელში… გადაწყვეტილება მივიღე მამაჩემის კეთილდღეობისთვის. მაშინ ვერც წარმოვიდგენდი, რომ ამ საქმეში და ამპლუაში, სადაც ახლა ვარ, ბედნიერებას თუ ვპოვებდი.

ხშირად ისმის რიტორიკული ფრაზები, რომ საქართველოში სოფლის მეურნეობაზე, მიწაზე მუშაობა არარენტაბელურია, რომ ადამიანი ამ დროს სიღარიბეს ებრძვის და ვერაფერს აღწევს…

სამწუხაროდ, ეს რიტორიკული ფრაზები სიმართლეა – საქართველოში მიწაზე მუშაობა მართლაც არარენტაბელურია. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ქვეყანა ბარაქიანი და უხვმოსავლიანია, პროდუქტს, რომელიც ჩვენს მიწაზეც იდეალურად მოდის, უცხო ქვეყნებიდან ვყიდულობთ – შემოდის იმპორტით…

ძალიან სამწუხაროა, რომ ქვეყანა, განსაკუთრებით კი სოფლის მეურნეობის სამინისტრო, არ ზრუნავს თავის ქვეყნის მშრომელ გლეხსა და მის მოსავალზე.

პატიოსანი ადამიანი და განსაკუთრებით მიწაზე მომუშავე გლეხი ყოველთვის ებრძოდა და ებრძვის სიღარიბეს – ვინც მუშაობს, ის ჭამსო, ნათქვამია. ჩემს შემთხვევაში, ინტერნეტი ძალიან დამეხმარა, რომ საკუთარი პროდუქცია უფრო ფართო ბაზრისთვის მიმეწვდინა, მანამდე კი, ჩემი მშობლების მაგალითს ვიტყვი: ერთსა და იმავე ადგილს ტკეპნიდნენ ათეულობით წლის მანძილზე, და მხოლოდ წლიურ საარსებო მინიმუმს ძლივს გამოიმუშავებდნენ.

როგორც ვიცი, თქვენი მუშაობის პრინციპი ბიომეურნეობაა, ანუ მიწას ქიმიური სასუქითა და შესაწამლი პრეპარატებით ნაკლებად ამუშავებთ. ამ ნიშითაც ხომ არ აპირებთ ადგილობრივი ბაზრის დაკავებას?

ჩემი მუშაობის პრინციპი ჩემი მშობლების ათეულობით წლის მანძილზე დაგროვებულ გამოცდილებას ეყრდნობა.

დიახ, ვცდილობ, მიწას ქიმიური სასუქი საშუალებები არ მოვახმარო, შესაწამლი პრეპარატებიდან კი მხოლოდ ყველაზე საჭირო და აუცილებელ საშუალებებს ვირჩევ, რათა მცენარე მავნებლისა და განადგურებისგან დავიცვა.

ვინც გვიცნობს და იცნობს ჩვენს ნაწარმს, მათ იციან, რომ ჩვენს პროდუქციას ბიომეურნეობის პრინციპით ვაწარმოებთ. ამიტომ, შეიძლება ითქვას, რომ ადგილობრივ ბაზარზე საიმედო მეურნეობებს შორის ძალიან პატარა, მაგრამ საპატიო ადგილს ვიმკვიდრებთ.

ექსპორტზე თუ გიფიქრიათ?

სავსებით შესაძლებელია, საქართველოში წარმოებული ჯანსაღი პროდუქტი ექსპორტით გავიტანო, თუმცა ჯერ ეს საკითხი მხოლოდ იდეის პროცესშია, მომავალში, კონკრეტულად კი რამდენიმე წელიწადში ვგეგმავ, ჩემი გეგმები სისრულეში მოვიყვანო.

თანამშრომლობთ თუ არა მსგავსი პროფილის მქონე ადგილობრივ მეურნეობებთან?

დიახ, ვთანამშრომლობ და ამ საქმემ ბევრი ახალი მეგობარიც შემძინა.

ჩვენ ერთი მიზანი გვამოძრავებს – საქართველოში სოფლის მეურნეობის განვითარება. გვინდა, უფრო მეტი ადამიანი დაინტერესდეს მიწაზე მუშაობით, განსაკუთრებით კი – ახალგაზრდები. ვცდილობთ, ერთმანეთს დავეხმაროთ პროდუქციის რეალიზაციაში.

როგორც აგრობიზნესში ჩართული ადამიანს, პრობლემები რა საკითხებში გექმნებათ? სიმართლე რომ გითხრათ, მე ჯერ პრობლემა არ შემქმნია, ძალიან მარტივად დავიმკვიდრე თავი მომხმარებლის გულებში. მართალია, მოგება ძალიან ცოტა მრჩება, თუმცა გაყიდვის მაჩვენებელი მაღალია. შეიძლება ითქვას, რომ ყველაფერს ვყიდი რეალურ ფასად – ჩემთვის მნიშვნელოვანი მომხმარებლის აზრი და მისი ბიუჯეტი.

ფოტოგრაფიით თქვენი გატაცების შესახებ გვიამბეთ… იყენებთ თუ არა ფოტოგრაფიის მიმართ თქვენს სიყვარულს თქვენივე ბიზნესის ბრენდირებაში?

ფოტოგრაფიით ბავშვობაში დავინტერესდი, ეს იყო როგორც ჩემი ჰობი. შემდეგ უკვე პროფესიად ვაქციე და ვმუშაობდი კიდეც რამდენიმე ადგილას ფოტოგრაფად.

ფოტოხელოვნება დღეს ჩემი ბიზნესის ბრენდირებაში ძალიან მეხმარება.

ვფიქრობ, ყველაზე მნიშვნელოვანი შენი ბიზნესის სწორად წარმოჩენა, შენი ბრენდის რეკლამირებაა, რისთვისაც სწორად შერჩეული ფოტო და ვიდეომასალაა საჭირო.

რა კუთხით გააფართოებდით თქვენს ბიზნესს?

ბიზნესის გაფართოებას ისევ და ისევ სოფლის მეურნეობის სხვა სფეროთი ვაპირებ, – კონკრეტულად მევენახეობა-მეღვინეობით. წელს იჯარით ავიღეთ ვენახი, უკვე ყურძენსაც დავწურავთ, საახალწლოდ კი საკუთარი წარმოების ღვინო მექნება. რადგან მე ამ სფეროს ახლა ვსწავლობ, ყველა დეტალს ვუკვირდები. ვიწყებ მხოლოდ 2 ტონა ყურძნით.

ასევე, ვსწავლობ ღვინის ბაზარს და ძალიან ბევრ პრობლემასაც ვაწყდები, თუმცა არ ვაპირებ, დავნებდე, საქმე იმ დონემდე უნდა მივიყვანო, როგორც დავგეგმე.

ჩვენში გავრცელებული სტერეოტიპების თანახმად, „ქალი კაცმა უნდა არჩინოს“. თქვენი გადმოსახედიდან, რა პრივილეგია აქვს ფინანსურად დამოუკიდებელ ქალს?

ადრეც ვფიქრობდი და ახლაც იმავეს ვფიქრობ: რა ვალდებულია მხოლოდ კაცი, ქალი არჩინოს, ან მხოლოდ ქალი, რომ კაცი არჩინოს? ქალისა და კაცის ურთიერთობა იმდენად შეთანხმებული და გარკვეული უნდა იყოს, რომ ოჯახში ეს პრობლემად არ უნდა იქცეს. ფინანსურად დამოუკიდებელი ქალი მეტად თავდაჯერებულია, მეტად სწამს საკუთარი თავის, დარწმუნებულია თავის ძალებში. მოკლედ რომ ვთქვა, თავს არავის დააჩაგვრინებს, განსაკუთრებით კი – კაცს. ჩვენ საქართველოში ვცხოვრობთ და ვიცით, რა ვითარებაცაა ქალისა და კაცის უფლებების განსაზღვრის დროს.

კაცების თქმით, ქალი მათზე „დაბლა დგას“ და „უფრო მეტი მოეთხოვება“: საკუთარი თავის, ოჯახის, ნათესავების, მეზობლების, ერის-ბერის და ქვეყნის წინაშეც კი. ნურას უკაცრავად! ქალი ვალდებულია მხოლოდ საკუთარი თავის და შვილის წინაშე!

ფინანსურად დამოუკიდებელი ქალი კი ამის შესანიშნავი მაგალითია.

როგორ აღიქვამენ ირგვლივ მყოფი კაცები თქვენს საქმიანობას?

არამარტო კაცების, არამედ ქალების მხრიდანაც ხშირად ყოფილა ასეთი საუბრები:

რომ მე ქალი ვარ და ბევრი უნდა მოვითმინო,

რომ მე ქალი ვარ და ქალის საქმე უნდა ვაკეთო,

რომ მე ქალი ვარ და ვერ შევძლებ მარტო ვერაფერს,

რომ მე ქალი ვარ და რას იტყვის ხალხი, რომ ისიც ქალია და მანაც იგივე გამოიარა…

მინდა აღვნიშნო, რომ ხალხი ყოველთვის იტყვის რამეს. მაგრამ, ერთხელ ვცხოვრობთ და მოდით, ვიყოთ ბედნიერები!

ანუ, ვიღაცისთვის წარმოუდგენელია, რომ „ქალის საქმეს“ არ აკეთებთ?

წარმოუდგენელი ნამდვილად არაფერია, რაც ჩემს ფიზიკურ ძალებს არ აღემატება, ყველაფერს შევძლებდი, მიუხედავად იმისა, არის ეს „ქალის საქმე“, თუ – არა.

საზოგადოების აზრით, მიწაზე მუშაობა ქალის საქმე არაა, მაგრამ ხომ ხედავთ, მე ვმუშაობ: ვთოხნი და ვბარავ კიდევაც ბევრ კაცზე უკეთესად…

თქვენს ასაკში დედობამ და ზოგადად, მარტოხელა დედობამ, რა გამოცდილება შეგძინათ?

ჩემი ასაკის გოგონების უმეტესობა ალბათ ისევ რომელიმე ბოლო მოდელის მანქანაზე „ამხედრებულ” პრინცს ელის, თუმცა, რაც მალე მიხვდებიან, რომ ოცნებებით ცხოვრება მათ მომავალს კარგს არაფერს მოუტანს, მით უკეთესი ჩვენი ქვეყნისთვის – უფრო მეტი განათლებული და წარმატებული „ბისნესვუმენი” გვეყოლება.

მიუხედავად იმისა, რომ არავის ვეძებდი და არც ოცნებაში დამიკარგავს დრო, მოხდა ისე, რომ საკუთარი პრინცი თავად გავაჩინე. ჩემმა შვილმა ასმაგი და ათასმაგი ძალა მომცა, მერწმუნა, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი, მასწავლა, რომ არასოდეს უნდა დავნებდე, მასწავლა პასუხიმგებლობა, თანაც როგორი, მასწავლა სიტყვისა და დროის ფასი. მე მასთან ერთად ვიზრდები, მას კი ვზრდი ისე, რომ ადრეული ასაკიდანვე იცოდეს დამოუკიდებლობის, შრომის და ადამიანობის ფასი. მას ძალიან ბევრი გამოწვევა ელოდება ცხოვრების გზაზე და მინდა მოვამზადო იმ დრომდე, სანამ პირველ გამოწვევას შეხვდება.

ესაუბრა შორენა გაბუნია