სტატიები

სახელი შეგრძნებისა, რომელიც გაწუხებთ, არის „გამოფიტვა“

ადამ გრანტი, nytimes

თავდაპირველად, მე ვერ ამოვიცანი ყველასთვის საერთო სიმპტომები. მეგობრებმა ახსენეს, რომ ყურადღების კონცენტრაციის პრობლემები აქვთ. მათ აღნიშნეს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ჰორიზონტზე უკვე ვაქცინები ჩანს, ისინი 2021 წლით აღტაცებულნი მაინც არ არიან. ოჯახის წევრი გვიან დაწვა დასაძინებლად, რადგან National Treasure-ს უყურა, რომელიც უკვე ზეპირად იცის. იმის ნაცვლად, რომ საწოლიდან 6-ზე ავმდგარიყავი, 7-მდე ვინებივრე და Words with Friends ვითამაშე.

ეს არ ყოფილა გადაწვა – მაშინ ენერგია ჯერ კიდევ გვქონდა. არც დეპრესია იყო – თავი უიმედოდ არ გვიგრძვნია. ჩვენ უბრალოდ უხალისობა და უმიზნობა გვაწუხებდა. აღმოჩნდა, რომ ამას თავისი სახელი აქვს – გამოფიტვა.

გამოფიტვა სიცარიელის და სიმდორის შეგრძნებაა. თითქოს დღეები არეული გაქვს, საკუთარ ცხოვრებას კი დაბინდული შუშიდან შესცქერი. და შესაძლოა, 2021 წლის დომინანტური ემოცია სწორედ ეს იყოს.

ვიდრე მეცნიერები დაუსრულებელი Covid-ის ფიზიკურ სიმპტომებს შეისწავლიან, ბევრი ადამიანი პანდემიის გახანგრძლივების გამო შემოსეულ ემოციებს ებრძვის. ზოგიერთ ჩვენგანს ამ მდგომარეობამ სრულიად მოუმზადებელს მოუსწრო, როცა შარშანდელი ძლიერი შიში და მწუხარება მიყუჩდა.

პანდემიის პირველ, გაურკვეველ დღეებში სრულიად აშკარა გახდა, რომ ჩვენი ტვინის საფრთხის აღმომჩენი სისტემა, ე. წ. ნუშურა სხეული, შემართებული იყო ბრძოლის ან გაქცევისთვის. როცა ჩვენ შევიტყვეთ, რომ ნიღბები გვიცავდა, ნივთების გაწმენდა კი – არა, ისეთი პროცედურები შევიმუშავეთ, რომელმაც ჩვენი შიშის გრძნობა დათრგუნა. მაგრამ პანდემია გაიწელა და მწვავე მდგომარეობა გამოფიტვის ქრონიკულმა მდგომარეობამ შეცვალა.

ფსიქიკურ ჯანმრთელობას ჩვენ დეპრესიიდან გაფურჩქვნამდე დიაპაზონში განვიხილავთ. გაფურჩქვნა – კეთილდღეობის მწვერვალია: თქვენ გაქვთ საკუთარი პერსონის მნიშვნელოვნების, ოსტატობისა და საჭიროების განცდა. დეპრესია – ცუდად ყოფნის შორეული წერტილია: თავს დათრგუნულად, გამოფიტულად და უსარგებლოდ გრძნობთ.

გამოფიტვა – ფსიქიკური ჯანმრთელობის მივიწყებული, შუათანა შვილია. იგია შუალედი დეპრესიასა და გაფურჩქვნას შორის – კეთილდღეობის არარსებობა. თქვენ არ გაქვთ ფსიქიკური დაავადების სიმპტომები, მაგრამ არც ფსიქიკური სიჯანსაღის განსახიერებად გამოდგებით. ვერ მუშაობთ სრული დატვირთვით. გამოფიტვა თრგუნავს მოტივაციას, არღვევს კონცენტრაციის უნარს, სამჯერ ზრდის იმის შესაძლებლობას, რომ ნაკლებად იმუშაოთ. როგორც ჩანს, ეს მეტადაა გავრცელებული, ვიდრე მასშტაბური დეპრესია, და გარკვეულწილად, შესაძლოა, ფსიქიკური დაავადებების დიდ რისკფაქტორადაც იქცეს.

ეს ტერმინი სოციოლოგმა კორი კიზმა (Corey Keyes) მოიგონა, რომელიც გაოცებული იყო იმით, რომ ბევრი ადამიანი, რომელსაც დეპრესია არ ჰქონია, არც გაფურჩქვნის მდგომარეობაში იყო. მისი კვლევები გვიჩვენებს, რომ იმ ადამიანებს, ვისაც მეტი ალბათობით ემუქრება სერიოზული დეპრესია და შფოთვითი აშლილობები შემდგომ ათწლეულში, ამის სიმპტომები დღეს არ აქვთ. ეს არიან ისინი, ვინც დღეს გამოფიტულია. ახალი მონაცემები კი, რომელიც იტალიელი მედიკოსების მიერაა მიკვლეული პანდემიასთან დაკავშირებით, გვიჩვენებს, რომ მათ, ვინც 2020 წლის გაზაფხულზე გამოფიტვას განიცდიდა, თანატოლებთან შედარებით სამჯერ მეტი სიხშირით დაუდგინდათ პოსტტრავმული სტრესული აშლილობა.

ნაწილობრივ, საფრთხე იმაშია, რომ როდესაც გამოფიტული ხართ, შესაძლოა, ვერც შეამჩნიოთ აღტაცების და ენერგიის მოზღვავების უნარის დაკარგვა. თქვენ ვერ დაიჭერთ საკუთარ თავს იმაში, რომ ნელ-ნელა იძირებით მარტოობაში; თქვენთვის უინტერესოა თქვენი უინტერესობა. როცა ვერ ხედავთ საკუთარ ტანჯვას, დასახმარებლადაც არავის მიმართავთ და არც არაფერს გააკეთებთ იმისთვის, რომ თავს დაეხმაროთ.

თუ მსგავს მდგომარეობას არ განიცდით, ალბათ იცნობთ ადამიანებს, ვისაც ეს სჭირს. ამ ყველაფრის უკეთ გაცნობიერებით შეგიძლიათ, მათ დაეხმაროთ.

ფსიქოლოგებს მიაჩნიათ, რომ ემოციების მართვის ერთ-ერთი საუკეთესო სტრატეგია მათთვის სახელის დარქმევაა. შარშან გაზაფხულზე, მწვავე პანდემიის დროს, Harvard Business Review-ს ისტორიაში ყველაზე ვირუსული აღმოჩნდა პუბლიკაცია, რომელიც ჩვენს კოლექტიურ დისკომფორტს აღწერდა, როგორც მწუხარებას. ახლობლების დაკარგვასთან ერთად, ჩვენ ვკარგავდით ნორმალურ ცხოვრებასაც. „მწუხარება“ – ამან ნაცნობი სიტყვითი მარაგი მოგვცა, რათა გაგვეგო, როგორ დავხვდით ჩვენთვის უცნობ მდგომარეობას. მართალია, ადრე პანდემიას არ შევხვედრივართ, მაგრამ სამაგიეროდ, ჩვენთვის ცნობილია დანაკარგის შეგრძნება. ეს დაგვეხმარა, გაკვეთილი გამოგვეტანა ჩვენი წარსული სტოიციზმისგან და თავდაჯერება მოგვეკრიბა მიმდინარე პრობლემებთან გასამკლავებლად.

ჩვენ კიდევ ბევრი დაგვრჩა იმის დასადგენად, თუ რა იწვევს სისუსტეს და როგორ უნდა მივხედოთ მას, მაგრამ განსაზღვრება პირველ ნაბიჯად შეიძლება ჩავთვალოთ. ეს შეგვახსენებს, რომ მარტონი არ ვართ: გამოფიტვა ჩვეულებრივი ამბავია.

და ჩვენ ეს დაგვეხმარება, სოციალურად მისაღები პასუხი ვიპოვოთ კითხვაზე „როგორაა საქმე?“. ნაცვლად იმისა, რომ ვთქვათ „ჩინებულად!“ ან „კარგად“, წარმოიდგინეთ, რომ გეპასუხათ: „მართალი გითხრა, გამოფიტული ვარ“. ეს იქნებოდა გამწმენდი ფონი ტოქსიკური პოზიტივისთვის – ტიპური ამერიკული ჩვევისთვის, როდესაც მუდმივად ოპტიმისტურად უნდა იყო განწყობილი.

როდესაც თქვენს ლექსიკონში გამოფიტვას დაამატებთ, აღმოაჩენთ, რომ იგი ყველგანაა. ეს მჟღავნდება ხანმოკლე გასეირნებისას, თქვენი ბავშვების ხმაში, როდესაც ეკითხებით, თუ როგორ ჩაიარა ონლაინ გაკვეთილმა, ასევე სიმპსონებში, ყოველ ჯერზე, როდესაც პერსონაჟი ამბობს „Мех“.

შარშან ჟურნალისტმა დაფნ კ. ლიმ (Daphne K. Lee) ტვიტერზე ჩინური გამოთქმა მოიშველია, რომელიც ასე ითარგმნება: „შურისძიება ძილის გადადების გამო“. იგი ამას აღწერდა, როგორც უარის თქმას გვიან ღამით დაძინებაზე, რათა დაებრუნებინა დღისით დაკარგული თავისუფლება. მე გამიჩნდა კითხვა, არა კონტროლის დაკარგვის გამო შურისძიებაზე, არამედ – გამოფიტვისთვის დაუმორჩილებლობის აქტზე. ესაა ნეტარების ძიება და მრუმე დღე, მარადიული პანდემიის მარტოსულ დღესთან ან კვირასთან დაკავშირებული.

რა მოვუხერხოთ ამას? ამ გადაქანცვის საწინააღმდეგო საშუალებად გამოდგება კონცეფცია, სახელწოდებით „ნაკადი“. ნაკადი – ეს არის შთანთქმის მოუხელთებელი მდგომარეობა, როდესაც დროის, ადგილისა და საკუთარი თავის შეგრძნება ქრება. პანდემიის პირველ დღეებში კარგად ყოფნის საუკეთესო გზა ნაკადია. თავიანთ პროექტში მეტად ჩაფლულმა ადამიანებმა შეძლეს პანდემიამდელი ბედნიერების შენარჩუნება.

დილით ადრე ტელეფონზე თამაშს ნაკადში გადავყავარ. ზოგჯერ Netflix-თან ღამის გათენებაც გვშველის – გადაგვისვრის ისტორიაში, სადაც პერსონაჟებზე მიჯაჭვულობა გვიჩნდება და მათ კეთილდღეობაზე ვღელავთ.

თუმცა, ახალი ამოცანების ძიება სასიამოვნო გამოცდილება და მნიშვნელვანი სამუშაოა – ეს ყველაფერი გამოფიტვისგან დაცვის შესაძლო საშუალებებია, თუმცა ძნელია, იპოვო ნაკადი მაშინ, როცა კონცენტრირება გიჭირს.

ყურადღების ფრაგმენტულობა ჩართულობისა და სრულყოფილების მტერია. 100 ადამიანისგან შემდგარ ჯგუფში მხოლოდ ორს ან სამს ექნება ერთდროულად ინფორმაციის მართვისა და დამახსოვრების უნარი, ისე, რომ თან არ დაიტანჯონ ამ ორივე მოქმედების შესრულებისას. კომპიუტერები პარალელური დამუშავებისთვისაა შექმნილი, მაგრამ ადამიანებისთვის უკეთესია, თანმიმდევრულად იმუშაონ.

ეს იმას ნიშნავს, რომ საზღვრები უნდა დავაწესოთ. რამდენიმე წლის წინ, პროგრამული უზრუნველყოფის შექმნაზე მომუშავე კომპანიამ ინდოეთში მარტივი პოლიტიკა შეამოწმა: ორშაბათს, ხუთშაბათს და პარასკევს შუადღემდე არანაირი დასვენების უფლება არ მისცა თანამშრომლებს. როცა ინჟინრები თავად მართავდნენ სამუშაო დროს, შრომის ნაყოფიერება 47%-მდე აღწევდა, მაგრამ როცა კომპანიამ შესვენება ოფიციალურ პოლიტიკად დააწესა, შრომის ნაყოფიერებამ 65%-ს მიაღწია.

მეტის კეთება კარგია არამხოლოდ შრომის ნაყოფიერებისთვის: ამიერიდან, ჩვენ გვეცოდინება, რომ ყოველდღიური სიამეებისა და მოტივაციის ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი პროგრესის შეგრძნებაა.

არ ვფიქრობ, რომ ორშაბათს, ხუთშაბათსა და პარასკევს შუადღემდე რაღაც ჯადოსნური რამ ხდება. ამ მარტივი იდეის გაკვეთილი იმაში მდგომარეობს, რომ დროის უწყვეტ მონაკვეთებს ისე მოვეპყრათ, როგორც რუდუნებით გასაფრთხილებელ განძს. იგი გაგვათავისუფლებს მუდმივად ყურადღების გადამტანი ფაქტორებისგან და ყურადღების გამახვილებაში თავისუფლებას მოგვანიჭებს. ჩვენ დამშვიდებას ვპოვებთ გამოცდილებაში, რომელიც მთლიანად მოიცავს ჩვენს ყურადღებას.

პანდემია დიდი დანაკარგია. გამოფიტვის დასაძლევად, სცადეთ, დაიწყოთ პატარა გამარჯვებებით, მაგალითად ციცქნა ტრიუმფით დეტექტიური სიუჟეტის გამოცნობისას ან შვიდასოიანი სიტყვის დაშლა-აწყობისას. წარმატებისკენ ერთ-ერთი ყველაზე ნათელი გზა სირთულეა, რომელთან გამკლავებაც ადვილია: ამოცანა, რომელიც ავითარებს ჩვენს უნარ-ჩვევებს და ამაღლებს ჩვენს სიმტკიცეს. ეს ნიშნავს ყოველდღიურად გამოყოფილ დროს ჩვენთვის მნიშვნელოვან პრობლემაზე კონცენტრირებისთვის – საინტერესო პროექტზე, დასახულ მიზანზე, შინაარსიან საუბარზე. ზოგჯერ ეს პატარა ნაბიჯია იმისკენ, რომ ხელახლა გახსნა შენში ენერგია და ენთუზიაზმი, რომელიც ამ თვეების მანძილზე ხელიდან გაუშვი.

გამოფიტვა მხოლოდ ჩვენს თავებში არაა, იგი ჩვენს მდგომარეობებშიცაა. შეუძლებელია, ავადმყოფი კულტურა პირადი სახვევებით განკურნო. ჩვენ კვლავინდებურად ვცხოვრობთ სამყაროში, რომელიც ფიზიკური ჯანმრთელობის პრობლემებს ნორმად აღიქვამს, მაგრამ სტიგმით ახრჩობს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემებს. როცა ჩვენ ახალ, პოსტპანდემიურ რეალობაში შევდივართ, დროა, გავიაზროთ ფსიქიკური ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის ჩვენეული გაგება. „დეპრესიის არქონა“ არ ნიშნავს იმას, რომ არ ვიბრძვით. „არ გადავიწვი“ არ ნიშნავს, რომ კარგად ვართ. იმის აღიარებით, რომ ბევრი ჩვენგანი გამოიფიტა, ჩვენ შეგვიძლია, გავინათოთ სიცარიელიდან გამომავალი გზა.

nytimes.com