სექსუალური ძალადობა / სტატიები

სექსუალური ძალადობა – ტაბუირებული თემა სომხეთში

Coalition to Stop Violence Against Women holds a protest march under the slogan 'Stop being indifferent to violence' in Yerevan

სომხეთში ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ბევრი ქალი ხდება. კულტურული ტაბუ და შერცხვენა მათ თავიანთი უფლებების დაცვის შესაძლებლობას ართმევს. ადგილობრივი აქტივისტები ამბობენ, რომ მიუხედავად ახლანდელი სამართლებრივი ცვლილებებისა, სექსუალურ ძალადობასთან დაკავშირებული სიტუაცია ქვეყანაში ჯერ კიდევ მძიმეა, ხოლო ქალებს სათანადო დაცვა არ გააჩნიათ.

არმინე ორჯერ იყო გათხოვილი. მისი პირველი ქორწინება სულ რაღაც რამდენიმე დღე გაგრძელდა; გოგონამ შეიტყო, რომ ქმარს და მის დედინაცვალს ინტიმური ურთიერთობა ჰქონდათ, და ამ ქორწინებას ამ კავშირის დასაფარად იყენებდნენ.

ხუთი წლის შემდეგ, მან ერთი კაცი გაიცნო და მას რუსეთში გაჰყვა. იმის გამო, რომ ქვეყანაში არალეგალურად იმყოფებოდა, მუდმივად შინ ჯდომა უწევდა. სამსახურიდან დაბრუნებული ქმარი მუდმივად ეძებდა სკანდალისა და აყალმაყალის მიზეზს.

„სკამებს, ჭურჭელს მესროდა, ტანსაცმელს მიგლეჯდა, მცემდა და მაიძულებდა, მასთან სექსი მქონოდა. ერთხელ, ტკივილისგან გრძნობა დავკარგე, მან კი წყალი გადამასხა“, – იხსენებს არმინე.

მისი ცხოვრება შედარებით მაშინ დასტაბილურდა, როცა დაორსულდა, მაგრამ ბავშვის დაბადების შემდეგ, ყველაფერი კვლავინდებურად გაგრძელდა. სექსის წინ, იგი ქმარს ყოველთვის სთხოვდა, პრეზერვატივი გამოეყენებინა, რაც ამ უკანასკნელს კიდევ მეტად აცოფებდა. ამ პირობებში, არმინე ოთხჯერ დაორსულდა და ოთხჯერვე მედიკამენტოზური აბორტი გაიკეთა. ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებების შესაძენად მას ფული არ ჰქონდა, აბორტისთვის საჭირო წამლებსაც ქმარი ყიდულობდა.

„ერთხელაც, ნაცნობი ქალი გვესტუმრა. მას ყველაფერი ვუამბე, და გაქცევაში დამეხმარა. ღამით, ხელი დავავლე ბავშვს, გავემართე პირდაპირ აეროპორტში და ჩამოვედი სომხეთში“, – იხსენებს იგი.

გოგონამ გადაწყვიტა, პოლიციისთვის არ მიემართა, რადგან დარწმუნებული იყო, რომ ამისგან არაფერი გამოვიდოდა. მას კიდევ იმის ეშინოდა, რომ ქმარი შურს იძიებდა.

„ადამიანები ისევ მე განმსჯიდნენ, იტყოდნენ, რომ ორ სრულიად სხვადასხვა კაცს მე თვითონ ვერ შევეგუე. დამნაშავე და უზნეო გამოვიდოდი ისევ მე“.

დუმილი სირცხვილის გამო

მონაცემების მიხედვით, სომხეთში 2016 წელს ქალთა მიმართ სექსუალური ძალადობის 112 შემთხვევაა აღრიცხული, 2017 წელს კი – 94.

მაგრამ, სექსუალური ძალადობის მსხვერპლები სამართალდამცავ ორგანოებს ხშირად საერთოდ არ მიმართავენ. უფლებადამცველი ზარა ოვანესიანი კოალიციიდან „ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ“, ამბობს, რომ ეს სექსუალურ ძალადობაში მაპროვოცირებელის როლში გამოყვანისა და შერცხვენის შიშის გამო ხდება.

„სომხეთში ეს თემა ტაბუირებულია და სასირცხვილოდ ითვლება. ქალს ეშინია, რომ მას მომხდარში დაადანაშაულებენ და ეტყვიან, რომ ძალადობა დაუშვა, არასწორ ადგილას ან გარემოში  მოხვდა, სადაც პატიოსანი ქალის ადგილი არაა“, – ამბობს იგი.

ამ თვალსაზრისს ეთანხმება ნელი დურიანი, სომხეთის პოლიციის სისხლის სამართლის სამძებროს მთავარი სამმართველოს პოლკოვნიკი. მისი თქმით, ეს ადგილობრივი ქალების მენტალიტეტის გამო ხდება. „მათთვის უკიდურესად მოუხერხებელია, ადგნენ და ილაპარაკონ იმაზე, თუ რა მოხდა კონკრეტულად. ამის გამო, მსგავს საქმეებზე მხოლოდ საგანგებოდ გაწვრთნილ სპეციალისტებს ვგზავნით. ოთახში საუბარს მაქსიმუმ ორი თანამშრომელი ესწრება, რათა მსხვერპლმა ზეწოლა არ იგრძნოს“, – განმარტავს იგი.

პოლკოვნიკი ამბობს, რომ ბოლო წლებია, რაც ადგილობრივი ქალები უფრო თამამები გახდნენ და პოლიციას უფრო ხშირადაც მიმართავენ. დურიანი აღნიშნავს, რომ ერევნის პოლიციის განყოფილებაში მალე საგანგებო ოთახს გააკეთებენ გეზელის სარკით (ცალმხრივი ხედვის სარკე). ამის დახმარებით, ოთახში ქალი ერთ პოლიციელთან იქნება, ხოლო დანარჩენები პროცესს თვალყურს სარკის მეორე მხრიდან ადევნებენ.

„სომხურ ტრადიციებს არ მივდევ“

„შემიყვარდა და ცოლადაც გავყევი. ცხოვრება მშვენიერი იყო. ქმარი მაღმერთებდა, ჩემს სურვილებს მყისვე ასრულებდა. ისიც კი გადამავიწყდა, რას ნიშნავდა სიტყვა „არა“. ორსულობის დროს, ხელში ატატებული დავყავდი. მოკლედ, ჩემი ცხოვრება ზღაპარს ჰგავდა, შემდეგ კი ჯოჯოხეთს დაემსგავსა“, – გვიამბობს ლილითი.

ზღაპარი ბავშვის დაბადებამდე გაგრძელდა. ამის შემდეგ, ქმარი მკვეთრად შეიცვალა. ბავშვის დაბადებიდან რამდენიმე დღეში, როცა ლილითი ბავშვს ძუძუს აჭმევდა, ქმარი მიუახლოვდა, ბავშვი საწოლზე დააწვინა. „ბობოქარი სექსი“ ჰქონდათ. ეს რამდენიმეჯერ განმეორდა. თავიდან, ქალს ეს ყველაფერი მოსწონდა.

„სულ მალე, მას რაღაც გადახრები შევამჩნიე. საწოლში იმის კეთებას მაიძულებდა, რაც ტკივილს მაყენებდა და არ მსიამოვნებდა. თუ შევეწინააღმდეგებოდი, მაბამდა და თავის საქმეს ასე აგრძელებდა“. ლილითის თქმით, დაახლოებით ექვსი თვის მანძილზე უძლებდა ქმრის მხრიდან წამოსულ სექსუალურ ძალადობას. ნათესავებს არაფერს ეუბნებოდა, რადგან თავისი ინტიმური პრობლემების სხვებთან გარჩევა არ შეეძლო.

გოგონას ოჯახის შენარჩუნება სურდა და ქმარს სთხოვა, სექსოლოგი და ფსიქოლოგი მოენახულებინა, მაგრამ, ამ უკანასკნელმა უარი უთხრა.

„დღეს რომ ცოცხალი ვარ, მხოლოდ იმიტომ, რომ სომხურ ტრადიციებს არ გავყევი, „განქორწინებული ქალის“ იარლიყის არ შემეშინდა და ქმარს გავეყარე. პოლიციისთვის არ მიმიმართავს. მაშინ სულაც არ მსურდა, რომ ჩემი ისტორიის შესახებ სხვებს სცოდნოდათ“.

ლილითს საშუალება ჰქონდა, ბავშვთან ერთად ნაქირავებში გადასულიყო. იგი ამბობს, რომ მისი ყოფილი ქმარი რამდენჯერმე შეეცადა ურთიერთობების აღდგენას, მაგრამ უარი მიიღო. ლილითი დარწმუნებულია, რომ მას ძალიან გაუტკბა სექსუალური ძალადობა და სასტიკად ექცევა ამჟამინდელ ცოლსაც.

„პირადად მე ამ ქალს არ ვიცნობ, მაგრამ სიმპათიური გოგო იყო, როცა სოფლიდან ქალაქში ჩამოვიდა. გათხოვების შემდეგ ერთი-ორჯერ შემთხვევით ქუჩაში შემხვდა. საშინლად გამხდარია, მოკაკული, ყელი დაფარული აქვს. როცა ქმართან ვცხოვრობდი, ყელი მეც ყოველთვის დაფარული მქონდა, რადგან თავისი მსხვილი თითებით ყელში სულ მიჭერდა, ჩემი დახრჩობა უნდოდა. ასე ამბობდა, მკვდართან სექსზე ვოცნებობო“, – იხსენებს ლილითი.

ცვლილებები ოჯახში ძალადობის შესახებ კანონში

შარშან სექტემბერში, სომხეთის იუსტიციის სამინისტრომ განსახილველად გამოიტანა კანონპროექტი „ოჯახში ძალადობის პრევენციისა და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვის შესახებ“. პაკეტის მიღების შემთხვევაში, დარეგულირდებოდა სამართლებრივი ბაზა ოჯახში ძალადობის პრევენციისათვის, მსხვერპლთა უსაფრთხოებისა და დაცვისათვის, ასევე, სამართალზე ხელმისაწვდომობა, რაც მოქმედ კანონმდებლობაში არ არსებობს.

უფლებადამცველები კოალიციიდან „ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ“ აცხადებენ, რომ კანონის მიღება ოჯახში სასტიკი მოპყრობის შემთხვევების შემცირებას გამოიწვევდა.

მაგრამ, ჩასწორებებს მოწინააღმდეგეები ჰყავს. რამდენიმე დეპუტატს მიაჩნია, რომ სომხეთში ეს საკანონმდებლო პროექტი „ევროკავშირის მიერაა თავსმოხვეული“ და „შექმნილია ოჯახების დასანგრევად და ბავშვების მშობლებისგან დასაშორებლად“.

2017 წლის დეკემბერში, ხანგრძლივი დებატების შემდეგ, დამტკიცდა კანონპროექტის შეცვლილი ვარიანტი, რომელსაც ამჟამად ჰქვია „ოჯახში ძალადობის პრევენციის, ოჯახში ძალადობას დაქვემდებარებული ადამიანების დაცვისა და ოჯახში სოლიდარობის აღდგენის“ კანონი.

უფლებადამცველებმა, რომლებიც ადრე მხარს უჭერდნენ ამ კანონპროექტს, მისი სახეცვლილი ვერსიის წინააღმდეგ გალაშქრეს. მათი თქმით, კანონპროექტის ძირითადი არსი შეცვლილია.

კოალიციის წევრებისთვის პრობლემაა როგორც კანონპრექტის სახელწოდების, ასევე მისი კონცეფციის ცვლილება. მიღებულ კანონში, ტერმინი „ფიზიკური ტკივილის მიყენება“ ჩანაცვლდა „განზრახ ფიზიკური ტანჯვის მიყენებით“. სიტყვათშეხამება „ფიზიკური ტანჯვა“ სომხეთის სისხლის სამართლის კოდექსში არ გამოიყენება და შესაბამისად, იურიდიული ძალა არ გააჩნია.

„ოჯახის წევრისთვის „ფიზიკური ტანჯვის“ მიყენება ფიზიკური ძალადობის დეფინიციაში არ ჯდება. ამგვარად, მსხვერპლს კანონი ვერანაირად ვერ დაიცავს. ანუ, თუ ქალი ძალადობასა და ფიზიკურ ტკივილს ექვემდებარება, მაგრამ დანაშაულის კვალი სხეულზე არ აღენიშნება, ე. ი. დანაშაულიც არ დაისჯება“, – ამბობს ზარა ოვანესიანი და დასძენს, რომ კანონის თავდაპირველი ვერსია მსხვერპლთა დაცვას ეხებოდა, ახლა კი, მისი მთელი არსი „ოჯახის მხარდაჭერაში“ მდგომარეობს.

წყარო: oc-media.org