"საფარის" საქმეები

„საფარი“ გადაცემა „პროფილს“ სექს-მუშაკთა სტიგმატიზაციის გამო უჩივის

2017 წლის 15 ივნისს, ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ეთერში გავიდა მაია ასათიანის საავტორო გადაცემა „პროფილი“. გადაცემაში მოწვეული იყო 5 შვილის დედა, ყოფილი ჟურნალისტი, რომელიც ამჟამად თავს სექს სამუშაოთი ირჩენს.

დასახელებულ გადაცემაში სექს-მუშაკების მიმართ გაჟღერებული დისკრიმინაციული და მასტიგმატიზებელი დამოკიდებულებების გამო, კავშირი „საფარი“ საჩივრით მიმართავს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას, დაადგინოს ჟურნალისტური ეთიკის პრინციპის დარღვევა, რომელიც ეხება დისკრიმინაციას.

ჟურნალისტის მიერ ეთიკის ქარტიის პრინციპების დარღვევა, პირველ რიგში, გადაცემის ფორმატში გამოიხატება. გადაცემის პირველ ნაწილში სექს-მუშაკი ქალი ყვება თავის ისტორიას, გადაცემის სტუმრები კი მას უსმენენ, მეორე ნაწილში სტუმრები განსჯიან გმირის გადაწყვეტილებას, რამდენად სწორად მოიქცა, ჰქონდა თუ არა მას არჩევანი.  წამყვანი სვამს კითხვებს: ჰქონდა თუ არა მარიამს არჩევანი, შეეძლო თუ არა, სხვა გზა აერჩია. წამყვანი ეკითხება ჯერ მოწვეულ სტუმრებს, შემდეგ კი დამსწრე საზოგადოებას, ამართლებენ თუ არა მარიამს.

გადაცემის გმირის ისტორიის განხილვა ხდება მორალურ და რელიგიურ ჭრილში, წამყვანი თვითონ საუბრობს სექს-მუშაკობის მორალურ მხარეზე და მსგავსი შინაარსის კითხვებს უსვამს სტუმრებს. მაგალითად, იგი მარიამს ეკითხება, მორალურად იყო თუ არა ძნელი ამ ნაბიჯის გადადგმა. გადაცემის სტუმრები ადანაშაულებენ, კიცხავენ მას იმის გამო, რომ სხვა „უფრო პატიოსანი გზებით“ ვერ შოულობს ფულს.

ერთი მხრივ, წამყვანი მხარს უჭერს მარიამს და თითქოს თანაუგრძნობს კიდეც მას, თუმცა ზიზღით საუბრობს იმ პირებზე, ვინც სექს სამუშაოზე „ახალი ფეხსაცმლის“ თუ „500 დოლარის“ სანაცლოდ თანხმდება. იგი პირზე ადგება გადაცემის ერთ-ერთ სტუმარს და ეჭვი შეაქვს მის მიერ შეძენილი ქონების „პატიოსნებაში“.

„სექს-მუშაკების სტიგმატიზება არასახარბიელო მდგომარეობაში აყენებს მათ იმ პირებთან შედარებით, ვინც სხვა გზით ირჩენენ თავს. სექს-მუშაკები წარმოჩინდებიან, როგორც მორალური და რელიგიური ღირებულებების არმქონე პირები, რომლებსაც შრომა ეზარებათ და უფრო „მარტივად“ შოულობენ ფულს. მათ კიცხავენ და ადარებენ ძიძებს, მომვლელებს, პირებს ვინც მოწყალებას ითხოვს. სექს-მუშაკები გადაცემაში წარმოჩნდნენ, როგორც საზოგადოების ყველაზე დაბალი კლასის წევრები. სექს-მუშაკები ისედაც გარიყულნი არიან ყოველდღიური საზოგადოებრივი ცხოვრებიდან მათი ასეთი დამცირება და გაკიცხვა კიდევ უფრო ზრდის მათი უფლებების დარღვევისა და დისკრიმინაციის საფრთხეს“, – ნათქვამია საჩივარში

ყოველივე ზემოთ თქმულიდან გამომდინარე, დასახელებული გადაცემა სექს-მუშაკებში თვითსტიგმის საფრთხეს ზრდის. ეს მოვლენა განსაკუთრებით საშიშია ჩვენს საზოგადოებაში, სადაც სექს-მუშაკები უამისოდაც მარგნალიზებულნი არიან.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ, დასახელებულ საკითხთან დაკავშირებით, “საფარის” საჩივარი განსახილველად მიიღო.

დასახელებულ საკითხთან დაკავშირებით, „საფარი“ სახალხო დამცველსაც მიმართავს.