თანასწორობის პოლიტიკა / ლგბტქი

სახალხო დამცველმა გენდერული იდენტობის ნიშნით პირდაპირი დისკრიმინაციის პირველი ფაქტი დაადგინა

2016 წლის 3 ნოემბერს ტრანსგენდერმა ქალმა ვ. ტ.-მ საქართველოს სახალხო დამცველს განცხადებით მიმართა, სადაც მიუთითებდა, რომ შპს „ტექნოკომმა’“ (ტაქსების ოპერატორი „MAXIM’’) მის მიმართ დისკრიმინაცია განახორციელა. ვ. ტ.-ს ინტერესებს საქმის წარმოებისას „ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი“ იცავდა. განმცხადებლის განმარტებით, მის მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობა გამოიხატა კომპანიის მიერ დაქირავებული მძღოლის მხრიდან მისთვის და მისი მეგობრებისათვის მომსახურების გაწევაზე უარით, რასაც თან სდევდა მძღოლის მხრიდან დამამცირებელი და ღირსების შემლახავი სიტყვები.

2017 წლის 31 მაისს, საქართველოს სახალხო დამცველმა დაადგინა, რომ ვ. ტ.-ს მიმართ ადგილი ჰქონდა პირდაპირ დისკრიმინაციას გენდერული იდენტობის ნიშნით და რეკომენდაციით მიმართა როგორც კომპანიის მიერ დაქირავებულ მძღოლს გიორგი გეგეჭკორს (ტაქსის მომსახურების გაწევისას დაიცვას თანასწორობის პრინციპი და მოემსახუროს მგზავრებს მათი გენდერული იდენტობის, სექსუალური ორიენტაციის თუ სხვა მახასიათებლის მიუხედავად), ისე შპს ,,ტექნოკომს’’ (საჯაროდ შეთავაზებული სერვისის ხელმისაწვდომობა უზრუნველყოს თანასწორობის პრინციპის დაცვით). ომბუდსმენი მოუწოდებს კომპანიას, რომ შეიმუშავოს შინაგანაწესი/შიდა რეგულაცია, სადაც განსაზღვრული იქნება კომპანიის ანტი-დისკრიმინაციული პოლიტიკა კლიენტების მომსახურებისას და ტაქსი „MAXIM’’-ის ვებ-გვერდზე www.taximaxim.ge დაამატოს პარამეტრი, რომელიც „MAXIM’’-ში გაწევრიანებისას მძღოლებს მიაწვდის ინფორმაციას კომპანიის ანტი-დისკრიმინაციული პოლიტიკის შესახებ, რომელზე თანხმობაც გაწევრიანების წინაპირობა იქნება.

საქართველოს სახალხო დამცველი გადაწყვეტილებაში ეყრდნობა „ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის“ (WISG) მიერ მომზადებულ სოციოლოგიურ კვლევებს და აღნიშნავს, რომ „ტრანსგენდერი ადამიანები პრობლემებს აწყდებიან საზოგადოებრივი ცხოვრების არაერთ სფეროში, იქნება ეს პირადი, პროფესიული, სოციალური თუ კულტურული ცხოვრების ასპექტები. ხშირ შემთხვევაში, ისინი იძულებულნი არიან, რომ ყოველდღიურ ცხოვრებაში წარმოჩინდნენ იმ გარეგნობით, რომელიც არ შეესაბამება მათ გენდერულ თვითაღქმას, წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი შეიძლება გახდნენ სიტყვიერი თუ ფიზიკური შეურაცხყოფის მსხვერპლნი. ჩვენს კულტურაში არსებული აგრესიული დამოკიდებულება, რომელიც დამკვიდრებული სტერეოტიპებით საზრდოობს, ტრანსგენდერ ადამიანებს უზღუდავს საშუალებას, რომ საზოგადოების სრულფასოვანი წევრები იყვნენ“.

აღსანიშნავია, რომ ანტი-დისკრიმინაციული კანონის მიღების შემდეგ ეს პირველი შემთხვევაა, როცა გენდერული იდენტობის ნიშნით პირდაპირი დისკრიმინაციის ფაქტი დადგინდა.

წყარო: women.ge