"საფარის" აქტივობები

“საფარმა“ გაეროს უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის ფარგლებში მოხსენება წარადგინა

დღეს, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ჟენევის შტაბ-ბინაში, კავშირმა „საფარმა“, უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის (Universal Periodic Review) გაეროს მეორე ციკლის ფარგლებში საქართველოში ქალთა უფლებრივ მდგომარეობაზე ჩრდილოვანი ანგარიში წარადგინა (ანგარიშის სრული ტექსტი იხილეთ აქ). ანგარიში მომზადდა კოალიციის ფარგლებში, შემდეგი არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობით: ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC), თანადგომა, “ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი” (WISG), “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია”, იდენტობა და ჰერა XXI.

სესიაზე სიტყვით გამოვიდა კავშირი „საფარის“ აღმასრულებელი დირექტორი ბაია პატარაია, რომელმაც საქართველოში ქალთა მდგომარეობაზე ისაუბრა. ანგარიში სამი ნაწილისგან შედგებოდა: ქალთა მიმართ ძალადობა, ქალთა პოლიტიკური გაძლიერება,  მარგინალიზებული ქალების მდგომარება.

საქართველოს შესახებ ანგარიშის განხილვაში მონაწილეობა გაეროს 71-მა წევრმა სახელმწიფომ მიიღო. 2015 წლის 20 ნოემბერს, გაეროს სახელმწიფოებმა უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის სესიაზე, საქართველოს ხელისუფლებას რეკომენდაციები მისცეს.

სხვადასხვა სახელმწიფოების მიერ საქართველოში ქალთა უფლებრივ მდგომარეობასთან დაკავშირებით ბევრი საყურადღებო აქცენტი გაკეთდა. მათ შორის აღსანიშნავია ქალთა უფლებების დაცვისა და კანონის ქმედითი განხორციელების სფეროში არსებული პრობლემების წინ წამოწევის, ოჯახში ძალადობის შედეგად დახოცილი ქალების რიცხვის ზრდასთან და ქვეყანაში ადრეული ქორწინების გავრცელებულ პრაქტიკასთან დაკავშირებით ქმედითი ზომების მიღების, საქართველოში ქალებზე ძალადობისა და გენდერული თანასწორობის კუთხით მუშაობის აუცილებლობის, ქვეყნის საზოგადოებრივ ცხოვრებასა და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მეტი ქალის ჩართულობის საჭიროების შემცველი რეკომენდაციები.

უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის  ფარგლებში, გაეროს ყველა წევრი სახელმწიფოს მიერ,  ადამიანის უფლებათა დაცვასთან დაკავშირებით არსებული მდგომარეობა ყოველ 4-5 წელიწადში ერთხელ განიხილება.