სექსუალური შევიწროება

სექსუალური შევიწროების წინააღმდეგ აგორებული ტალღა რეპერ Nelly-სა და დევიდ კოპერფილდსაც მისწვდა

The Guardian-ის ცნობით, ამერიკელ რეპერ Nelly-ს სექსუალური შევიწროების ორ ფაქტზე ადანაშაულებენ. შარშან მის წინააღმდეგ სარჩელი სასამართლოში ვაშინგტონელმა სტუდენტმა შეიტანა, რომელიც ამტკიცებდა, რომ რეპერმა გააუპატიურა, მაგრამ, ამ უკანასკნელის ადვოკატმა დაცვის ქვეშ მყოფის დახსნა მოახერხა.

ამჯერად, ანონიმური ფორმით, Nelly-ს კიდევ ორი ქალი აუმხედრდა: ერთ-ერთის მტკიცებით, დეკემბერში ესექსში ჩატარებული კონცერტის შემდეგ, რეპერმა მის წინაშე მასტურბირება იწყო და მასთან ორალური სექსუალური კავშირის დამყარება სცადა. მეორე გოგონას მტკიცებით, მუსიკოსი მას სექსუალური შეთავაზებებით ლონდონის კონცერტისშემდგომ ფართიზე გადაეკიდა.

ასევე, სექსუალურ შევიწროებასთან დაკავშირებულ სკანდალში კიდევ ერთხელ გაეხვა ცნობილი ილუზიონისტი დევიდ კოპერფილდი (David Copperfield). 40 წლის ამერიკელმა ყოფილმა მოდელმა ბრიტნი ლუისმა (Brittney Lewis) განაცხადა, რომ კოპერფილდმა მასზე სექსუალური ძალადობა 1988 წელს განახორციელა, ჯერ კიდევ არასრულწლოვან ასაკში. ლუისი იაპონიაში ჩატარებულ მოდელების კონკურსში მონაწილეობდა, რომლის ჟიურის წევრიც კოპერფილდი იყო. გოგონა იხსენებს, რომ შოუს შემდეგ, მან ილუზიონისტისგან კალიფორნიის შტატში დაგეგმილ წარმოდგენაზე მიწვევა მიიღო.

რადგან ლუისი არასრულწლოვანი იყო (17 წლის), იგი შოუზე ბებიის თანხმობით წავიდა. მისი ნაამბობის თანახმად, შოუს დასრულების შემდეგ, კოპერფილდმა იგი ბარში დაპატიჟა და სასმელში რაღაც ტოქსიკური გაურია. რამდენიმე ყლუპის შემდეგ, გოგონამ გრნობა დაკარგა. შემდეგ მას მხოლოდ ის ახსოვს, თუ როგორ ხდიდა 32 წლის კოპერფილდი ოტელის ნომერში ტანსაცმელს. “იგი სახეზე მკოცნიდა, შემდეგ კი ჩემს სხეულს კოცნით დაბლა ჩაუყვა. შემდეგ კვლავ არაფერი მახსოვს. დილით, იგი დაბეჯითებით მიმტკიცებდა, რომ ჩემთან შეღწევითი სექსი არ ჰქონია, – რა თქმა უნდა, მას ხომ იმის ეშინოდა, რომ არასრულწლოვანი ვიყავი”, – იხსენებს ბრიტნი.

ჟურნალისტებმა დაადგინეს, რომ ამ ინციდენტის შესახებ მოდელმა თავის მეგობრებსა და ნათესავებს მაშინვე უამბო, ხოლო 2007 წელს მან არტისტს გამოძიების ფედერალურ ბიუროშიც უჩივლა.

61 წლის კოპერფილდმა ამ ამბავზე ტვიტერის მეშვეობით შემდეგი კომენტარი გააკეთა: “წლებია, შეთითხნილ საზარელ ქმედებებში მადანაშაულებენ. მინდა, რომ მოძრაობა MeToo წარმატებული იყოს, მაგრამ მნიშვნელოვანია, ადამიანების დადანაშაულება არ ვიჩქაროთ”.

აღსანიშნავია, რომ კოპერფილდს სექსუალურ ზეწოლასა და გაუპატიურებაში პირველად არ სდებენ ბრალს. 2007 წელს, მსგავსი ბრალდება მას ყოფილმა “მის ვაშინგტონმა”, ლეისი კეროლმა (Lacey Carroll), წაუყენა.

წყარო: theguardian.com

thewrap.com