ოჯახში ძალადობა / სექსუალური ძალადობა

ფრანგ ქალს იმ კაცის მკვლელობისთვის ასამართლებენ, რომელიც მას 12 წლიდან აუპატიურებდა

საფრანგეთში ნახევარ მილიონზე მეტმა ადამიანმა მოაწერა ხელი პეტიციას ვალერი ბაკოს შეწყალების მოთხოვნით. მან მოკლა კაცი, რომელიც თავდაპირველად მისი მამინაცვალი იყო, შემდეგ კი – ქმარი და სუტენიორი.

40 წლის ვალერი ბაკოს სასამართლო ცენტრალურ საფრანგეთში, შალონ-სიურ-სენში გაიმართება. განაჩენის გამოცხადება ერთ კვირაში იგეგმება.

ბაკო 12 წლის იყო, როდესაც დედამისის პარტნიორმა, 37 წლის დანიელ პოლეტმა მისი სისტემატური გაუპატიურება დაიწყო.
შემდეგ, პოლეტი ციხეში იჯდა, სამი წლის შემდეგ კი, როდესაც გათავისუფლდა, ძველ ძალადობას დაუბრუნდა.

17 წლის ვალერი დაორსულდა. დედამ იგი და პოლეტი სახლიდან გაყარა, და მათ ერთად ცხოვრება დაიწყეს.

პოლეტი ცოლს აიძულებდა, სექსუალური მომსახურება გაეწია მძღოლებისთვის მისსავე მიკროავტობუს Peugeot-ში, უარის მიღების შემთხვევაში კი გოგონას პერმანენტულად მოკვლით ემუქრებოდა.

როგორც გამოძიებამ დაადგინა, პოლეტი ქალს მუდმივად სცემდა, უმტვრევდა ცხვირს, აბჯენდა პისტოლეტს, ერთხელ კი თავში ჩაქუჩიც ჩაარტყა.

ბაკო ყვება, რომ ფაქტობრივად ციხეში ცხოვრობდა. ქმარი მას ნებისმიერ ადამიანთან კონტაქტს უკრძალავდა და მის სათვალთვალოდ ახლობლებსაც აგზავნიდა.

ბაკომ პოლეტისგან ოთხი შვილი გააჩინა. იგი ამბობს, რომ ბავშვებმა მამაზე ჟანდარმებს ორჯერ შესჩივლეს, მაგრამ ამ უკანასკნელებმა არასრულწლოვნებთან საუბარს თავი აარიდეს და უთხრეს, რომ საჩივლელად მათი დედა მისულიყო.

ერთ-ერთმა ბავშვმა ერთხელ მამამისის მიერ დედისთვის შეკვეთილ სავიზიტო ბარათს მოჰკრა თვალი და ვალერის ჰკითხა, რას ნიშნავდა “ესკორტ-გოგონა”.

როდესაც მოძალადემ სექსის თემებზე მათ 14 წლის გოგონასთან დაიწყო საუბარი, ვალერიმ გადაწყვიტა, რომ მეტის მოთმენა აღარ შეეძლო.

2016 წლის 13 მარტს, მორიგ კლიენტთან შეხვედრის შემდეგ, მან დანიელ პოლეტი კეფაში ერთი გასროლით მოკლა იმ პისტოლეტით, რომელიც მანქანაში ინახებოდა.

ორი უფროსი შვილის დახმარებით, მან გვამი გადამალა, მაგრამ 2017 წლის ოქტომბერში, იგი იპოვეს. ბაკომ ჩადენილი მკვლელობა აღიარა და ორწლიანი წინასწარი პატიმრობის შემდეგ, პირობით გამოუშვეს.

ამ დროის მანძილზე, ქალმა 198-გვერდიანი წიგნი დაწერა, სათაურით “ყველამ იცოდა”, რომელიც გამომცემლობა Fayard-მა ახლახან გამოაქვეყნა.

“მე ეს უნდა დამესრულებინა – გამუდმებით შიშში ცხოვრება”, – წერს ვალერი.მას მიაჩნია, რომ სასჯელს იმსახურებს, მაგრამ შემამსუბუქებელ გარემოებად იმასაც დასძენს, რომ ამ ძალადობისგან თავის დაღწევა მას არ შეეძლო, რადგან არ გააჩნდა საკუთარი სახსრები, პოლეტს კი ბავშვების დახოცვა შეეძლო.

“მან მოკლა, მაგრამ იგი მკვლელი არაა. მას ძალადობისკენ უბიძგეს, 25 წლის მანძილზე თავად ცხოვრობდა ძალადობის პირობებში და ჰქონდა შიში იმისა, რომ მისი გოგონაც მის ბედს გაიზიარებდა. ასეთი ქალები დაუცველნი არიან. სასამართლო სისტემა ზედმეტად ნელი და დამნაშავეების მიმართ კეთილგანწყობილია”, – ამბობსადვოკატი ჯანინ ბონაგუნტა.

ჯანინ ბონაგუნტა და ნატალი ტომაზინი იცავდნენ 2013 წელს სხვა ქალს, ჟაკლინ სოვაჟს, რომელიც ოჯახში ძალადობასთან ბრძოლის ეროვნულ სიმბოლოდ იქცა. ალკოჰოლიკი ქმარი გამუდმებით სცემდა მას და ბავშვებს, და მას შემდეგ, რაც ვაჟმა თავი ჩამოიხრჩო, ჟაკლინმა ოჯახის ტირანი მოკლა. მას 10 წელი მიუსაჯეს, 3 მოიხადა და პრეზიდენტმა ოლანდმა შეიწყალა.

აღსანიშნავია, რომ საფრანგეთი ევროპაში ფემიციდის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებლით გამოირჩევა. ამ წელს, მოკლულია 55 ქალი, მათ შორის სამი – ბოლო კვირას.

theguardian.com