"საფარის" აქტივობები

საფარის კვლევის პრეზენტაცია – „ფემიციდი – დისკრიმინაციული დანაშაული და მასთან ბრძოლის სახელმწიფო ვალდებულება“

დღეს, ქორთიარდ მერიოტში, საფარის კვლევის – „ფემიციდი – დისკრიმინაციული დანაშაული და მასთან ბრძოლის სახელმწიფო ვალდებულება“ პრეზენტაცია გაიმართა.

კვლევის ავტორებმა მარი კურტანიძემ და ბაია პატარაიამ კვლევაში წამოჭრილი საკითხების მნიშვნელოვნებაზე ისაუბრეს. “კავშირი საფარის” მიერ მომზადებული კვლევის მიზანია ცნობიერების ამაღლება ფემიციდისა და სახელმწიფო ვალდებულებების შესახებ: ფემიციდთან და სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებასთან დაკავშირებით საერთაშორისო სტანდარტების ანალიზის მომზადება, რაც საქართველოში მოქმედ შესაბამის უწყებებს დაეხმარება, სწორი რეაგირება მოახდინონ ქალზე ძალადობის ფაქტზე, რათა თავიდან იქნას აცილებული ფატალური შედეგი. ხოლო, როდესაც სახეზე იქნება ქალთა მკვლელობა, დადგინდეს კავშირი მკვლელობასა და გენდერულ დისკრიმინაციას შორის და გათვითცნობიერებულ იქნას სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულებები, რომელიც არაერთი საერთაშორისო ინსტრუმენტით არის აღიარებული.

dsc00730გენდერული ნიშნით მკვლელობების შესაჩერებლად საჭიროა კომპლექსური მიდგომა, რომელიც მოიცავს სამართლებრივ, ადმინისტრაციულ, პოლიტიკურ და სხვა ზომებს, რათა დისკრიმინაციისა და ძალადობის სოციალურ-პოლიტიკური, ეკონომიკური, კულტურული და სხვა ფაქტორების აღმოფხვრა მოხდეს. სახელმწიფოებმა უნდა გაათვითცნობიერონ, რომ ფემიციდი არის დანაშაული, რომელიც საჯარო დაწესებულებებისა და თანამდებობის პირების უმოქმედობისა თუ არასათანადო რეაგირების შედეგია, რადგან ისინი ვერ ახდენენ უზრუნველყონ იმ ქალების სიცოცხლის უფლების დაცვა, რომლებიც ცხოვრების მანძილზე არაერთხელ დაექვემდებარნენ დისკრიმინაციასა და ძალადობას.

კვლევის ავტორების თქმით, ქვეყანაში ფემიციდის კუთხით არსებული სავალალო მდგომარეობის გათვალისწინებით, შინაგან საქმეთა სამინისტროში უნდა შეიქმნას სპეციალური დანაყოფი, რომელიც გენდერული ნიშნით ჩადენილ დანაშაულებზე იმუშავებს. მხოლოდ ამ გზით იქნება შესაძლებელი ამგვარი დანაშაულების შემცირება-აღმოფხვრა. შეგახსენებთ, რომ ამა წლის 25 ნოემბერს ქალთა მოძრაობის მიერ გამართულ აქციაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ იგივე მოთხოვნებმა გაიჟღერა.

კვლევა „ფემიციდი – დისკრიმინაციული დანაშაული და მასთან ბრძოლის სახელმწიფო ვალდებულება“ კავშირმა “საფარმა” ფონდი ღია საზოგადოებისა და ქალთა ფონდის ფინანსური მხარდაჭერით განახორციელა.

კვლევის სრული ელექტრონული ვერსიის ხილვა შეგიძლიათ აქ.