ფრანგმა მსახიობმა და ფოტოგრაფმა ვალენტინ მონიემ (Valentine Monnier) განაცხადა, რომ 1975 წელს, როდესაც იგი 18 წლის იყო, რომან პოლანსკიმ გააუპატიურა. „მე ამ ადამიანთან არანაირი კავშირი არ მქონია – არც პროფესიული, არც პირადი. მას ზერელედ ვიცნობდი. არც წვეულებაზე ვყოფილვარ მასთან, არც ალკოჰოლი მიმიღია და არც – ნარკოტიკები“, – ამბობს ფოტოგრაფი.
სამოცდაორი წლის მონიეს თქმით, ინციდენტი შვეიცარიაში მოხდა, პოლანსკის ნაქირავებ სახლში, სადაც იგი მეგობრებთან ერთად გაჩერდა – გოგონა მანამდე რეჟისორს არც იცნობდა. დღისით, თხილამურებით სრიალის დროს, რეჟისორმა მას სექსი შესთავაზა, რაზეც უარი მიიღო. მოგვიანებით, საღამოს, პოლანსკიმ იგი თავისთან მოიხმო, ზედა სართულზე. ვალენტინი მასთან ისე გამოცხადდა, რომ ეჭვი არაფერზე ჰქონია, მაგრამ, მას პოლანსკი გაშიშვლებული დახვდა. მონიე იხსენებს, თუ როგორ ეცა იგი გოგონას, ძლიერად დაარტყა, შემდეგ ტანსაცმელი შემოახია და გააუპატიურა. მოგვიანებით, მან ვალენტინს ამ ინციდენტის გამო, ატირებულმა, ბოდიშიც მოუხადა.
მონიე აღნიშნავს, რომ მეორე დღეს პოლიციაში მისვლა, რაც, სხვათა შორის, თავად პოლანსკის ერთ-ერთმა ნაცნობმა ურჩია, მას იმის შიშმა გადააფიქრებინა, რომ ამხელა ავტორიტეტის მქონე რეჟისორი მის მოკვლაზეც არ დაიხევდა უკან. პოლანსკის ამ ზემოთხსენებულ ნაცნობს, რომელთანაც მონიემ გაუპატიურების შემდეგ შეაფარა თავი, გაზეთ Le Parisien-ის რედაქცია დაუკავშირდა. მან მზადყოფნა გამოთქვა, მისცეს ჩვენება იმ შემთხვევაში, თუ საქმე სასამართლომდე მივა.
როგორც 62 წლის მონიე Le Parisien -ში გამოქვეყნებულ თავის ღია წერილში ამბობს, 44-წლიანი დუმილის შემდეგ, ამ ამბავზე საუბარი მას პოლანსკის ინტერვიუმ გადააწყვეტინა, ახალ ფილმთან, „ბრალს ვდებ“ (J’accuse, მეორენაირად “ოფიცერი და ჯაშუში”) დაკავშირებით. ფილმი ფრანგ ოფიცერზე, ალფრედ დრეიფუსზე მოგვითხრობს. იგი გერმანიის ჯაშუშობაში უსაფუძვლოდ დაადანაშაულეს და სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს, რაც საფრანგეთის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე სამარცხვინო სასამართლო ჩავარდნად მიიჩნევა. პოლანსკიმ დრეიფუსი აქ საკუთარ თავთან გააიგივა, როგორც უსამართლოდ დევნილთან.
„სარწმუნოა თუ არა იმის მოსმენა, როდესაც ვიღაც ამბობს: „მე ბრალს ვდებ“, მაშინ, როდესაც მსხვერპლი დაღდასმული ხარ და იმის უფლებაც კი არ გაქვს, რომ მოძალადე დაადანაშაულო?“, – განაცხადა მონიემ.
რომან პოლანსკის გაუპატიურებაში პირველად როდი ადანაშაულებენ. ერთ-ერთი სკანდალი 1977 წელს მოხდა, როცა მას ლოს-ანჯელესში 13 წლის სამანტა გეიმერის (Samantha Geimer) გაუპატიურებაში დასდეს ბრალი. რეჟისორმა ბრალი აღიარა, მაგრამ განაჩენის გამოტანიდან ერთი დღით ადრე, ქვეყნიდან გაიქცა. მას შემდეგ, იგი საფრანგეთში ცხოვრობს, სადაც კონსტიტუცია მოქალაქეების ექსტრადიციას კრძალავს.
პოლანსკის საფრანგეთისა და პოლონეთის მოქალაქეობა აქვს. მისი მხრიდან სექსუალური შევიწროებისა და გაუპატიურების სხვა საქმეებზე, უკვე 2010-იან წლებში, სულ ცოტა, ხუთმა ქალმა ისაუბრა.
ამ მიზეზების გამო, გუშინ, პარიზში, ფემინისტურმა ჯგუფებმა პოლანსკის ფილმის „მე ბრალს ვდებ“ პრემიერა ჩაშალეს.
წყარო: nytimes.com