თანასწორობის პოლიტიკა

საუდის არაბეთში ქალებს აბაიას ჩაცმას აღარ აიძულებენ

საუდის არაბეთის პრინცმა მუჰამედ ბინ სალმანმა (Mohamed Bin Salman) განაცხადა, რომ ამიერიდან, ქვეყანაში მცხოვრები ქალები იძულებულნი აღარ იქნებიან, ტრადიციული სახელოებიანი შავი კაბა, აბაია, ატარონ.

პრინცის თქმით, შარიათის ნორმები „კეთილგონივრულ ჩაცმას“ მოითხოვს როგორც ქალებისგან, ასევე კაცებისგან, მაგრამ, იქ არაფერია ნათქვამი მაინცდამაინც შავ აბაიასა და თავსაბურავზე. თავად ქალი დამოუკიდებლად უნდა ირჩევდეს იმ სამოსს, რომელიც მისთვის იქნება მისაღები.

აშშ-ში ვიზიტისას, პრინცმა აღნიშნა, რომ ბოლო 40 წლის განმავლობაში, ქვეყანა არასწორი გზით ვითარდებოდა, და საუდის არაბეთში მცხოვრები ქალებისთვის მასშტაბური ცვლილებები დააანონსა.

„ეს არ ყოფილა ნამდვილი საუდის არაბეთი. გუგლში შესაძლებელია 60-70-იანი წლების ფოტოების ნახვა, სადაც ნამდვილი საუდის არაბეთია ასახული. ჩვენ სრულიად ნორმალურად ვცხოვრობდით, ისევე, როგორც სპარსეთის ყურის სხვა ქვეყნები. ქალები საჭესთან ისხდნენ, მუშაობდნენ, ფუნქციონირებდა კინოთეატრები. მალე, ქალები ჩვენს ქვეყანაში ახალ უფლებებს მოიპოვებენ, სხვადასხვა ღონისძიებებში ჩაერთვებიან, ივნისიდან კი საჭეს მიუსხდებიან. ჩვენ ყველანი ადამიანები ვართ, და ქალსა და კაცს შორის არანაირი განსხვავება არ არსებობს“, – განაცხადა მან.

შარშან, პრინცმა სალმანმა ქვეყანაში ზომიერი, მსოფლიოსთვის ღია ისლამისკენ სწრაფვა დააფიქსირა. ამჟამად, საუდის არაბეთში სუნიტურ ისლამზე დაფუძნებული თეოკრატიული მონარქიაა. ქვეყანაში მოქმედებს რელიგიური პოლიცია – შარიათის გვარდიის ჯარისკაცები მუდმივად პარტულირებენ ქუჩებსა და საზოგადოებრივ დაწესებულებებში, და ისლამის კანონების დაცვას მეთვალყურეობენ.

სწორედ შარიათიდან მოდის საუდის არაბეთში ქალების მიმართ დაწესებული უამრავი სასტიკი აკრძალვაც. ასე მაგალითად, ბოლო დრომდე, ქალებს არჩევნებში მონაწილეობა და პოლიტიკაში ჩართულობა ეკრძალებოდათ (ნორმა გაუქმდა 2015 წლის დეკემბრიდან), ნანინანატრ მართვის მოწმობებს კი აქაური ქალები ამა წლის ივლისიდან მიიღებენ.

აღსანიშნავია, რომ 1979 წლიდან, საუდის არაბეთში ძალაუფლება ისლამისტმა ფუნდამენტალისტებმა ჩაიგდეს, რომლებმაც თავიანთი შტაბბინა მასჯიდ ალ-ჰარამის მეჩეთში მოიწყვეს. ამის შემდეგ, ქვეყანა კონსერვატიულ ისლამურ სახელმწიფოდ გადაიქცა. ქალთა უფლებები უკიდურესად შეიკვეცა. საზოგადოებრივ ადგილებში ქალებისთვის აბაიას ჩაცმა სავალდებულო გახდა.

ამგვარი სასტიკი ფუნდამენტალიზმი ქვეყანაში 2001 წელს მსოფლიო სავაჭრო ცენტრის ტერაქტებამდე გაგრძელდა. მაშინ, ისლამური ფუნდამენტალიზმის პოლიტიკა საერთაშორისო კრიტიკის სამიზნედ იქცა, რადგან 11 ტერორისტიდან 9 საუდის არაბეთიდან იყო.

ჯერჯერობით, ქვეყნის რელიგიურ ლიდერებს პრინცის ინიციატივების მიმართ პროტესტი საჯაროდ არ გამოუთქვამთ.