საფარი იცავს ძალადობის მსხვერპლი ქალის თ. ლ.-ის ინტერესებს.
2019 წლის მარტში, თ. ლ-ს საკუთარმა მეუღლემ, რომელთან დაშორებასაც აპირებდა მრავალწლიანი ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის გამო, ცივი იარაღით 11 ჭრილობა მიაყენა.
საქმეში საფარის ჩართვის მომენტისათვის, მკვლელობის მცდელობის მუხლით დამნაშავის მიმართ გამამართლებელი განაჩენი იყო დამდგარი, მისი შეურაცხადობის მიზეზით. აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდში იგი ფსიქიატრიული დაწესებულებიდან ყოფილ ცოლს სოციალური ქსელის მეშვეობით არასასურველი კომუნიკაციით ინტენსიურად აწუხებდა, რაც მოქმედი კანონით აკრძალულია. საქმეში საფარის ჩართვის შემდეგ, მას მსგავსი რამ აღარ უცდია.
რაც შეეხება მის მიერ ცოლის მიმართ ჩადენილ ძალადობას, ამ საქმეზე მანამდე მნიშვნელოვანი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები არ ჩატარებულა. საფარის ძალისხმევით, საქმესთან დაკავშირებით ჩატარდა სხვადასხვა ძალიან მნიშვნელოვანი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება. ასევე, საფარის ჩართულობით, მსხვერპლს დაენიშნა ფსიქოლოგიური ექსპერიზა, რათა დადგენილიყო, გააჩნდა თუ არა მას ძალადობის მსხვერპლისთვის დამახასიათებელი ფსიქოტრავმული ნიშნები.
27 მაისს, თ.ლ-ის მიმართ განხორციელებული მრავალწლიანი ძალადობის საქმეზე დადგა გამტყუნებელი განაჩენი და მოძალადეს 4 წლით თავისუფლება აღკვეთა მიესაჯა. ამ დრომდე, იგი ფსიქიატრიულ დაწესებულებაში იმყოფება, იძულებით მკურნალობაზე. ივნისში გადის 6-თვიანი ვადა, როდესაც მისი ფსიქიკური მდგომარეობის გადასინჯვა მოხდება. თუ კომისია დაადგენს, რომ პიროვნება გამოჯანმრთელდა და აქვს რემისიის პერიოდი, გადაიყვანენ ციხეში და იქ მოიხდის სასჯელს, ხოლო თუ კომისია დაასკვნის, რომ იგი გამოჯანმრთელებული არაა, სასჯელს ფსიქიატრიულ დაწესებულებაში მოიხდის.
“საფარი” აღნიშნულ საქმეს USAID/PROLoG-ის მხარდაჭერით აწარმოებს.