"საფარის" საქმეები / თანასწორობის პოლიტიკა / იურიდიული დახმარება

რუსა ამირეჯიბი: რასიზმი და კულტურა ერთმანეთთან თანხვედრაში არ მოდის!

მალე წელიწადი შესრულდება მას შემდეგ, რაც ცნობილი ქართველი მწერლის, რუსა ამირეჯიბის გოგონა მიმი სკოლაში როგორც მოსწავლეების, ასევე მასწავლებლების მხრიდან გამოვლენილი რასისტული განწყობების მსხვერპლი გახდა. რუსამ ამ სიმპტომატურ ინციდენტზე სათანადო რეაგირება გადაწყვიტა, რის შედეგადაც საქმეს სამართლებრივი მსვლელობა მისცა. გარდა ამისა, რუსამ საზოგადოების ყურადღება მოვლენის სოციალურ-კულტურულ მხარეზეც გაამახვილა. მართლაც, რასისტული და ზოგადად ქსენოფობიური დამოკიდებულებები დღევანდელ საქართველოში არცთუ იშვიათია, რასაც ადამიანების ამგვარ განწყობებზე მანიპულირების მოსურნე მედიებისა თუ პოლიტიკური ძალების პოპულარობაც მეტყველებს. ქვეყანაში რასისტულ ნიადაგზე დისკრიმინაციის, ზოგადად ქსენოფობიური ფონის შესახებ თავად რუსა ამირეჯიბი გვესაუბრება.

ზოგადად, რასიზმი თანამედროვე სამყაროს უდიდესი პრობლემაა. უდიდესი ძალისხმევა ეთმობა, მაგალითად, ფეხბურთში რასისტული განწყობების აღმოფხვრაზე ორიენტირებულ კამპანიებს, თუმცა იგი კვლავ და კვლავ იჩენს თავს. თქვენი აზრით, რა განსხვავებაა ამ მხრივ საქართველოსა და ევროპის ქვეყნებს შორის არსებულ რასისტულ განწყობებს შორის?

ჩემს ზოგად შეხედულებაზე აქცენტის გაკეთებას, ჯობს, გამოცდილებაზე გითხრათ. სწორედ გამოცდილებიდან გამომდინარე ვფიქრობ, რომ ერთადერთი, რაც ქართველებს სასწავლი აქვთ, ესაა -კულტურა. ევროპაში იციან, რომ რასიზმისა თუ დისკრიმინაციის ხმამაღლა დაფიქსირება უკულტურობასა და დაბალ დონეს ამტკიცებს, ჩვენთან კი ჰგონიათ, რომ ნებისმერი სისულელის ხმამაღლა წამოყრანტალება და დაჟინებით ყვირილი – თავისუფლებაა.

ჰოდა, რას ვამბობდი: გერმანიამ მისცა შანსი თავის მოქალაქეებს, რომ წელიწადში ერთხელ თავისი ნეგატიური განწყობები აღლუმის სახით გამოხატონ. დანარჩენი წელი, მხოლოდ თვალებით თუ მიხვდებით, რომ ვიღაც რასისტია. მე არ მახსოვს, ერთს მეორესთვის ხმამაღლა ქუჩაში, ტრანსპორტში ან საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილზე რაიმე დისკრიმინაციული მიეძახებინოს. თვით იმ აღლუმის დღესაც კი არ მახსოვს მსგავსი ფაქტი, მხოლოდ ის მახსოვს, მაგ დღეს, მეტროში და კაფეში მოხუცებულები როგორი ავი თვალებით მიყურებდნენ, როგორც უცხოელს. რასისტული განწყობების (თუ ასეთი რამ საერთოდ არსებობს) დამალვის კულტურას ევროპულ ქვეყნებში სკოლაშივე ასწავლიან. როდესაც ჩვენთანაც შემოიღებენ ტოლერანტობის გაკვეთილებს, ამის კულტურა ჩვენც გაგვიჩნდება, თუმცა, მანამდე ჯერ გასარკვევი გვაქვს, თავისუფლება რას ნიშნავს… მოდით, დავწეროთ ტოლერანტობის არსი: „ტოლერანტობა ნიშნავს განსხვავებული მსოფლაღქმის, ცხოვრების წესის, ქცევისა და ჩვეულებების ატანას. ტოლერანტობა არ ნიშნავს გულგრილობას ან განურჩევლობას, არც განსხვავებული მსოფლმხედველობის ან ცხოვრების წესის მიღებას; ის ნიშნავს სხვებისთვის უფლების მიცემას, იცხოვრონ თავიანთი ინდივიდუალური მსოფლმხედველობის შესაბამისად. ტოლერანტობა მოიცავს ადამიანის თავისუფალი არჩევანის ზოგადი უფლების პატივისცემას და არა რომელიმე კონკრეტული არჩევანის პატივისცემას“.

სანამ მიმი გაგიჩნდებოდათ, საქართველოში რასიზმის არსებობა თუ შეგიმჩნევიათ?

სანამ მიმი გამიჩნდებოდა, გერმანიაში ვცხოვრობდი, ხოლო როცა გერმანიაში წავედი, 20 წლის ვიყავი და მაშინ ფერადკანიანები ჩვენთან არ იყვნენ, ხოლო „სომეხო, ქურთო“ და მსგავსი მიძახილები მაშინდელი საქართველოსთვის ჩვეულებრივი მოვლენა იყო. სანამ გერმანიაში წავიდოდი, 10 წლისამ „ბიძია თომის ქოხი“ წავიკითხე, კიდევ მანამდე კი ერთი ისტორია მახსენდება: ერთხელ, ასე 8 წლის ვიქნებოდი, ეზოში ერთ-ერთ ბავშვს რუსო დავუძახე, რუსი ხარ, ქართველი არ ხარ-მეთქი, ვუყვიროდი. მახსოვს, მწარედ ტიროდა. სახლში რომ მოვყევი, დედამ დამარიგა, პირიქით, გიხაროდეს, რომ სხვა ეროვნების ადამიანი ამბობს, ქართველი ვარო, ეს ხომ ერთგულებასა და სიყვარულს გამოხატავსო. მახსოვს, მივხვდი, რაც მითხრა. ეს იყო უკანასკნელი შემთხვევა, როცა მე სხვა ეთნიკური თუ რასობრივი წარმომადგენელის მიმართ რაიმე მტრული განწყობა გამიჩნდა. ამიტომ მიმაჩნია, რომ აუცილებელია, სკოლაში ისწავლებოდეს ტოლერანტობა, როგორც დამოუკიდებელი საგანი და ამასთან მისი ისტორია, მაგალითად, მარტინ ლუთერ კინგზე და სხვა ლიდერებზე…  იმ შემთხვევაში, თუ უკვე ჩამოყალიბებულ ფსიქიკასთან და რასისტთან გვაქვს საქმე, მით უმეტეს აუცილებელია, სკოლაში მასწავლებელმა ახალგაზრდები დაარიგონ, რომ დისკრიმინაციული განწყობა აუცილებლად უნდა დაიმალოს.

საქართველოში რასიზმის მსხვერპლ სხვა ადამიანებთან თუ გქონიათ შეხება? მათ რა პრობლემები აწუხებთ?

თითქმის ყველა ქართველმა დედამ მომწერა, ვისაც ფერადკანიანი შვილი ჰყავს, ასევე, თვითონ იმ ბავშებმაც მომწერეს. ზოგი მწერდა, რომ მასწავლებელს ჰყავს ამოჩემებული, ერთხელ წიგნიც კი ჩაარტყა ჩემს შვილს თავშიო. ზოგი მწერდა, რომ სამსახურიდან დამითხოვეს, როცა გაიგეს, რომ ფერადკანიანი ქმარი მყავსო, ზოგი მწერდა, რომ რუსთავში ისე შემავიწროვეს, დედამ სოფელში წამიყვანა ბებიასთან და იქ ვცხოვრობო. რომელი ერთ მოვყვე…

აუცილებელია ქართველმა შეიგნოს, რომ უდიდესი სირცხვილია სხვა ადამიანის შევიწროება მხოლოდ განსხვავებული ნიშნის გამო. ჩვენ ხომ პრეტენზია გვაქვს, რომ ერუდირებული, კულტურული ერი ვართ? რაღაც, არ მოდის თანხვედრაში რასიზმი და კულტურა.

როგორც ვიცი, თქვენს ბიოგრაფიაში ისეთი შემთხვევებიც ყოფილა, როდესაც თქვენი გვარისა და წარმომავლობის „შემარცხვენელი“ უწოდებიათ იმის გამო, რომ „არაქართველი“ მეუღლე გყავდათ?

კი იყო მსგავსი შემთხვევები, თუმცა პირისპირ ვერ გაუბედავთ. სადღაც კომენტარებში ამომიკითხავს ერთი-ორი აშკარად მარაზმმორეული ადამიანის დაწერილი გასაოცარი კომენტარები… ჩემს ოჯახს და ნათესავებს არ უფიქრიათ მსგავსი, და რა ვისი საქმეა, მე ჩემი ოჯახი შევარცხვინე თუ რა ვქენი? ყველამ თავის ოჯახსა და საგვარეულოს მიხედოს (იცინის, შ. გ.).

როგორ აღიქვამს თავად მიმი მის წინააღმდეგ მიმართულ რასისტულ განწყობებს?

მიმი ერთი პერიოდი ძალიან დაძაბული და დაკომპლექსებული იყო. თუმცა, ვერ ვიტყვი, რომ დღეს ამ ყველაფრისგან ბოლომდე თავისუფალია. ნებისმიერ ინციდენტს გულში ძალიან განიცდის ხოლმე. 130-ე სკოლის ინციდენტის გამო, ერთი კვირა ლოგინიდან არ დგებოდა, ისედაც არ ვუყვარვარ არავის და ახლა მთლად შევძაგდებიო: თურმე, მიჩვეული იყო იმ სკოლაში, დერეფანში ან ფანჯრიდან ზანგოს რომ მიაძახებდნენ. ახლა მეექვსე სკოლაში დადის, სადაც უბრალო გამოხედვასაც კი არ შეუწუხებია. პირველ დღესვე გაოგნებული მოვიდა, ეს რა სკოლაა, არც კი მიყურებენო. სკოლა ბავშვის აღზრდაში უდიდეს როლს თამაშობს.

დიდი დისკუსია მიმდინარეობს იმის ირგვლივ, არის თუ არა ჩვენს საზოგადოებაში არსებული რასისტული განწყობები ქსენოფობიის ერთი წახნაგი. ხშირად, საზოგადოებას ამის აღიარება არ სურს და მომხდარს ცალკეულ, საერთო კონტექსტიდან ამოგლეჯილ ფაქტად განიხილავს. თქვენ როგორ აღიქვამთ ამ ყველაფერს?

რასიზის ქსეონოფობიაში გაერთიანებას თავისი ისტორიული ფესვები აქვს. ფაქტია, რომ რაღაც შოვინისტურ დოგმებზე დამყარებული რელიგიურ-კულტურული ქსენოფობია ყოველთვის არსებობდა და თანამედროვე სამყაროში ჯერ ისევ არსებობს. მიუხედავად იმისა, რომ დემოკრატიული ქვეყნები ამ ყველაფერს ებრძვიან, საზოგადოება მხოლოდ ანტიდისკრიმინაციული კანონების მიღებით წავიდა წინ. ჩემი აზრით, სწორედ ამ ფაქტორმა განაპირობა მსოფლიოს მიერ რასიზმის, დისკრიმინაციისა თუ ქსენოფობიის გამოხატვის უკულტურობად და დაბალ დონედ აღიარება. სწორედ ამიტომ დავდივარ უკვე 7 თვეა სასამართლოში – მჯერა, რომ მაგალითს დიდი ძალა აქვს.

რა უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ სკოლაში და ზოგადად საგანმანათლებლო დაწესებულებებში სიძულვილის ენა, დისკრიმინაციული დამოკიდებულებები აღიკვეთოს?

როგორც ზემოთ ვთქვი, დაამატონ დაწყებით კლასებში შესაბამისი ლიტერატურა, ასწავლონ ბავშვებს, რა შედეგი მოაქვს დისკრიმინაციას თვითონ პიროვნებისათვის და პიროვნებისადმი. ეს, ფაქტობრივად, თავისუფლების სწავლა იქნება.

როგორც ვიცი, დისკრიმინაციული დამოკიდებულებების გამო, მიმიმ რამდენიმე სკოლა გამოიცვალა…

იცით, ეს ცოტა რთული თემაა. დავიწყოთ იმით, რომ ბავშვები ორივე სკოლაში ეძახდნენ, დამრიგებელს ორივე სკოლაში ჰყავდა ამოჩემებული. პირველს, ვიცი რომ არა რასობრივი მიზეზის გამო, მეორე – გაუგებარია დღემდე. რადგან კონკრეტული მიზეზი არ ვიცი, ვფიქრობ, რომ დისკრიმინაციულ დამოკიდებულებას ჰქონდა ადგილი. სხვა რა ვიფიქრო, როცა დამრიგებელი ბავშვის მოშორებას ფიქრობს 24 საათი? საბოლოოდ, უკვე მიმიმ განაცხადა, მოვკვდები და მაგ ქალის კლასში არ წავალო. არადა, დირექტორი არაჩვეულებრივი ადამიანი ჰყავთ. ამის შემდეგ, 130-ე სკოლაში გადავიყვანე, რომელმაც საერთოდ დააგვირგვინა.  მასწავლებლებს რომ რაიმე ღონისძიება მაინც გაეტარებინათ ამ ფაქტთან დაკავშირებით, არა მხოლოდ მიმის, იმ მოსწავლეებსაც სამომავლო, კეთილ საქმეს გაუკეთებდნენ.

საქართველო – მოგმართავ – შეიგნე, რომ ნებისმიერ უმცირესობაზე ძალადობა, ვერბალური თუ ფიზიკური – ერთ-ერთი ყველაზე ამაზრზენი დანაშაულია 21-საუკუნის, არ ხარ შენ არც გაეროს და არც ნატოს ღირსი, სანამ საკუთარი ქვეყნის შვილებს არ დაიცავ!“, – ეს სიტყვები შარშან დაწერეთ. ზოგადად, კულტურული იზოლაციონიზმის მომხრე ქართველები მეორე მხრივ არასოდეს ამბობენ უარს ევროპულ კეთილდღეობაზე. ამის პარალელურად, ევროპის ქვეყნებში ემიგრაციაში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეები ხშირად კულტურულად ჰერმეტულ სივრცეში ცხოვრობენ და განსხვავებულობის მიღება ტრაგედიად მიაჩნიათ. ეს ჩაკეტილობა რის გამო ხდება?

სადაც წახვალ, იქაური ქუდი უნდა დაიხურო. რა თქმა უნდა, მხოლოდ დისკრიმინაციულად განწყობილი ქართველები ცხოვრობენ ევროპაში კულტურულად ჰერმეტულ სივრცეში. გამოდის, მხოლოდ იმიტომ არიან იქ, რომ ცხოვრების კომფორტული პირობები ჰქონდეთ. აქ ლაპარაკი ზედმეტია შინაგანი თავისუფლების კულტურაზე. ასეთი წესით მცხოვრები ქართველი უცხო ქვეყანაში ვერავითარ პროფესიულ წარმატებას ვერ აღწევს. ამის გარდა, ნარცისიზმის, მენტალურად შეზღუდულობისა და „მასა-ადამიანად“ ყოფნის ამაზე მეტად დამტკიცება და აღიარება უკვე აღარ არსებობს. ასეთ ქართველებს აფრიკელები და ყველა სხვა ნაციონალიტეტი “დაბალ დონედ” მიაჩნიათ, როცა ისინი ერთმანეთს უცხო ქვეყანაში თავგანწირულად ეხმარებიან. ეს აფრიკელებსაც ეხება და თურქებსაც, ქურთებსაც, ხორვატებსაც, რუსებსაც, ყველას – ჩვენ გარდა. უცხოეთში მცხოვრები ქართველები კი ერთმანეთის მიმართაც  სიხარბეს, შურსა და ორგულობას იჩენენ… ვიცი, ეს ძალიან ხმამაღალი და უსიამოვნო ნათქვამია, მაგრამ სიმართლეა, იმიტომ რომ ვნახე და გამოვცადე.

ამას წინათ, იმ ბავშვმა, ვინც სკოლაში მიმის შეურაცხყოფა მიაყენა, საკუთარი დანაშაულის გამოსასყიდად მას საჩუქრები მოუტანა. თქვენ დანანებით აღნიშნეთ, კარგი იქნებოდა, სინანულის გრძნობა მასწავლებლებს დაუფლებოდათო. როგორ ფიქრობთ, რასიზმის, ქსენობოფიის, განსახვავებულის მიმართ შეურიგებელი მოპყრობის პრობლემა უფროს თაობაში ხომ არ მდგომარეობს? ამ მხრივ რამე განსხვავებას ხედავთ თაობებს შორის?

კი, ზუსტად მასე ვფიქრობ, ეს პრობლემა უფროს თაობაშია. ისინი ვერც ხვდებიან, როგორ უშავებენ საკუთარ შვილებს, როცა ტოლერანტობას არ ასწავლიან. არ იციან, თუ როგორ ზღუდავს ფობია ბავშვს, რა დონეზე განიცდის ბავშვი ფსიქიკურ დეფორმაციას, როგორ იმეტებენ საკუთარ შვილებს უსიამოვნო, საშინელი გრძნობებით სავსე ცხოვრებისთვის. არ იციან იმიტომ, რომ თვითონ არასდროს ყოფილან მენტალურად თავისუფალი, ჰგონიათ, რომ ის მდგომარეობა, რაშიც თვითონ არიან – ჩვეულებრივია. ძალიან სამწუხარო  და ტრაგიკული თემაა ეს…

ესაუბრა შორენა გაბუნია