მარიკა წივწივაძის საქმე უახლოესი წარსულის ერთ-ერთი ყველაზე შემზარავი ამბავია. ილიაუნის ლექტორი სამსახურში ყოფილმა ქმარმა ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა, შემდეგ კი თავი მოიკლა.
2021 წლის 8 ივლისს, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, საქმეზე “თხელიძე საქართველოს წინააღმდეგ”, დაადგინა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-2 (სიცოცხლის უფლება) და მე-14 (დისკრიმინაციის აკრძალვა) მუხლების დარღვევა ერთობლივად. სასამართლომ სახელმწიფოს დააკსირა განმცხადებლის სასარგებლოდ 35 000 ევროს ანაზღაურების ვალდებულება, არამატერიალური ზიანის სახით.
მარიკა წივწივაძე იყო ფაქტობრივი მეუღლის მხრიდან სისტემატური ვერბალური და ფიზიკური ძალადობისა და მუქარის მსხვერპლი. მან სამართალდამცავ ორგანოებს არსებული საფრთხეების შესახებ 2014 წელს სულ მცირე 11-ჯერ აცნობა და ითხოვა
დახმარება, თუმცა – უშედეგოდ.
2014 წლის 17 ოქტომბერს, ფაქტობრივმა მეუღლემ მას სამსახურში მიაკითხა, სადაც იგი ლექციას ატარებდა, დალაპარაკება სთხოვა, იგი ადგილზე მოკლა ცეცხლსასროლი იარღით, რის შემდეგაც ადგილზევე მოიკლა თავი.
გარდაცვლილის დედის თალიკო თხელიძის ინტერესებს იცავდა ორგანიზაცია “საფარი”.
ორგანიზაციამ არაერთხელ მიმართა შესაბამის უწყებებს პოლიციელების უმოქმედობაზე გამოძიების მოთხოვნით, თუმცა, ამჯერადაც უშედეგოდ. 2017 წლის 13 აპრილს, ორგანიზაციამ, მარიკა წივწივაძის დედის სახელით, მიმართა ადამიანის უფლებათა
ევროპულ სასამართლოს.
სტრასბურგის სასამართლომ სახელმწიფოს უმოქმედობა გააკრიტიკა და დაადგინა სიცოცხლის უფლების დარღვევა, დისკრიმინაციული მოტივებით. ეს უმოქმედობა შეფასებულია, როგორც “ორმაგი კრახი’”(§47), რამდენადაც დარღვევა დადგინდა
სიცოცხლის უფლების როგორც მატერიალურ, ისე პროცედურულ ნაწილში.
მოცემული საქმე პრეცედენტული მნიშვნელობისაა, რამდენადაც წარმოადგენს ფემიციდის პირველ საქმეს საქართველოს წინააღმდეგ, რომელზეც იმსჯელა და დარღვევები დაადგინა სტრასბურგის სასამართლომ. გარდა ამისა, მოცემული საქმე სტრასბურგის
სასამართლოს პრაქტიკაში პირველია, როდესაც ოჯახურ დანაშაულზე დისკრიმინაცია დადგინდა სიცოცხლის უფლების დარღვევის როგორც მატერიალურ, ისე პროცედურულ ნაწილთან მიმართებით.
სიცოცხლის უფლების მატერიალური ნაწილის დარღვევასთან დაკავშირებით, სასამართლო აღნიშნავს, რომ “სამართალდამცავი ორგანოების ზოგადმა და დისკრიმინაციულმა პასიურობამ ოჯახში ძალადობის ბრალდებებთან მიმართებით, რისი სრულყოფილი ილუსტრაციაც იყო ეს საქმე, შექმნა ქალთა მიმართ ძალადობის უფრო ფართოდ გავრცელების ხელშემწყობი კლიმატი” (§51). ამასთან, სასამართლომ დაასკვნა, რომ ‘სამართალდამცავმა ორგანოებმა აჩვენეს მუდმივი მარცხი, განეხორციელებინათ ის ნაბიჯები, რომლებსაც ტრაგიკული შედეგის შეცვლისა და მიყენებული ზიანის შემსუბუქების რეალური შესაძლებლობა ჰქონდა” (§57).
შესაბამისად, სასამართლომ სამართალდამცავი ორგანოების უმოქმედობა პირდაპირ დაუკავშირა იმ ფატს, რომ მარიკა წივწივაძის მიმართ განხორცილებული სისტემატური ძალადობა მოგვიანებით მისი მკვლელობით დასრულდა.
ამასთან, იმის გათვალისწინებით, რომ ადგილობრივმა სამართალდამცავმა ორგანოებმა იცოდნენ/უნდა სცოდნოდათ იმ მაღალი რისკის შესახებ, რის წინაშეც იდგა მსხვერპლი მათ მიერ საპოლიციო ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, სასამართლომ მიიჩნია, რომ მათი დაუდევრობა იყო უფრო მეტი, ვიდრე უბრალო შეცდომა ან წინდაუხედაობა. გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ ქალთა მიმართ ძალადობასთან დაკავშირებული დისკრიმინაციული კონოტაციიდან გამომდინარე, “აუცილებლად უნდა გამორკვეულიყო, ხომ არ იყო პოლიციის უმოქმედობა გინპირობებული გენდერულად დისკრიმინაციული და მიკერძოებული მოტივით”. ვინაიდან ეს ასე არ მომხდარა, სასამართლომ დაადგინა სიცოცხლის უფლების პროცედურული ასპექტის დარღვევაც (§60).
დღეს საფარმა ზემოაღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გამართა.
ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილების დეტალები შეგიძლიათ, იხილოთ აქ.
“საფარი” აღნიშნულ საქმეს USAID/PROLoG-ის მხარდაჭერით აწარმოებდა.