თანასწორობის პოლიტიკა

საუდის არაბეთის მეფე სალმანის გადაწყვეტილება ადგილობრივი ქალების სასარგებლოდ

იმის შესახებ, თუ რა მდგომარეობაა საუდის არაბეთში ქალთა უფლებების მხრივ, ჩვენს ვებგვერდზე არაერთხელ დაგვიწერია. გენდერული სეგრეგაციის მხრივ მსოფლიოში ერთ-ერთ მოწინავე ქვეყანაში, ქალები მამრობითი სქესის მეურვეების მეთვალყურეობის ქვეშ ცხოვრობენ და საზოგადოებრივ ადგილებში იძულებულნი არიან, თხემით ტერფამდე შავი სამოსში შეფუთულებმა იარონ.

მოგზაურობის, სწავლის, მკურნალობისთვის, ქალებისთვის აუცილებლად მეურვის ნებართვაა საჭირო.

მაგრამ, ამ კვირაში ადგილობრივ მედიაში გავრცელდა ცნობა საუდის არაბეთის მეფე სალმანის (King Salman) ბრძანების შესახებ, რომლის თანახმადაც, ქალებს სახელმწიფო მომსახურებაზე, მაგალითად განათლებასა და ჯანდაცვაზე წვდომა მამრობითი სქესის მეურვის თანხმობის გარეშე შეეძლებათ.

ეს იმას ნიშნავს, რომ ამიერიდან, ზოგიერთ შემთხვევაში ქალებს ხელი მიუწვდებათ სტაციონარულ მკურნალობაზე, ასევე სახელმწიფო და კერძო სექტორში სამუშაოსა და სასამართლოში მეურვის გარეშე გამოცხადებაზე.

ქალთა უფლებადამცველი და ჯიდაში არსებული ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციის (Organization of Islamic Cooperation) დირექტორის მაჰა ეიკილის (Maha Akeel) თქმით, მეფე სალმანის ბრძანება, სხვა თუ არაფერი, მეურვის ინსტიტუტის შერყევას გამოიწვევს.

ზემოთხსენებული ბრძანება მეფე სალმანის მიერ გატარებულ ღონისძიებათა ნაწილია, რომელიც სამუშაო ადგილებში მეტი ქალის ჩართვისკენაა მიმართული. თავის მხრივ, მეფის ეს ნაბიჯი ქვეყნის ეკონომიკის დივერსიფიკაციას და მისი ნავთობზე დამოკიდებულების დაქვეითების მცდელობას უკავშირდება.

ზემოთხსენებული ტენდენცია 2011 წელს დაიწყო, როდესაც აწ განსვენებულმა მეფე აბდულამ (King Abdullah) ქალები შურას საკონსულტაციო საბჭოში დაუშვა. ამჟამად, ქალებს მუნიციპალურ არჩევნებში ხმის მიცემა, ზოგიერთ სასტუმროში მუშაობა შეუძლიათ. მათი მონაწილება ოლიმპიურ თამაშებში 2012 წელს პირველად დაუშვეს.

თუმცა, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის კვლევების თანახმად, საუდის არაბეთი 2016 წელს 144-დან 141-ე ადგილს იკავებდა გლობალური გენდერული თანასწორობის მხრივ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩართულობის, ჯანდაცვასა და განათლებაზე ხელმისაწვდომობის საქმეში.

კაცის მეურვეობის სისტემა, რომელიც მოითხოვს, რომ ქალებმა მამების, ქმრების ან ვაჟებისგან უნდა მიიღონ სხვადასხვა აუცილებელ პროცესებზე თანხმობა, ქალთა უფლებების უხეში დარღვევაა. როგორც მაჰა ეიკილი ამბობს, კაცის მეურვეობის სისტემა არ არის ისლამური მოვლენა და ქალისთვის უაღრესად დამამცირებელია. „ზოგიერთი კაცი ამ სისტემას თავისთვის სასარგებლოდ, ბოროტად იყენებს“, – ამბობს იგი.